თამარ კორძაია – “გახარია ორმაგი სტანდარტებით საუბრობს”

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი თამარ კორძაია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნარკოპოლიტიკაზე საუბრობს.
– ქალბატონო თამარ, “ქართული ოცნების” წევრები და ბიძინა ივანიშვილი პარტიის ოფისში შეკრებილნი იყვნენ და ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობდნენ. გუნდში პოზიციები ერთგვაროვანი არ არის. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, შეიცვლება არსებული ნარკოპოლიტიკა?
– ჩვენ, რესპუბლუკელებს, ძალიან დიდი ხანია, რაც ჩვენი პოზიცია გაცხადებული გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა არსებობდეს ნარკომომხმარებლებთან მიმართებით, რაც შეეხებათ მარიხუანის მომხმარებლებს, მათ მიმართ სრული დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. სახელმწიფო მრავალმხრივად უნდა მუშაობდეს და უნდა აკონტროლებდეს ნარკოტიკების შემოდინებას ქვეყანაში. თუ აქამდე მივა “ქართული ოცნება”, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბიძინა ივანიშვილის ნება.
– ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მომხმარებლების მიმართ ჰუმანური პოლიტიკა უნდა იყოს, რეალიზატორების მიმართ კი მკაცრი მიდგომა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს.
– თუ ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის ნება, მაშინ ეს ასეც იქნება. კონსერვატორები ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოსისხლე მტრები არიან, მაგრამ როდესაც გიგა ბუკია განცხადებას აკეთებს, რომ მისი და კონსერვატორების პოზიცია შეიძლება შეიცვალოს, ეს ცალსახად ნიშნავს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება, ემორჩილება ივანიშვილის ერთპიროვნულ ნებას. ეს ძალიან მარტივად გასაგები ამბავია.
სამწუხარო ამ ყველაფერში იქნება ის, რომ ერთი ადამიანი უნდა წყვეტდეს, რა არის გასაკეთებელი და არა – გონივრული მსჯელობა და მოქალაქეების მიერ გამოხატული პოზიცია, ზოგადად რაც არის მსოფლიო პრაქტიკაში გააზრებული, მისაღები და მიღებული. თუ შეიცვლება არსებული პოლიტიკა, ცუდი არ იქნება, ვნახოთ, დაველოდოთ შედეგებს.
– თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ შეიცვლება? კობახიძემ თქვა, რომ კენჭისყრა ღია იქნება, ეს რაზე მიანიშნებს?
– კენჭისყრა რომ ღია იქნება, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი გააკონტროლებს, მისი ნების შესაბამისად მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში უმრავლესობის წევრებმა თუ არა. ივანიშვილმა უნდა გააკონტროლოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ ენდობა საკუთარი გუნდის წევრებს.
– ნარკოდამოკიდებულების მიმართ როგორია მსოფლიო ჯანდაცვის პოზიცია? ალბათ სახელმწიფოს პოლიტიკა მასთან მიახლოებული უნდა იყოს. თქვენი პოზიცია როგორია?
– ეს არის დამოკიდებულება, როდესაც ადამიანი დამოუკიდებლად ვერ ერევა საკუთარ თავს და ის ამ დროს საჭიროებს სახელმწიფოს დახმარებას. ამ დროს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ამ დამოკიდებულების დაძლევაში ადამიანს. თქვენ და მე პერსონალურად ვერაფერს გავხდებით, შეიძლება ჩვენს მეგობრებს რაღაცაში დავეხმაროთ, ვურჩიოთ, მაგრამ ჩვენ აქ უძლურები ვართ.
– როგორია თქვენი პოზიცია, სახელმწიფომ ამ ადამიანებს უნდა უმკურნალოს, თავის თავზე უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა?
– სახელმწიფომ უნდა შექმნას რეაბილიტაციის ცენტრები. სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები იმისთვის, რომ ადამიანმა, რომელსაც უნდა და სჭირდება რეაბილიტაცია, იცოდეს, სად მივიდეს და სად მიიღებს ამ ტიპის მომსახურებას. რამდენი ხარჯი შეიძლება სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე, ეს დასათვლელია და ამაზე უნდა იყოს შეჯერებული პოზიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არც არანაირი სარეაბილიტაციო ცენტრი და არც არაფერი, ამიტომ სისტემური ცვლილებები გვჭირდება ამ მიმართულებით. მეტადონის პროგრამა ამას ვერ შველის. სისტემური ცვლილება გულისხმობს როგორც ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ასევე სხვა ტიპის სამედიცინო მხარდაჭერას.
– გახარიაზეც უნდა გკითხოთ. ბევრი შეფასება მოვისმინე ამ ხნის მანძილზე, რომ ის ახალ სტილს ამკვიდრებს, რომ ის მზად არის, მართლაც შეცვალოს ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში. თქვენი პოზიცია როგორია მასთან დაკავშირებით?
– მე ვფიქრონ, რომ ის ორმაგი სტანდარტებით ესაუბრება საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც ერთი მხრივ ბოდიშს იხდის და მეორე მხრივ მადლობას უხდის სპეოპერაციის მონაწილე პოლიციელებს. ეს არც ახალი სტილია და არც იმედისმომცემი ღონისძიებები შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან.
– თუმცა, პოლიციამ ეგზალტირებული ადამიანები დააშორა და შუაში ჩადგა, ამაზე რას იტყვით?
– არანაირი ეგზალტირებული არ ყოფილა, იყვნენ მშვიდობიანი მომიტინგე ადამიანები და იყო მოძალადეების შეკრება, რომლებსაც არავითარი მოთხოვნა არ ჰქონდათ, მათი ერთადერთი სურვილი იყო, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები ეცემათ. როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ტოლობის ნიშანს სვამს მოძალადეებსა და სავარაუდო მსხვერპლს შორის, ეს უკვე არის ძალადობის მხარდაჭერა მინისტრის მხრიდან.
არ შეიძლება ერთმანეთს გაუთანაბრო ადამიანი, რომელიც მშვიდობიანად მოდის, თავის პროტესტს გამოთქვამს, ცეკვავს და მეორე მხარე, რომელიც ცემით ემუქრება ადამიანს, რომელიც თავის აზრს მშვიდობიანად გამოთქვამს. ცხადია, ორივე ამ ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ ერთი არის პოტენციური დამნაშავე, მეორე კი – პოტენციური მსხვერპლი. თუ მათ შორის ტოლობის ნიშანს დავსვამთ და ვიტყვით, რა ვქნათ, ჩვენი მოქალაქეები არიან, მაშინ ჩვენ ციხეებში უამრავი ადამიანი გვყავს დამნაშავე და გამოვუშვათ, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან.
– პარლამენტში მისვლაზე რას იტყვით?
– ეს იყო ვალდებულება, რომელიც მან ასევე გამოიყენა საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად. მან პარლამენტში მისვლით კი არ წააგო მოიგო, მთელი დღის მანძილზე უმრავლესობა მორჩილად უკრავდა ტაშს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018