ზაზა სარალიძე: “პროკურორ ფხაკაძეს ვკითხე, რატომ არ იყო მიხეილ კალანდია დაკავებული” – რისი გარკვევა სურდა შვილმკვდარ მამას პროკურორებთან 

ზაზა სარალიძე: "პროკურორ ფხაკაძეს ვკითხე, რატომ არ იყო მიხეილ კალანდია დაკავებული" -  რისი გარკვევა სურდა შვილმკვდარ მამას პროკურორებთან სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი პროკურატურას სკანდალური კადრების გასაჯაროებით ემუქრება. საუბარია ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებზე, რასაც “ოცნება” წლებია, უარყოფს.
კუპრავამ იმ სატელეფონო საუბრებზეც ისაუბრა, რომლებიც მას და მირზა სუბელიანის სიმამრს შორის შედგა. ამ საუბარში კადრების გადაცემაზეა საუბარი.
ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, პროკურატურამ ზვიად კუპრავა გამოკითხვაზე დაიბარა. გამოკითხვა გუშინ, 19 აპრილს, შედგა.
პროკურატურასთან მისთვის სოლიდარობის გამოსახატად მივიდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. ის და კუპრავა მეგობრები არიან.
პროკურატურასთან მისულმა შვილმკვდარმა მამამ გადაწყვიტა, ხორავას საქმის პროკურორიც ენახა და რაღაც დეტალები გაერკვია. მისი და პროკურორების შეხვედრა ხმაურიანად დასრულდა.
რა პრეტენზიები წაუყენეს შვილმოკლულ მამას, რას აპირებს ის მომავალში და რას ითხოვს გამოძიებისგან? – ამის შესახებ ზაზა სარალიძე “ახალ თაობას” ესაუბრება.
ზაზა სარალიძე:
– 19 აპრილს ჩემი მეგობარი ზვიად კუპრავა პროკურატურაში იყო გამოკითხვაზე დაბარებული. იქ მისთვის სოლიდარობის გამოსახატავად მეც მივედი. ზვიადი საქმის ჭეშმარიტად გამოძიებაში მეხმარება. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ მას გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი და მედიასთან ურთიერთობა შეუზღუდეს. ამით ისინი ვერც ზვიადს გააჩერებენ. ვერც მე და ვერც – მედიას.
ის ტრაგედია, რაც ხორავას ქუჩაზე დატრიალდა მარტო ჩემი ოჯახის ტრაგედია არაა. ამ სასტიკი მკვლელობის შემდეგ, საქართველოში ისევ გრძელდება მკვლელობები.  ხოცავენ არასრულწლოვანებსაც და სრულწლოვანებსაც. ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, ოღონდ მომავალში აღარავინ მოკლან.
რადგან პროკურატურასთან ვიყავი მისული, მოვითხოვე ჩემი საქმის პროკურორთან, ზვიად ფხაკაძესთან შეხვედრა. მასთან რაღაცის გარკვევა მინდოდა.
– შეგიძლიათ გვითხრათ, რის გარკვევას აპირებდით?
– რამდენიმე კითხვა მქონდა. კერძოდ, მაინტერესებდა, რატომ არ იყო მიხეილ კალანდია დაკავებული. ამ შემთხვევაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი არ მქონდა მხედველობაში. ამაზე როცა ვსვამ კითხვას, მეუბნებიან, რომ საქმე ძიებაშია.
ამჯერად კითხვა კალანდიას მიერ ჩვენების შეცვლაზე დავსვი. მიმდინარე წლის 11 აპრილს, სასამართლო პროცესზე დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ წინასაგამოძიებო ჩვენებების, კერძოდ, გასული წლის 3 დეკემბერს მიცემული ჩვენების დროს, მასზე განხორციელდა ზეწოლა.
– თქვა, ვინ განახორციელა ზეწოლა? ან რა ზეწოლაზე იყო საუბარი?
– მისი თქმით, ძალოვანები აგინებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ისიც თქვა, რომ მამამისი სცემეს და რაღაც ფაქტებით აშანტაჟებდნენ. როგორც კალანდიამ სასამართლოზე განაცხადა, მისგან ძალოვანები მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას ითხოვდნენ.
13 აპრილს, როდესაც განახლდა მისი დაკითხვის პროცესი, სანამ კითხვებს დაუსვამდნენ, თავად წამოდგა და განცხადება გააკეთა. მან სასამართლოს მოახსენა, რომ ის, რაც 11 აპრილს თქვა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. დაისვა კითხვა, რატომ თქვა ტყუილი სასამართლოზე, უპასუხა, ჩემი მეგობრების დაცვა მინდოდაო.
– მეგობრები როგორ უნდა დაეცვა?
– გამოძიების ჩიხში შეყვანით, თავად ასე თქვა. 11 აპრილს თუ თავისი მეგობრების დახმარება სურდა, 13 აპრილს რატომ გადაწყვიტა ჩემი შვილის დახმარება. 2 დღით ადრე თუ ბრალდების წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას, 2 დღის შემდეგ რატომ დადგა მათ გვერდით. აშკარაა, მასზე ვიღაცამ ზეწოლა განახორციელა.
იმ დღეებში მედიაშიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასზე ზეწოლა მირზა სუბელიანმა განახორციელა. გაზეთ “ვერსიას” სარწმუნო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სუბელიანი მათთან სახლში იყო მისული. ეს უკანასკნელი მიხეილ კალანდიას დეიდის ქმარია.
მედიაში წერდნენ, რომ კალანდიების სახლში დიდი შეხლა-შემოხლა იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც განახორციელეს მასზე ზეწოლა და მანაც 13 აპრილს შეცვალა ჩვენება.
მოსამართლემ დაუსვა კითხვა, თქვენი რომელი ჩვენებაა სარწმუნოო. ამაზე კალანდიამ უთხრა, დღეს რასაც ვიტყვი, ისო. ამაზე მოსამართლემ ასეთი რამ განაცხადა: სამწუხაროდ, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, პროკურორები აქ არიან და ისინი მოუძებნიან სამართლებრივ ფორმასო. საგამოძიებო უწყებას, სამწუხაროდ, არანაირი სამართლებრივი ფორმა არ მიუცია ამისთვის. მიხეილ კალანდია ისევ გარეთ დადის. ჩვენების შეცვლა სისხლის სამართლის დანაშაულია. თუმცა, ჩვენი პროკურატურა თურმე ასე არ ფიქრობს.
აი, ამის გასარკვევად შევედი ჩემი საქმის პროკურორთან. მაინტერესებდა, რატომ არ დააკავეს კალანდია ჩვენების შეცვლის გამო. ჩემმა კითხვამ პროკურორი ზვიად ფხაკაძე გააღიზიანა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, თავიდან მითხრა, ამ კითხვას რომ სვამ, რა იცი, დაკავებული რომ არ არისო. ეს რომ მითხრა, გამეხარდა და ვიფიქრე, გონზე მოსულა ეს ხალხი. ფხაკაძემ იქვე დამიკონკრეტა, დაკავებული არაა, თავდებითაა გამოსული და მისი საქმე ძიებაშიაო.
ამაზე გავბრაზდი და ვუთხარი, რაა ძიებაში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი რომ ძიებაშია, ვიცი, მაგრამ მე მაინტერესებს, რატომ არაა დაკავებული კალანდია ჩვენების შეცვლის გამო. პროკურორისგან იგივე პასუხი მივიღე – საქმე ძიებაშია.
ამაზე მწვავე რეაქცია მქონდა. ამ რეაქციამ ოთახში მყოფი პროკურორები გააღიზიანა.
– სხვა პროკურორებიც ესწრებოდნენ თქვენი და ფხაკაძის შეხვედრას?
– დიახ. ოთახში იყო კიდევ ერთი პროკურორი ინა გუგუშვილი. მან მითხრა, შენ საეჭვოდ ლაპარაკობო. მოვთხოვე დაეკონკრეტებინა, რაში გამოიხატებოდა ჩემი საეჭვო ლაპარაკი. მითხრა, რასაც დაცვის მხარე ლაპარაკობს, იმას ლაპარაკობ შენცო ანუ წინასწარ ხართ მოლაპარაკებულიო.
ამაზე სულ გადავირიე და პროკურორებს მივმართე, თქვენ ნორმალურები თუ ხართ-თქო. რა გამოდის, ჩემი შვილის ორი მკვლელი ქუჩაში თავისუფლად დადის და ვიღაც მაძალებს იმის თქმას, რომ დამნაშავეები დაიჭირეთ? ვუთხარი, რომ ისინიც დამნაშავეები იყვნენ.
ამის შემდეგ წამოვედი. ოთახიდან გამოსვლისას მივბრუნდი და დავამატე, სანამ დროა, გონს მოეგეთ. იქ მყოფმა კიდევ ერთმა პროკურორმა, რომლის გვარიც არ ვიცი, ასე მომმართა, შენ რამდენს და რა ხმამაღლა ყვირიხარო.
ვუთხარი, რას ჰქვია ვყვირივარ? რას მიზამთ ამის გამო? თუ გინდათ, დამიჭირეთ, თუ გინდა, მომკალით. დაჭერის შემთხვევაში თავად გავაგრძელებ ამ საქმეს, სიკვდილის შემთხვევაში ვიღაც გამოჩნდება და ის მიიყვანს ამას ბოლომდე. ისიც დავამატე, მართალია, რაღაცებს ხლართავთ, მაგრამ დრო მოვა და ყველაფერი სააშკარაოზე გამოვა.
ვურჩიე, გირჩევნიათ, თავად გამოიტანოთ ყველაფერი სააშკარაოზე, სანამ თავად დამიწყია სამართლის აღსრულება არასამართლებრივი გზებით. ეს იყო ჩემი ბოლო სიტყვები და წამოვედი.
– წამოსვლის შემდეგ პროკურატურიდან არ შეგხმიანებიან?
– ვინ გაბედავდა დარეკვას? არავის დაურეკია.
– მე ბოდიშის მოხდის მიზნით დარეკვა მქონდა მხედველობაში.
– რას ლაპარაკობთ, რა ბოდიში, იქეთ ახდენენ ზეწოლას. აქვე მინდა გამოვეხმაურო თბილისის მთავარი პროკურორის მალხაზ კაპანაძის განცხადებას,  რომელმაც თქვა, რომ მანიპულირება ხდება დაზარალებულებით.
მივმართავ კაპანაძეს, დიახ, ხდება მანიპულირება, თქვენი უწყება ახორციელებს ამას და აქეთ მთხოვენ გამოძიების ჩატარებას.
ეს საქმე მაინც გაიხსნება და მკვლელებიც დაისჯებიან, იმედი მაქვს, რომ საზოგადოება გვერდში დამიდგება. აქამდე ჩემი მეგობრები სასამართლოზეც კი არ მიმყავდა. ჩემი შვილის მეგობრებსაც ვუკრძალავდი იქ მოსვლას. ძალიან აგრესიულად არიან განწყობილი და არ მინდა, იქ კიდევ რაიმე უბედურება დატრიალდეს.
ახლა მარტო აღარ ვიქნები, საზოგადოებასაც ვთხოვ გვერდში დადგომას. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვითხოვ, რომ ჩემი შვილის მკვლელები ციხეში წავიდნენ. საზოგადოებამ იმიტომ უნდა იაქტიუროს, რომ ასეთი დანაშაული აღარ მოხდეს. უკვე გითხარით, დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, ოღონდ სხვის შვილებს ნუღარ მოკლავენ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა