საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება გაკეთდა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით:

– 2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.

ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ, – განაცხადა დავით დონდუამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018