კვირიკაშვილი – 2021 წლამდე ნატოში უნდა შევიდეთ – მრგვალი მაგიდა პარლამენტში

26 მაისი საქართველოს მოსახლეობას 7-მა პრეზიდენტმა მიულოცა. პრეზიდენტები და თბილისში ჩამოსული დელეგაციები დღის ბოლოს პარლამენტში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ.

“თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის – მომავალი ათწლეულის სტრატეგია” – შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციების ხელმძღვანელებმა მიმართეს.

გამომსვლელები ამბობდნენ, რომ, როგორც 100 წლის წინ, საქართველო დღესაც რუსულ ოკუპაციას ებრძვის და ისინი ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებდნენ.

– აშშ დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ვართ მეგობრები, პარტნიორები და ვდგავართ მშვიდობის დაცვის წინა ხაზზე. ჩვენ ვზეიმობთ თქვენს მოგზაურობას მომავალში კეთილდღეობისკენ, – განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ბრიჯით ბრინქმა.

ჩეხეთის სენატის თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოსა და ჩეხეთს შორის პარალელები გაავლო.

– ჩეხეთის ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ჩვენ გავხდით ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ წინ აქვს ეს გზა და ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ მიზნის მისაღწევად. თვითონ ევროკავშირსაც სჭირდება თქვენი წარმატება იმიტომ, რომ თქვენ ხართ მნიშვნელოვანი ქვეყანა რეგიონში, შეიძლება ითქვას, მაგალითი, რომელიც წარმოადგენს სტაბილურობის, მშვიდობის და დემოკრატიის კუნძულს, – განაცხადა ირჟი შესტაკმა.

საქართველოს პრემიერმა კი იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელს, როცა 100 წელი გადის 1921 წლის 25 თებერვლიდან, იმ დღიდან, როცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 3-წლიანი ისტორია რუსულმა ოკუპაციამ 70 წლით შეწყვიტა, საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით შეხვდება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედმა ხელისუფლებამ ალიანსში გაწევრიანების კონტექსტში კონკრეტული თარიღი დაასახელა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018