„გამიკვირდა, კლუბთან რატომ დამიბარა? პოლიცია წარსულით აშანტაჟებდა“ – რას აცხადებს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 23 წლის ბორის დარახველიძე და ვინ არის აზიტა ზაკერი

12 მაისს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირიდან ასაკით ყველაზე უმცროსი, 23 წლის ბორის დარახველიძეა. მისი ადვოკატი, ნინო ლალიაშვილი „ნიუპოსტთან“ ირწმუნება, რომ დარახველიძე პროვოკაციის მსხვერპლია.

გამოძიება ახალგაზრდას სამ ეპიზოდს ედავება, ბრალდება კი იმდენად მძიმეა, რომ მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტის წინააღმდეგ ერთადერთი ჩვენება არსებობს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქემ მისცა.

ჩვენი ინფორმაციით, ბორის დარახველიძე აზიტა ზაკერმა ამხილა. ქალი სამართალდამცავებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომ დარახველიძე 22 მარტს ნახა, ახალგაზრდამ კი “ექსტაზის” 5 აბის 700 ლარად ყიდვა შესთავაზა და ნარკოტიკული საშუალების „ბასიანში“ მიტანას დაჰპირდა.

ამ შეხვედრის შემდეგ ზაკერი პოლიციაში წავიდა და აგენტ-პროვოკატორი გახდა. მისი მხრიდან გაკეთდა სამი საკონტროლო შესყიდვა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ბრალდებული ჩაიწერა, ვიდეო კი მტკიცებულების სახით საქმის მასალებს დაერთო.

ნინო ლალიაშვილი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ პროკურატურის ოქროს მოწმე პოლიციამ მოისყიდა და მისი წარსულით აშანტაჟებს. ადვოკატის განცხადებით, აზიტა ზაკერს ნარკოტიკებთან შეხება თავადაც ჰქონდა.

– ჩემი ვარაუდით, თავის დროზე, ეს გოგონა დააკავეს, რომელსაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა. სავარაუდოდ, გარკვეული შეღავათის პირობით დაითანხმეს, ჩვენება მიეცა. უთხრეს, რომ ნარკორეალიზატორთან გაეყვანათ, მას სხვა გზა არ ჰქონდა და გაიყვანა ნაცნობთან.

რაც შეეხება ნარკოტიკის გადაცემის ფაქტს, საქმის მასალებში არ მტკიცდება, რა გადასცა დარახველიძემ აღნიშნულ ახალგაზრდა ქალს. ეს ექსპერტიზის მსჯელობის საგანია, რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით.

ამ გოგონამ დარახველიძე თავად დაიბარა კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამი ვიდეო ფირია და სამივეში ჩანს, რომ რაღაცას გადასცემს, ამიტომ აქვს დარახველიძეს მძიმე დანაშაული წაყენებული – დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მხოლოდ აღნიშნული ქალბატონის ჩვენება დევს, რომელიც თვითონვე შემჩნეულია მსგავს ქმედებებში, – აღნიშნა ადვოკატმა.

ნინო ლალიაშვილის თქმით, ბორის დარახველიძე აცხადებს, რომ აზიტა ზაკერს იცნობს, თუმცა მისთვის ნარკოტიკული საშუალებები არ გადაუცია.

– ბორისს მოხმარება დაუდგინდა, მას მარიხუანა და კლუბური ნარკოტიკი – „ექსტაზი“ ჰქონდა მიღებული, თუმცა ამბობს, რომ არასდროს არ გადაუცია აღნიშნული გოგოსთვის ნარკოტიკული საშუალება. ამბობს, მე თვითონაც გამიკვირდა, რომ კლუბთან დამიბარაო, – თქვა დაცვის მხარის წარმომადგენელმა.

ნინო ლალიაშვილის თქმით, დარახველიძე ნასამართლევი არ აყო და პირადი კარიერის მოწყობით იყო დაკავებული. ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხვა დაკავებულებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

– „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“ ნამყოფი ვარ, მაგრამ არცერთ მათგანს არ ვიცნობო. არ იყო ისე, რომ ბორისი კლუბებში ათენებდა, ხშირი სტუმარი არც იყო. ახლა მოდის აზრზე და სვამს კითხვას, მაინცდამაინც კლუბის წინ რატომ დამიბარა აღნიშნულმა გოგონამო.

სიტყვაზე, რომც იყოს ნარკორეალიზატორი, სად ჰეროინი და სად კლუბური ნარკოტიკის გადაცემა?! – მაგრამ ერთნაირი დასჯადობაა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ვნახოთ, რა შედეგს მოგვცემს ექსპერტიზა.

23 წლის სტუდენტი ბიჭია, ერთი ინსტიტუტია და მეორე უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტზე მოხვდა, – დასძინა ადვოკატმა.

12 მაისს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეს და 8 ბრალდებულს: გიორგი მამუკელაშვილს, ლაშა მამულაიშვილს, ვიქტორ ჟამუტაშვილს, თორნიკე ჩუტკერაშვილს, ჯემალ ელიავას, მიხეილ მიქაძეს, ბორის დარახველიძეს და ქეთი მურუსიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არც ერთი დანაშაულს არ აღიარებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018