სერგო რატიანი: “ცენზურის დაკანონებას ვერ შევეგუებით”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი სერგო რატიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრობს.
– ბატონო სერგო, თქვენი პარტია განცხადებას ავრცელებს ბესელია-გოგიჩაიშვილის ავტორობით შექმნილ კანონპროეტთან დაკავშირებით, რომელიც “კულტურის შესახებ” კანონში და “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” შესატან ცვლილებას ეხება. ბევრი შეფასება მოვისმინე, რომ ეს არის საბჭოური ტიპის ცენზურის დაბრუნება და ა.შ. თქვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ კანონპროექტი არ მიიღოს. რა საფრთხეებს ხედავთ?
– სრულიად უცნაურია, რომ 21-ე საუკუნეში მმართველი პარტია მიდის იმ მიმართულებით, რომ ფაქტიურად ცენზურას აკანონებს ქვეყანაში. ფაქტიურად ცენზურას უწესებს შემოქმედებას. ეს არის საბჭოთა ტრადიცია, ეს არის ტრადიცია, რომელიც შეიძლება ჰქონოდათ იმპერიებს მე-19 საუკუნეში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში 21-ე საუკუნეში დემოკრატიის პრეტენზიის მქონე ქვეყანას. ამიტომ, ჩვენ ღიად ვაცხადებთ, რომ ამ მიმართულებით სვლა სახიფათო არის ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის ფრიად საზიანო.
– დემოკრატიულ პროცესს შეაფერხებს თუ კანონად იქცა?
– ამაზე საერთოდ ლაპარაკიც კი ზედმეტია. რასაკვირველია, თუ ეს კანონპროექტი მიიღო პარლამენტმა, მაშინ დემოკრატიულ განვითარებას შეაფერხებს. ანომალიურია ასეთ რამეზე ფიქრიც კი, არათუ დაკანონება. ეს იქნება სამარცხვინო ლაქა ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე.
– თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა სახელისუფლო გუნდს მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, რასთან შეიძლება კავშირში იყოს? ზოგი წინასაარჩევნო პერიოდსაც კი უკავშირებს.
– მე ვერ გეტყვით, ვინ რას უკავშირებს მსგავს ინიციატივებს, მაგრამ მე გეუბნებით, რა შედეგი შეიძლება ამან მოგვიტანოს, მოუტანოს სახელმწიფოს. ეს იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. თუ “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ ადამიანების გარკვეულ რაოდენობას ასეთი კანონპროექტებით მოიმხრობენ ან ვიღაცას გულს უკეთებენ ამით, მე ვეუბნები, რომ ეს ფრიად საზიანო არის ქვეყნისთვის და მისი იმიჯისთვის, ძალიან დააზიანებს ჩვენს მომავალს.
– ბესელია აცხადებს, რომ კონსტიტუციასთან ჰარმონიაში მოჰყავთ გარკვეული მუხლი. ასე არ არის?
– როგორ შეიძლება წარდგენილი კანონპროექტი რაიმესთან ჰარმონიაში მოდიოდეს, როგორ შეიძლება ასეთი ინტერპრეტაცია მოხდეს ამ კანონპროექტის, რომელიც პირდაპირ ცენზურას გვიწესებს.
ეს კანონპროექტი სასამართლოს საშუალებას მისცემს კანონის ფართო და რაღაც ჩანაწერს დაეყრდნოს და ადამიანებს შემოქმედებითი თავისუფლება შეუზღუდოს. ეს იქნება მძიმე დარტყმა გამოხატვის თავისუფლებაზე.
– რელიგიურ გრძნობებზე, მათ შელახვაზე არის საუბარი, როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ.
– დღეს საქართველოს საკანონდებლო ბაზა და კონსტიტუცია ტოვებს სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი ნაწარმოები პირადად ლახავს რომელიმე ადამიანის უფლებას. ამ კანონპროექტით კი ჩნდება სხვა ჩამონათვალი, სხვა ლეგიტიმური მიზნები, როცა შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. ამიტომ არის, რომ ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ კანონპროექტის მიღებაზე.
– როგორი განწყობაა პარლამენტში?
– მე იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი კანონად ვერ იქცევა და მას ადამიანები 21-ე საუკუნეში მხარს არ დაუჭერენ. თუმცა, ვერ გეტყვით, რა არის ჩანფიქრი, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, არ ვიცი, რა საჭიროება დადგა მსგავსი კანონპროექტის ინიცირების, ამიტომ არ მინდა, ამაზე ვიმარჩიელო.
– როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, შეიძლება უკან გაიწვიონ?
– არ ვიცი, მოვლენათა რა სცენარს ვიხილავთ და რა მოხდება, გაიწვევენ თუ არა კანონპროექტს თუ პირიქით, მსვლელობა მიეცემა, შეიძლება ეს ბევრ რამეზე იყოს დამოკიდებული.
– რამდენად არის მოსალოდნელი ხელოვანების პროტესტი?
– უკვე არის სერიოზული პროტესტი. ბევრი ადამიანი არის უკვე, რომელიც ამ ინიციატივას აპროტესტებს და მის სრულიად მიუღებლობაზე და დაუშვებლობაზე საუბრობს. თუმცა, რა სახეს მიიღებს ეს პროტესტი, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით.
– შეიძლება ღრმა პოლიტიკური პროცესის სახეც კი მიიღოს?
– მე ერთი რამე ვიცი და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ამ კანონპროექტის არსებობას, არათუ მის დაკანონებას, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი გააპროტესტებს. რამდენად მწვავე იქნება ეს პროტესტი და რამდენად არ იქნება მწვავე, ამაზე დღეს ვერ ვისაუბრებ. თუმცა, გარწმუნებთ, ადამიანები მსგავს რამეს, 21-ე საუკუნეში ცენზურის დაკანონებას, უბრალოდ ვერ შეეგუებიან.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018