სროლა კასპის რესტორან ”აგურებში” – რატომ იჩხუბეს პოლიციელებმა და ახალგაზრდებმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის სამმართველოს თანამშრომლების უფლებამოსილების შესაძლო გადაცდომის ფაქტების ადგილზე შესწავლა დაიწყო.

საქმე ეხება ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 21 მაისს კასპში რესტორან „აგურებში”, პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ახალგაზრდებთან სუფრაზე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პირები მივიდნენ. ისინი პოლიციელები აღმოჩნდნენ.

მხარეებს შორის ჩხუბი დაიწყო, რაც შენობის გარეთ გაგრძელდა. პოლიციამ იარაღი გამოიყენა და ჰაერშიც გაისროლა.

ინციდენტის სავარაუდო მონაწილეები ირწმუნებიან, რომ პოლიციელები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ რესტორანში შეკრებილ ახალგაზრდებს, რომლებიც მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. „თრიალეთის“ ცნობით, ნაცემია ინციდენტის მონაწილე ორი პოლიციელი.

გუშინ კასპში პოლიციის განყოფილებასთან, სადაც ინციდენტის მონაწილეები დაკითხვაზე დაიბარეს, ახალგაზრდები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ისინი კასპის პოლიციის უფროსის იოსებ მურადაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ, რადგან ახალგაზრდების თქმით, რესტორან „აგურებში“ მომხდარი ინციდენტი მხოლოდ ერთი ეპიზოდია. ისინი ყოველდღიურად განიცდიან პოლიციის მხრიდან ზეწოლას.

კასპის პოლიციის თანამშრომლებს ადგილობრივი მცხოვრებნი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

რამდენიმე ახალგაზრდას სხეულზე, მათ შორის, სახის არეში დაზიანებები აღენიშნება. ამავე დროს, ,,მედალფას“ კლინიკას, საკუთარი ნებით, ორმა პოლიციელმა მიმართა. პოლიციელებმა ექიმებს განუცხადეს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რესტორანში მიაყენეს.

კასპში მცხოვრები ანა ფსუტურის თქმით, სამართალდაცმველების მხრიდან ახალგაზრდებზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ყოველდღიურად აქვს ადგილი.

ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულიგნობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვის მიზნით, სამმართველოში რამდენიმე პირი დაიბარეს. პოლიციის წინ შეკრებილმა ახალგაზრდებმა სამმართველოს უფროსის გადადგომა მოითხოვეს.

მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კასპში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის სამმართველოს თანამშრომლების უფლებამოსილების შესაძლო გადაცდომის ფაქტების ადგილზე შესწავლა დაიწყო.

ბოლო დღეებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც კასპის ადგილობრივი მოსახლეობა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე საუბრობდნენ.

გამოიკითხა კასპის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები და დაგინდა, რომ მათ ქმედებაში დისციპლინური გადაცდომის ფაქტები არ იკვეთება. ასევე გამოიკითხნენ აქციის მონაწილეები, რომლებმაც სამართალდამცველების მიერ
კანონდარღვევის კონკრეტული ფაქტები ვერ დაასახელეს.

რაც შეეხება საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებს, მათ უარი განაცხადეს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. 22 მაისს კასპში საზოგადოებრივი თავშეყრის ერთ-ერთ ადგილზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კასპის რაიონულ სამმართველოში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”.

ქართლი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018