რატომ აითვალწუნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, გამოჩნდა ახალი ლიდერი გიორგი გახარია. მან აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. რამდენად არის გახარია ბიძინა ივანიშვილის ახალი რჩეული?
– რა თქმა უნდა, არის. მისი რჩეული რომ არ ყოფილიყო და რომ არ ჰქონოდა სერიოზული მხარდაჭერა ივანიშვილის, ასე თამამად ვერ გამოჩნდებოდა და ასე თამამ განცხადებებს ვერც გააკეთებდა. გახარია პირველად 2012 წლის არჩევნების წინ შევარჩიე და თვალში მომხვდა, როგორც ძალიან გონიერი ადამიანი. როგორც ვიცით, ორი კანდიდატურა განიხილება პრემიერმინისტრობის…
– ვინ და ვინ?
– გახარია და ბახტაძე. მართალი გითხრათ, ბახტაძე ჯერჯერობით ისე კარგად ვერ ჩანს. ისე ვერ იჩენს თავს, როგორც გახარია, ეს აშკარაა. გახარია, მითუმეტეს ამ კრიზისის კვალობაზე, გაძლიერდა და გამოიკვეთა, როგორც ლიდერი.
– ბახტაძე ჩააჩოჩა გახარიამ?
– ბახტაძე ჯერჯერობით ვერ დაფიქსირდა როგორც პოლიტიკური ფიგურა. ის აკეთებს განცხადებებს მხოლოდ ბანკების წინააღმდეგ და ამით შემოიფარგლება. შესაბამისად, რომც მოინდომოს ივანიშვილმა, რომ ბახტაძეს ჩააბაროს მთავრობა, ეს არ იქნება ასე მარტივი, იმიტომ რომ პრაქტიკულად მას მოსახლეობა არ იცნობს, გახარია კი გამოჩნდა და მოწონება დაიმსახურა, მათ შორის ოპონენტებში და ეს უკვე სერიოზული თემაა.
– საუბარია, რომ კვირიკაშვილის ბედი უკვე გადაწყვეტილია და ის მალე წავა. როდის იქნება ეს მალე, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ? რა ურჩევნია ივანიშვილს, არჩევნებამდე განაახლოს გუნდი თუ მას შემდეგ?
– ეს რთული სათქმელია. თუ ივანიშვილი არჩევნებისთვის ელოდება სიტუაციის გართულებას, მაშინ ურჩევნია, რომ გახარია ჰყავდეს, იმიტომ, რომ გახარია ბევრად უფრო ძლიერ ლიდერად წარმოჩინდა და თუ ელოდები გართულებებს, მაშინ ცხადია გახარიასნაირი ლიდერი გირჩევნია.
– გართულებაში რას გულისხმობთ?
– მაგალითად, სააკაშვილს. თუ ივანიშვილი მსგავს სცენარებს არ ელოდება, მაშინ შეუძლია მშვიდად ჩაატაროს ეს არჩევნები და მერე შეცვალოს პრემიერი. კვირიკაშვილი ასე თუ ისე მაინც ლიდერობს რაღაც რაღაცეების წყალობით.
– კერძოდ, რისი წყალობით?
– ვგულისხმობ იმას, რომ ის აშკარად მოსწონთ დასავლეთში. გაწონასწორებული, კონსტრუქციული და დალაგებული ლიდერის იმიჯი აქვს.
– დასავლეთში რომ მოსწონთ კვირიკაშვილი, ივანიშვილმაც სწორედ ამიტომ აითვალწუნაო. რას იტყვით თქვენ? რატომ გაირბინა მათ შორის შავმა კატამ?
– არა მგონია, ამიტომ აეთვალწუნებინა. უფრო სწორია თუ ვიტყვით, რომ კვირიკაშვილი გაეხვა შიდა ეკონომიკურ ბიზნეს სქემებში და სწორედ ამის გამო აითვალწუნა იგი ივანიშვილმა, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ.
– ერთი იყო უცნობთან დაკავშირებული სქემა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ გაიგო. არის კიდევ რამე?
– ფაქტია, რომ ის გახვეულია ამ სქემებში და ეს ივანიშვილს არ მოსწონს. რაღაცეები მოხდა ივანიშვილის ზურგს უკან. ივანიშვილს სასტიკად აღიზიანებს, როდესაც მის ზურგს უკან ხდება საქართველოში ბიზნეს გარიგებები და ფულის ტრიალი. პირველ რიგში ის ბიზნესმენია, თან ბიზნესმენი, რომელიც, ამავდროულად, აკონტროლებს სახელმწიფოს. მას არ უნდა, მსგავსი საკითხები მის ზურგს უკან წყდებოდეს.
– თავადაც აქტიურად დაბრუნდა, ახლა უკეთ შეძლებს სიტუაციის გაკონტროლებას?
– ცხადია, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გახდა საჭირო სიტუაციის მართვა, თუნდაც პარტიაში მიმდინარე პროცესების მართვა, ასე რომ არ ყოფილიყო, არ დაბრუნდებოდა. არანაირი კომფორტი არ არის მისთვის პარტიის მართვა. მისთვის კომფორტია ოჯახურ წრეში ყოფნა. ეს კომფორტი დაარღვია თვითონ, რადგან ამის საჭიროება გაუჩნდა.
– ვინ იქნება “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი?
– ეს ძნელი სათქმელია ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ “ოცნებას” ძლიერი და გამორჩეული ფიგურა არ ჰყავს. ლოგიკურად უნდა ყოფილიყო კვირიკაშვილი, მაგრამ კვირიკაშვილი აშკარად აღარ გამოდის. ვის დაასახელებენ, ვინ ჰყავთ გამორჩეული ფიგურა?! არც არავინ! ერთადერთი ივანიშვილი თუ დაასახელებს თავის თავს. დანარჩენი, თუ ვინ შეიძლება დასახელდეს, წარმოდგენაც კი არ მაქვს.
– უშვებთ იმას, რომ ივანიშვილი გახდეს პრეზიდენტი?
– პრინციპში ეს გამორიცხული არ არის. ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის, რადგან ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაიკავებს პრეზიდენტის სავარძელს. დასრულდება მაინც ეს არაფორმალური მმართველობა, რომელიც მახინჯი მოდელია მმართველობის და არაეფექტურს ხდის მთავრობის მუშაობას. მთავრობა კი აგებს პასუხს ადამიანთან, რომელიც თვეში ერთხელ შეიძლება ეკონტაქტებოდეს მთავრობის მეთაურს. ეს არ არის მარტივი.
– ზედმეტი თავის ტკივილი არ იქნება მისთვის პრეზიდენტობა?
– მისთვის ნამდვილად არის თავის ტკივილი, მაგრამ ქვეყნისთვის კარგი იქნება, როდესაც ოფიციალური სტატუსი აქვს ადამიანს, რომელიც რეალურად მართავს ქვეყანას.
– თუკი ივანიშვილის კანდიდატურა დასახელდება, ოპოზიციას ყველანაირი შანსი ესპობა?
– ოპოზიციას ერთადერთი შანსი მაშინ აქვს, თუ სააკაშვილი შეძლებს ჭადრაკის მაგიდის აყირავებას. სხვა შანსი ოპოზიციას ამ არჩევნებში არ აქვს.
– როგორ უნდა ააყირავოს?
– სააკაშვილს ბევრჯერ აუყირავებია სიტუაცია, ეს ყველამ ვიცით და ისევ თავის სტილში რომ ააყირავოს. მეორე საკითხია და უფრო მთავარი, რამდენად სჭირდება ქვეყანას მსგავსი სცენარის განვითარება და საჭადრაკო დაფის აყირავება. ეს ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018