როგორ შეაშინა ლაშა ჯოხაძე მარიამ როინიშვილმა – ”დამირეკა და თამრიკო ჭოხონელიძე მომიყვანა”

დიზაინერი ლაშა ჯოხაძე საზოგადოებამ სხვადასხვა ტელეპროექტიდან გაიცნო. აქტიურად იმუშავა ცხრა მეგაპროექტზე, უამრავი ცნობილი ქალი შემოსა. მისი კოლექციები ქალურობითა და დახვეწილობით გამოირჩევა. ქართული მოდაში მისი ნიშა საღამოს კაბებია.

მანამდე კი, სანამ მის სახელს და გვარს საზოგადოება დაიმახსოვრებდა, გაიარა გაჭირვების მძიმე წლები, თუმცა ის პერიოდი მაინც “ფერადად” ახსენდება. სწორედ მაშინ აღმოაჩინა თავისი წარმატების ფორმულა, რომელიც “სარკეს” გაუზიარა.

– ლაშა, საქმიანობა 2000 წლიდან დაიწყეთ, როცა ქართული შოუბიზნესი ფეხს იდგამდა. ახლა როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?

– მაშინ იყო კლუბები “16 რაუნდი”, ასევე “ბერიკონი”. სხვათა შორის, “ბერიკონში” ყოველკვირეული პატარა შოუ-პროგრამა მქონდა, თუ არ ვცდები, აზიური საღამოები. მაშინ კოლეჯშიც კი არ ვსწავლობდი, სკოლაში ვიყავი.

უბრალოდ ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ეს ყველაფერი მეკეთებინა და ამით კონტაქტები დამემყარებინა ადამიანებთან, რათა თუნდაც ერთ მათგანს ეთქვა, რომ მიცნობდა. მაშინ ფინანსურად რთული პერიოდი გვქონდა ოჯახს, ლურჯ თუ შავ დიდ პარკში ჩავყრიდი ხოლმე ამ კოლექციას და ზურგზეაკიდებული მიმქონდა ჩვენებაზე, კულისებში ვაწესრიგებდი და სცენაზე გამქონდა.

ჩვენება რომ დამთავრდებოდა, ტაქსის ფულიც არ მქონია და ფეხით წავსულვარ სახლში, მაგრამ დღეს, ამ გადმოსახედიდან, საერთოდ არ აღვიქვამ ამ ყველაფერს რთულად.

უფულობა არ მიქმნის დეპრესიას, არადა არიან ადამიანები, რაღაცას თუ ვერ ყიდულობენ ან ფული აკლდებათ, მაშინვე დეპრესიაში ვარდებიან. როცა არ მქონდა ფული, არაფრისგან ვაკეთებდი რაღაცებს. იმ პერიოდი უშუქობა და გაჭირვება იყო, მაგრამ მაინც ფერადად ვუყურებდი ყველაფერს და ახლაც სწორედ ამ ფერებში ვუყურებ ჩემს წარსულს.

– ძნელია, საქართველოში მიაღწიო წარმატებას, მით უმეტეს, სამოდელო ბიზნესში?

– ძალიან რთულია, რადგან ყველაზე კრიტიკული ერი ვართ. ყველა ყველაფერში პროფესორია, ყველა დიზაინერია, ყველა მომღერალია, ყველა მსახიობია, ანუ ყველა სფეროში ძალიან ბევრნი ვართ. რთულზე უფრო კი საშიშია.

– რას გულისხმობთ?

– საზოგადოება ან მიგიღებს, ან ისეთ რამეს გაგიკეთებს, რომ საერთოდ დაგანგრევს ფსიქიკურად და ბრძოლისუუნაროს გაგხდის.

– თქვენ მსგავსი რამ გამოგიცდიათ?

– საბედნიეროდ, არა. დღეს ძალიან ბევრი ხარჯავს დიდ ფულს იმაში, რომ პოპულარული გახდეს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ მომხდარა.

– თქვენ რა გზით მიაღწიეთ პოპულარობას?

– იყო სურვილი და შინაგანად ყოველთვის მჯეროდა, რომ მიზანს აუცილებლად მივაღწევდი.

– მაგრამ ამისთვის რომ მარტო სურვილი კმაროდეს, ოცნება ყველას ასრულებული ექნებოდა, არადა რამდენია იმედგაცრუებული.

– პატარა მაგალითს მოგიყვანთ. კოლეჯში სწავლის პერიოდში და თუნდაც აკადემიაში, საკმაოდ ბევრნი ვიყავით ჯგუფში. დღეს კი მათი თითქმის 95% არ ჩანს.

– ანუ?

– ანუ მე არ მოვეშვი, ვაკეთე და ვაკეთე. არასდროს ვჩერდებოდი, უარს არაფერზე ვამბობდი. დამირეკავდნენ, ჩვენებას მთხოვდნენ, მიხაროდა. მივდიოდი და კოლექცია გამქონდა.

დედაჩემი სულ მეუბნებოდა, რატომ დადიხარ, რას გაძლევს ეგ ყველაფერიო. ჩემი პასუხი იყო მარტივი: “მე უნდა შევიძინო ადამიანები, დავამყარო კონტაქტები”.

არასდროს მქონია ამბიცია, ჩემი ვიზუალი ვინმეს სცოდნოდა, სამაგიეროდ, ყოველთვის მქონდა ამბიცია, რომ ჩემი სახელი და გვარი ყველას სცოდნოდა და ეთქვათ, გემოვნებიანი დიზაინერია, ხარისხიან და კარგ სამოსს ქმნისო.

– ყველაზე დიდი წარმატება რამ მოგიტანათ?

– ჩემი წარმატება ტელევიზიას უკავშირდება. 2010 წელს ჩემმა მეგობარმა დამირეკა, რომელიც სერიალზე მუშაობდა და შემომთავაზა, მისი ასისტენტი ვყოფილიყავი. სერიალი “დეტექტივები” ჩემთვის პირველი პროექტი და ამავდროულად ექსპერიმენტი იყო.

პირველად ვიმუშავე მსახიობების ჩაცმულობაზე. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ამ სერიალზე 2 სეზონი ვიმუშავე, შემდეგ უკვე გავხდი კოსტიუმების მხატვარი. შემდეგ იყო პატარ-პატარა რეკლამები, ვიმუშავე ფილმზე “მანდარინები”.

ერთ მშვენიერ დღეს კი შემომთავაზეს, პროექტი “ცეკვავენ ვარსკვლავები” გამეკეთებინა. თავდაპირველად არ ვიცოდი ამ პროექტის სირთულის არსი და დავთანხმდი.

– რაში მდგომარეობდა სირთულე?

– ძალიან ბევრ ვარსკვლავთან გიწევს მუშაობა, ყველას თავისი ახირება და მოთხოვნა აქვს. ამ პროექტზე 3 სეზონი ვიმუშავე. ასევე ვიყავი მუსიკალურ პროექტებში “ერთი ერთში” და “ახალი ხმა”. ჯამში, 9 მეგაპროექტზე ვიმუშავე კოსტიუმების მხატვრად.

პარალელურად გამიჩნდა სურვილი, თბილისის მოდის კვირეულში მიმეღო მონაწილეობა. თაკო ჩხეიძეს თვითონ დავურეკე და სურვილი გამოვთქვი, რომ მოდის კვირეულზე გავსულიყავი.

– თუ არ ვცდები, თქვენს ჩვენებაზე გამოსვლით დაამთავრა თაკო ჩხეიძემ თავისი კარიერა მოდელის ამპლუაში.

– კი, ნამდვილად და ძალიან გამიხარდა. თაკომ მითხრა, აღარ ვაპირებდი ჩვენებაზე გამოსვლას, ეს იქნება ჩემი ბოლო გამოსვლა პოდიუმზეო.

– ვინ არის თქვენი მუზა?

– რომანტიკული ვარ, მაგრამ უცნაურობები არ მახასიათებს. სიმართლე გითხრათ, ვერც ვხვდები, რა არის მუზა. ვერ გეტყვით, საიდან იბადება ეს ყველაფერი. შეიძლება ქსოვილი დავინახო და მომივიდეს იდეა. მუდმივად ჩემს განწყობას მივყვები. იმ მომენტში რის ხასიათზეც ვარ, იმას ვაკეთებ. არ მეშინია ექსპერიმენტების, თუნდაც იმის, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება სტილს გადავუხვიო. მე, ზოგადად, საღამოს კაბებით გამიცნო ხალხმა.

– თქვენი კოლექციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიდ ყურადღებას აქცევთ ქალურობას, დახვეწილ სამოსს, კლასიკას.

– რა თქმა უნდა. იმდენად მნიშვნელოვანია ეს ქალურობა ჩემთვის, რომ სხვა სტილზე ვერ გადავდივარ. ზოგან დავანგრიე ეს ფორმები, მაგრამ რადიკალურად არ ავცდი ჩემს რელსებს.

– ძალიან ბევრ ცნობილ ქალთან მუშაობთ. პრეტენზიულები არიან თუ უსიტყვოდ ენდობიან თქვენს გემოვნებას?

– ყველა ერთნაირი არ არის, მაგრამ ძალიან ვგრძნობ ნდობის ფაქტორს. ჩემთან რომ მოდიან, იციან, რატომ და რისთვის მოდიან. მაგალითად, მარიამ როინიშვილმა დამირეკა და მითხრა, ახლა შენთან მომყავს ურთულესი ადამიანი და შეემზადეო. მოვიდა თამრიკო ჭოხონელიძე. მაშინ ვარსკვლავის გახსნისთვის გავუკეთე მთავარი კოსტიუმი და მინდა, გითხრათ, რომ ძალიან კომფორტულად ვიმუშავე მასთან. მერე მარიამს ვუთხარი, რატომ შემაშინე ასე ძალიან-მეთქი.

– რა ფენაზეა გათვლილი თქვენი კოლექცია?

– მასაზე გათვლილი ნამდვილად არ არის. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ “ზარას” ან სხვა ბრენდის მომხმარებელი ვერ იქნება ჩემი კლიენტი. თვითონ იმდენად მიყვარს ძვირფასი რაღაცების კეთება, რომ ფასიც შესაბამისად მაღალია.

– არსებობს ქალი, ვისთვისაც სამოსის შექმნაზე ოცნებობთ?

– ძალიან ბევრს ჩავაცვი და, სიმართლე გითხრათ, კერპი არასდროს მყოლია. და მაინც, ძალიან მინდა, ნანი ბრეგვაძეს ჩავაცვა.

– რატომ?

– მდიდრულია, კლასიკაა, ქალურია. სიამოვნებით ჩავაცმევდი.

გიორგი საკარული, ჟურნალი სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018