“პომპეომ კვირიკაშვილს ივანიშვილთან წერილი გამოატანა”

საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე გარდამტეხ პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, საქართველოს გადრჩენის მოძრაობის ლიდერ მირიან მირიანაშვილს.
მირიან მირიანაშვილი:
– საქართველოს ისეთი საკვანძო მომენტი უდგას, რომლის ტოლფასი ბოლო 28 წლის განმავლობაში თითო-ოროლა თუ ჰქონია. ჩვენ ვალდებული ვართ, რეგიონში დაწყებული ძვრები ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ.
– მხედველობაში გაქვთ აშშ-ის როლის გაძლიერება რეგიონში?
– ბუნებრივია. მოვლენები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში დინამიკურად მიმდინარეობს, პირდაპირ არის მიბმული საქართველოსთან. აშშ-ს მკაცრი სანქციები ირანის მიმართ ამოქმედებულია. ირანი მოვლენათა განვითარების მთავარი ნერვია, მაგრამ ეპიცენტრშია მოქცეული კავკასიაც. თეირანს მარტო ეკონომიკურ სანქციებს კი არ უწესებენ, ხდება ირანის იზოლირება რუსეთისგან.
წინა სანქციების დროს, რომლებიც ობამას დროს მოიხსნა, არსებობდა შავი ხვრელები. ამ გზებით კავკასიის გავლით რუსეთს სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდა ირანში. ეს აკრძალული იყო მაშინაც, როცა ირანის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არ იყო შემოღებული.
– ამიერიდან რუსეთი ირანს კავკასიის გავლით ტვირთებს ვეღარ მიაწვდის?
– ვაშინგტონი საამისოდ ყველა ზომას იღებს. მან დაამყარა კონტროლი კავკასიაზე. სომხეთში მომხდარი რევოლუციური ცვლილებები ამან განაპირობა. გარდატეხაა ცენტრალურ აზიაში, კასპიისპირეთში. ამერიკის გავლენა იქაც თვალშისაცემია. ყაზახეთში აქტაუ გახდა იქაური პროცესების მონიტორინგის ცენტრი. სამხრეთ კავკასიის მონიტორინგის ცენტრიც იქმნება. ასეთი ცენტრი თბილისში ჩამოყალიბდება. მოვლენები დინამიკურია, რაც პირდაპირ მოითხოვს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ქმედებებს.
– რა მოეთხოვება საქართველოს ხელისუფლებას?
– პირველ რიგში, პოლიტიკური კურსის კორექტირება. ამ თვალსაზრისით დასავლეთს პრეტენზიები აქვს.
– რა პრეტენზიები?
– ითვლება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პირადად ბიძინა ივანიშვილმა აირჩიეს არასწორი ტაქტიკა. ხელისუფლება უმოქმედოდაა და ელოდება, როდის ჩააჩოჩებს საბოლოოდ ამერიკა რუსეთს. ეს რომ მოხდება, მმართველი გუნდი მერე აპირებს ახალ კონფიგურაციაში გადაწყობას. ეს არის პოლიტიკური პროცესების კუდში ჩანჩალი. ასე ქვეყანა ბონუსებს ვერ მიიღებს.
– და უმწვავეს პრობლემებს ვერ გადაჭრის?
– რასაკვირველია. თუ გულხელდაკრეფილი იჯექი, პროცესებში არ ჩაერთე, პარტნიორებს მხარი არ აუბი, რომელ პრობლემას მოაგვარებ? იქნები მაჩანჩალა.
– საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკელებთან ხომ ურთიერთობენ? რატომ ხდება ამდენი გაუგებრობა?
– გზავნილები მაიკ პომპეომ გიორგი კვირიკაშვილის საშუალებით გამოაგზავნა. პრემიერს გამოატანეს წერილი ბიძინა ივანიშვილთან და ზეპირი დანაბარები. ხისტი გზავნილების მთავარი შინაარსი პოლიტიკური კურსის კორექტირებისკენ მოწოდებაა. ამისათვის ვადაც განისაზღვრა. ამაზე მეტს ვერ ვიტყვი.
– ხელისუფლებას მალე მოუწევს არჩევანის გაკეთება?
– ხელისუფლების წამმზომი ჩაირთო. თუ ბიძინა ივანიშვილი შემოთავაზებას დაყაბულდა, მის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე ან პრემიერის თანამდებობაზე მხარდაჭერა ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მოკლებული იქნება ამ მხარდაჭერას. ეგ კი არა, შეიძლება საფრთხე შეექმნას.
– რა საფრთხე?
– ბიზნეს და პოლიტიკური ელიტა, უფრო ზუსტად, მისი ერთი ნაწილი, ამყარებს კომუნიკაციას დასავლეთთან. მოსალოდნელია ამ კონტაქტების გაღრმავება, რასაც მოჰყვება ძვრები. ამერიკასთან ურთიერთობა ჩვენი ეკლესიის გარკვეულმა წრეებმაც დაიწყეს. ამას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. ზოგს ჰგონია, რომ ესაა განაწყენებული მეუფე იაკობის მოქმედებები. განაწყენება და განხეთქილება არაფერ შუაშია. ეკლესიის მესვეურებს თავისი საგარეო ბიზნესაქტივები აქვთ. ისინი მათ დაკარგვას არ აპირებენ. მათი კომუნიკაცია ამერიკელებთან განხორციელდა მსოფლიო პატრიარქისა და ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის შუამავლობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საქმის კურსში ჩაყენებით.
ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ მისი საკუთარი, არამედ ქვეყნის ბედი. ამაზე უამრავი ადამიანის მომავალია მიბმული. თუ იგი დასავლეთს ზურგს აქცევს, დასავლეთი დასაყრდენს სხვებს შორის მოძებნის.
– შესაძლოა, ამერიკელებმა ფსონი დადონ საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატის კონკურენტზე?
– არც ესაა გამორიცხული, თუმცა, პროცესები უფრო ფართოა. ვაშინგტონის მხარდაჭერის გარეშე ივანიშვილი თვითონ არ იყრის კენჭს არჩევნებში. თუ ამერიკელების წინააღმდეგ წავა, ის იქნება მათი ოპონენტი და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
მაწუხებს ის უმწეობა და არაკომპეტენტურობა რასაც ჩვენი მმართველები იჩენენ, თუნდაც, დასავლეთთან კომუნიკაციის საკითხში. თვითრეკლამაში არავინ ჩამითვლის, თუ ვიტყვი, რომ მაქვს კავშირები. მზად ვარ უანგაროდ, ქვეყნის ინტერესებისთვის გავუწიო დახმარება ხელისუფლებას. კავშირები და გამოცდილება დამიგროვდა, როგორც “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს”, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემქმნელს. სააკაშვილის დროს, პოლიტიკურ დევნილობაში, ირანში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განხორციელებისას დავამყარე კავშირები ირანის ბიზნესწრეებთან და პოლიტიკური ელიტის ნაწილთან. მზად ვარ, ქვეყნისათვის დასავლური კონტაქტებიც გამოვიყენო. ირანში ხდება ის, რაც მომავალში საქართველოს სარგებელს მოუტანს.
– რუსეთის შესუსტება გაქვთ მხედველობაში?
– ირანიდან ვიღებ ინფორმაციებს. იქ მასობრივად იხურება უცხოური ფირმები და კომპანიები. იზრდება უმუშევრობა. ირანის მიმართ იგეგმება ხისტი ბლოკადა, რომელმაც 8 თვეში კუთხეში უნდა მოამწყვდიოს თეირანი. იზღუდება ირანი-რუსეთის კონტაქტები. ეს იმას ნიშნავს, რომ კრემლის ნებისმიერი ნაბიჯი სამხრეთ კავკასიაში მკაცრად გაკონტროლდება, იქნება ეს სამაჩაბლოში თუ აფხაზეთში. ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა იმოქმედოს – ჩაებას პროცესებში. ის აღარ უნდა აღიქმებოდეს რუსეთის ხელისუფლების დანამატად.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018