გიგა ბუკია – “ეკლესიასთან მებრძოლებს სრული ფიასკო ელით”

“რუსთავი 2”-ისა და საქართველოს საპატრიარქოს დაპირისპირებაზე “ახალი თაობა” ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობის “კონსერვატორების” ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკიას.
გიგა ბუკია:
– საპატრიარქოს “რუსთავი 2”-მა და მისმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ახალი ძალით შეუტიეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ტელევიზიას ძალიან უნდა ვითარების გამწვავება ქვეყანაში. იმისათვის, რომ ხალხი სტრესში ამყოფოს, გამოიწვიოს დაპირისპირება, გამოიყენება ყველა დაშვებული და დაუშვებელი მეთოდი. ეს არხი ღიად ცდილობს საზოგადოების პოლარიზაციას რელიგიური, პოლიტიკური და კუთხური თემების მანიპულირებით და პროვოკაციებით. ამჟამად წამოწეულია მგრძნობიარე რელიგიური საკითხები. საზოგადოებას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე მძაფრი რეაქცია აქვს. ადამიანებს ვურჩევ, მარტივი გამოსავალი იპოვონ.
– მარტივი გამოსავალი რაში მდგომარეობს?
– მოქალაქეებს ვურჩევ, საკითხი ღილაკის დაჭერით გადაწყვიტონ. თუ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ, მის გრძნობებს ლახავენ, მას შეუძლია უბრალოდ აღარ უყუროს იმას, ვინც მავნე ტელეპროდუქტს სთავაზობს. თუ ტელევიზიას მაყურებელი არ ეყოლება, ის მავნებლობას თავს დაანებებს. საუბედუროდ, “რუსთავი 2” გადაიქცა დეზინფორმაციისა და ესკალაციის მთავარ წყაროდ ქვეყანაში. ამას ხელს უწყობენ მისი მესვეურები.
– ამ ტელევიზიის მესვეურები ახსენეთ და საკმაოდ მოზომილი იყო ამ მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის კომენტარი..
– სააკაშვილი ერკვევა პოლიტტექნოლოგიებში. მან თქვა ის, რაც მისთვის პოლიტიკურად მომგებიანია. ეს იგივეა, როცა ერთმანეთს ადარებენ კარგ და ცუდ პოლიციელს და ასე აღწევენ მიზანს. ცუდ პოლიციელზე აქცენტი კეთდება იმისთვის, რომ სხვა პოლიციელი კარგი გამოჩნდეს. სააკაშვილის ცბიერი გამოხდომები და ხალხის შეცდომაში შეყვანა ქვეყანამ ბევრჯერ გამოსცადა. საზოგადოება ბევრ რამეში გაერკვია, თუმცა, მისმა “მოზომილმა” კომენტარებმა შეიძლება რომელიმე ადამიანი ისევ გააცუროს. სინამდვილეში, “რუსთავი 2” აკეთებს იმას, რაც უნდათ მის მესვეურებს. ეს გაბუნიას გეგმა არ არის.
– რა მიზანი ამოძრავებს სააკაშვილს?
– უცხოეთში მყოფი სააკაშვილი რჩება ნაციონალური მოძრაობის ფაქტობრივ ლიდერად. ეს პარტია არჩევნების გზით ვერ მოვა ხელისუფლებაში. ამიტომ ხდება დაძაბულობის პროვოცირება. ამღვრეულ წყალში უნდათ თევზის დაჭერა. სხვა საქმეა, აამღვრევენ თუ არა სერიოზულად წყალს და დაიჭერენ თუ არა თევზს ამ წყალში.
– არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-თან მიმართებით იზღუდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
– ამაში ისინი ეკლესიას ადანაშაულებენ, რაც აბსურდია. ზოგიერთს ჰგონია, რომ ეკლესიის ლანძღვაა სიტყვის თავისუფლება და ამის წინააღმდეგ ხმის ამოღებით უფლებები ილახება. საპატრიარქომ რომ მოუწოდა სამღვდელოებას, არ მიიღონ მონაწილეობა ამ ტელეკომპანიის გადაცემებში, ესაა გამოხატვის შეზღუდვა? ამას რომ წინ უძღოდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, ამაზე რატომ არაფერს ამბობენ? თუ ამ საკითხზე მშვიდობიანი რეაგირებაც დასჯადია?
არასამთავრობო სექტორს ღირსეული ნაწილიც ჰყავს, მაგრამ აქ არიან ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც აზრზე არ არიან, რას ლაპარაკობენ და აკეთებენ. ისინი კითხულობენ სხვის დაწერილს და ასრულებენ სახიფათო დავალებებს.
არც ისე დიდი ხანია, რაც სუს-მა გამოაქვეყნა სერიოზული ანგარიში. მასში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც მიზანმიმართულად აღვივებენ დაძაბულობას ქვეყანაში. ასეთები შეურიგებლები არიან იმათ მიმართ, ვინც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს რომელიმე სხვა ტერმინით მოიხსენიებს. ისინი თავს ასაღებენ უმცირესობების დამცველებად, იმავდროულად, ღიად ებრძვიან მართლმადიდებელ ეკლესიას და ცდილობენ მის დისკრედიტაციას. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებენ აგრესიულად და ორმაგი სტანდარტებით.
– საპატრიარქოს აზრით, 17 მაისის შემდეგ ეკლესიას ახალი ძალით შეუტიეს.
– ეს მარგინალური ძალები ეკლესიას ვერაფერს დააკლებენ. ეკლესიასთან მებრძოლებს სრული ფიასკო ელით. ამ ახალგაზრდებმა ისტორია რომ იცოდნენ, მიხვდებოდნენ, რომ ისინი ახალს არაფერს ამბობენ. ქრისტიანებს საუკუნეების წინაც დევნიდნენ. ჩვენ მოვესწარით კომუნისტების მმართველობას, როცა კომუნისტები და კომკავშირელები ცდილობდნენ ეკლესიის დისკრედიტაციას და ავიწროებდნენ მორწმუნეებს. მანამდე ბოლშევიკები ანგრევდნენ ეკლესიებს.
ისინი, ვისი სამიზნე ახლა ეკლესიაა, თანამედროვე კომკავშირელები არიან. მეთოდებიც ძველი აქვთ. ასეთ მეთოდებს, კერძოდ, ცრუ ინფორმაციების გავრცელებას, სახელის გატეხვას, აგრესიას საბჭოური კგბ იყენებდა. ახლანდელი კომკავშირი მცირერიცხოვანი მარგინალური ჯგუფია, რომელიც მიზანს ვერ მიაღწევს. ეკლესიას ბევრი რამ მოუნელებია და ამასაც გაუძლებს.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018