იზორია: საქართველო რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლას გააგრძელებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინსტრი ლევან იზორია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთისგან მსგავსი ხასიათის განცხადება გასაკვირი არ არის.

მინისტრმა დასძინა, რომ “რაც შეეხება, ობიექტურ რეალობას, ქართულმა მხარემ საკმაოდ მყარი მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში, რაც გვაძლევს საფუძველს და იმედს იმისთვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, სადაც რუსეთის მხრიდან კონვენციის ცალკეული მუხლების დარღვევები დაფიქსირდება. ჩვენ ვსაუბრობთ მტკიცებულების ენით, განსხვავებით ცინიზმისგან.”

საქართველოს მოქალაქეების უფლებების შელახვაზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, მინისტრმა იზორიამ თქვა: “ჩვენ გვაქვს პოლიტიკა რომელიც ორიენტირებულია მაქსიმალურად ჩვენს ძმებთან და დებთან – აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიან ურთიერთობაზე.”

მინისტრის თქმით, საქართველო ცდილობს პროვოკაციებს არ აჰყვეს. “ჩვენი პოლიტიკა არის პრაგმატული და ჩვენი პოლიტიკა არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების თანამონაწილეობით განსაღვრული. ამ პოლიტიკით, საერთაშორისო ჩართულობის მაღალი ხარისხით, გვინდა გავაგრძელოთ პოლიტიკა, რასაც ჰქვია რუსეთზე ზეწოლის პოლიტიკა, რასაც ჰქვია ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა, სამწუხაროდ ოკუპირებულ ტერიტორიებში.”

იზორიამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი რეალური ბერკეტი და მექანიზმი რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის შენარჩუნებაა.

“ჩვენ ყველა ტრიბუნას, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ვიყენებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს, რომ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და რომ ყველაფერში, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პასუხისმგებლობა – გამომდინარე კონტროლის ხარისხიდან – აქვს რუსეთს. შესაბამისად, მასთან საუბარი საერთაშორისო მექანიზმების და ფორმატების გამოყენებით გვაქვს განსაზღვრული და ამას მომავალში ჩვენ უფრო ინტენსიურ ფორმას მივცემთ,”- თქვა იზორიამ.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ- ისტორიული განხილვა დასრულდა.

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეები გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გამოაცხადებენ. ბრიტანელი ადვოკატების თქმით, რუსეთის მხარის დამცველები ისტორიის გაყალბებას ცდილობენ.

საქართველო რუსეთს 2008 წლის ომის დროს და მის შემდგომ განვითარებული პროცესებისას ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ედავება, მათ შორისაა წამება არაადამიანური მოპყრობა და საქართველოდან საქართველოს მოქალაქეების გაძევება. ქართული მხარის ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავენ.

საქართველოს სტრასბურგის სასამართლოზე 700 მტკიცებულება აქვს წარდგენილი, მათ შორის დაზარალებულთა ჩვენებები.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018