ნინო გეგელაშვილი ხელმეორედ დაკითხვას ითხოვს

ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული წყვილი: 23 წლის გიორგი გოგებაშვილი და 27 წლის ნინო გეგელაშვილი განაჩენს საპყრობილეში დაელოდებიან.

ორივე მათგანს გასულ კვირას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმის მასალების მიხედვით, გიორგი გოგებაშვილი და მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ნინო გეგელაშვილი ინტერნეტით ყიდულობდნენ დაფასოებულ ნარკოტიკულ საშუალებებს და ყიდდნენ.

გეგელაშვილი სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა სამალავებში ნარკოტიკს ინახავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნარკოტიკის შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. ფულის გადახდის შემდეგ კი ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა საცხოვრებლის სახლების სადარბაზოებში მალავდნენ.

ნინო გეგელაშვილმა წარდგენილი ბრალი ნაწილობრივ დაკავებისთანავე აღიარა და თქვა, რომ მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ე.წ. ბიო მას ეკუთვნოდა, რომელიც შემდგომში გასაღების მიზნით გარკვეულ ადგილებში (სამალავებში) უნდა დაედო.

ბრალდებული ირწმუნება, რომ ის მარტო, გიორგი გოგებაშვილისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა.

როგორც „ნიუპოსტს“ ახალგაზრდა ქალის ადვოკატმა განუცხადა, ნინო გეგელაშვილმა გამომძიებლებს, სავარაუდოდ, მომწოდებელთა კონკრეტული გვარებიც დაუსახელა.

მარიამ ფხალაძე ამბობს, რომ გეგელაშვილი ხელმეორედ დაკითხვას ითხოვს.

– მან დაკითხვისთანავე ითანამშრომლა გამოძიებასთან, სარეალიზაციოდ უკვე დადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოაღებინა შსს წარმომადგენლებს, საკუთარი მობილური ტელეფონი გადასცა სამართალდამცავებს, სადაც მის საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია ინახება. მან თავიდანვე, კატეგორიულად გამორიცხა საქმეში გიორგი გოგებაშვილის თანამონაწილეობა. ნაწილობრივი აღიარება ამას ნიშნავს სწორედ, ნინომ განაცხადა, რომ დანაშაული ჯგუფურად არ ჩაუდენია. მას ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღებასთან ერთად, ედავებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებას და სწორედ ნარკოტიკების გასაღების ნაწილში გეგელაშვილმა თავი დამნაშავედ არ სცნო. დაუსახელა კონკრეტული გვარები და იგეგმება გარკვეული ინფორმაციების მიწოდება, რომლის დამუშავება უნდა მოხდეს, – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე სპეციალურად აპელირებს გეგელაშვილისა და გოგებაშვილის ქორწინების საკითხზე, რათა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული ამ კავშირით გაამართლონ.

– მათ იციან, რომ ცოლ-ქმარს შორის მეტია ინფორმაციის მიღება და არა როცა ორ მეგობარზეა საუბარი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ ერთად ეცხოვრათ. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ თითქოს გიორგი ამუშავებს მას, მაგრამ ამოვიდეთ იმ გარემოებიდან, რომ ნინოს არცერთხელ არ შეუცვლია ჩვენება, გამოძიების არცერთ ეტაპზე. თავად გიორგიც ამბობს, რომ ნინოს საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა, – აღნიშნა უფლებადამცველმა.

მარიამ ფხალაძე აცხადებს, რომ გიორგი გოგებაშვილისა და ნინო გეგელაშვილის დაკავებას კავშირი არ აქვს 12 მაისს, თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან, როდესაც ნარკორეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

– აბსოლუტურად არანაირი შემხებლობა არ აქვს, ჩემი დაცვის ქვეს მყოფების დაკავებას თბილისში 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, ნინო გეგელაშვილის 5 წლის შვილი ბიოლოგიურმა მამამ რაიონში წაიყვანა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018