მაია ნიკოლეიშვილი: „ქალბატონმა პროკურორმა ადვოკატის საცემად გაიწია“

დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა, პროკურორების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ნიკოლეიშვილი სასამართლოზე ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით იკითხება. მისი ინფორმაციით, პროკურორები გაღიზიანებული არიან დასკვნის შინაარსით და ამიტომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრით იმუქრებიან. ექსპერტი დასკვნის შინაარსზე, გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე კვლავ არ საუბრობს.

„მინდა გითხრათ იმ ატმოსფეროზე, რომელიც აქ სუფევს. როცა მოსამართლე გავიდა, ატყდა საოცარი ამბავი. პროკურორი პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა – შენ რომ სისულელე დაწერე, ამიტომ ატყდა ეს ამბავიო. დისკზე ჩაწერილია, ორივე პროკურორი რომ ამბობს, დიახ, ექსპერტზე საქმეს აღვძრავთო. ეს პირდაპირი მუქარაა. ჩემზე ზეწოლას ახდენს ასევე ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახიც, თუმცა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ჭირისუფლის მესმის. თუმცა გეტყვით, რომ ამის შემდეგ, პროკურორმა, ქალბატონმა ინამ ადვოკატ ინგა შარაშენიძის საცემად გაიწია. პროკურატურის წარმომადგენლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია დასკვნა. არ ვიცი, იმას რატომ ვერ ხვდებიან, რომ მოსამართლისთვის ექსპერტის დასკვნა სავალდებულო არ არის. პროკურორი ცდილობს დასკვნის გამო მოახდინოს ზეწოლა“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ პროკურორების მუქარაზე ის რეაგირებას არ აპირებს.

“არანაირ რეაგირებას არ ვაპირებ. მინდა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს, რომ ასეთ ურთულეს საქმეზე ამდენი შეკითხვა არც ერთ დასკვნაზე არ გაჩენილა. დაზიანება დასკვნაში რატომ არ ჩანდა, ამ შეკითხვის დასმის ნაცვლად, პროკურორი, ერთიც და მეორეც, ფაქტობრივად შეტევაზე გადმოდის. მე ამას არ ველოდი, პროკურორებისგან ასეთი რამ ამდენი წლის მანძილზე პირველად ვნახე. ვთვლი, რომ ეს ყველაფერი პროკურორების მხრიდან პროვოცირებული იყო“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

ამასთან, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედას ნათია საყვარელიძესა და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

სიტყვიერი დაპირისპირება სასამართლო დარბაზშივე დაიწყო, როდესაც მოკლული მოზარდის დედამ ნიკოლეიშვილის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

სხდომათა დარბაზში დაწყებული დაპირისპირება დარბაზს გარეთაც გაგრძელდა. დაპირისპირების გამო სასამართლოზე შესვენება გამოცხადდა. ამასთან, მცირე კონფლიქტის დროს ნათია საყვარელიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასამართლოში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018