“ჩემმა ძმამ ქორწილი ისე გადაიხადა, რომ ოჯახმა არაფერი ვიცოდით”

– ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ძმა ასე მოგვექცეოდა, – ასე დაიწყო თავისი ამბის თხრობა ზურიკომ, – წლების განმავლობაში დედა ამ ტკივილს გულში ინახავდა, ხმამაღლა არაფერს ამბობდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემი ძმის საქციელი ვერაფრით აეხსნა. დღეს უკვე 42 წლის კაცი ვარ, არც დედა მყავს და აღარც მამა, მაგრამ ჩემს ძმას არასდროს მივიღებ და არც ვაპატიებ ასეთ ეგოისტობას. თუმცა, ვაპატიებ თუ არა, ეს მას დიდად არც ანაღვლებს, მთელი ცხოვრება ის თავის ბედნიერებასა და კმაყოფილებაზე ფიქრობდა.

– მაინც რა ჩაიდინა ასეთი?

– ვანიკომ ძალიან ბევრი რამ ჩაიდინა. თუმცა, ყველაფრის მოყოლას თავიდან დავიწყებ. მამაჩემი მთელი ცხოვრება სამხედრო პირი იყო, ამიტომ რუსებთან ერთად სამხედრო დასახლებაში (ე.წ. გარადოკში) ვცხოვრობდით. დედას “გპი” ჰქონდა დამთავრებული და საპროექტო ინსტიტუტში მხაზველად მუშაობდა. ოჯახში მე და ჩემი უფროსი ძმა ვანიკო ვცხოვრობდით, ხანდახან სოფლიდან ბებია-ბაბუა გვესტუმრებოდა, ნათესავებით განებივრებულები არ ვიყავით, მაგრამ ძალიან ბევრი მეგობრები გვყავდა. ჩემი ძმა ვანიკო ბავშვობიდანვე ლამაზი ბიჭი იყო, გოგონები მის მიმართ სკოლაშიც და მერეც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ, მაგრამ ყველაზე ძალიან ჩვენს დასახლებაში მცხოვრები პოლინა აქტიურობდა. ვანიკოს ბავშვობიდანვე კუდში დასდევდა, მოსვენებას არ აძლევდა. სადაც წავიდოდით, იქ გაჩნდებოდა. მის ასეთ საქციელზე მეც და ვანიკოც ვიცინოდით, ჩვენზე პატარა იყო და ბავშვურ ახირებად ვუთვლიდით, მაგრამ მერე, როცა გავიზარდეთ, დედაჩემი ძალიან დააფიქრა ამ გოგოს ქცევამ.

– დედათქვენს არ მოსწონდა პოლინა?

– არა, რადგან რუსი იყო და რძლად რუსი გოგო არ უნდოდა. თანაც, პოლინა დედისერთა, გათამამებული გოგონა იყო. ფიზიკურად ვერაფრით დაიწუნებდი, მხოლოდ ცხვირი ჰქონდა აპრეხილი.

– პოლინამ იცოდა, რომ დედათქვენს ის რძლად არ უნდოდა?

– კი, იცოდა, რადგან დედამ რამდენჯერმე დედამისს საყვედური უთხრა, შენი შვილი ჩემს ბიჭს ნუ დასდევს, შენი გოგო რძლად არ მინდაო. მაგრამ ვინ დაუჯერა? პოლინა თავისას არ იშლიდა.

– ვანიკოს თუ მოსწონდა?

– პირველად არა, მაგრამ მერე, როცა მის ყურადღებას შეეჩვია, მის მიმართ სიმპათიები გაუჩნდა. მერე ვანიკო ჯარში წაიყვანეს. 2 წელი ჩელიაბინსკში გაატარა. ჩემი მშობლები ვანიკოსთან ვერ ჩავიდნენ, სამაგიეროდ, პოლინამ ჩააკითხა. რამდენიმე ხნის მერე, როდესაც ვანიკო ჯარიდან ჩამოვიდა, ერთ-ერთი საუბრის დროს, დედას საყვედური უთხრა, ჯარში რატომ არ ჩამომაკითხეო. როდესაც დედამ მიზეზად ფინანსური მხარე დაუსახელა, ვანიკოს ირონიულად გაეცინა და უთხრა, პოლინასა და დედამისს ამის პრობლემა არ ჰქონდათო.

– პოლინამ ვანიკოს მისამართი საიდან იცოდა?

– ალბათ, ვანიკოს მეგობარმა მისცა. პოლინამ რომ ჩააკითხა, სწორედ აქედან დაიწყო მათი რომანი. როდესაც დედაჩემმა გაიგო, რომ ჩემი ძმა და პოლინა შეყვარებულები იყვნენ, პოლინას გზაზე გადაუდგა და ვანიკოსთვის თავის დანებება კატეგორიულად მოსთხოვა. მაგრამ პოლინამ ამაყად უპასუხა, ვანიკო მიყვარს და მხოლოდ ჩემი იქნებაო. ის მაინც აგრძელებდა ვანიკოსთან შეხვედრას. რამდენიმე ხნის შემდეგ ვანიკო თავის თავში ჩაიკეტა და სახლში სულ გვიან ღამით მოდიოდა, ხან არ მოდიოდა. სწავლაზე უარი თქვა და მუშაობა დაიწყო. თავის ხელფასს სულ ინახავდა, ოჯახში არაფერს ხარჯავდა. მართალია, ოჯახში ფინანსური მხარე ცუდად მიგვდიოდა, მაგრამ მშობლები მაინც არაფერს ეუბნებოდნენ. ასე გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს. ერთ საღამოს კი მეზობელი შემოვიდა ჩვენთან და დედას მიულოცა, შვილიშვილის დაბადებას გილოცავო. დედაჩემი ამ ამბავს არ ელოდა და ცუდად გახდა. თურმე, იმ დღეს ვანიკოს პოლინასგან გოგონა შეეძინა. იმ საღამოს ვანიკომ ყველაფერი მოგვიყვა. ჯარიდან რომ ჩამოვიდა, რამდენიმე თვეში მან და პოლინამ ხელი მოაწერეს. საუბრის დროს ის შაბათი გამახსენდა, ვანიკო საგანგებოდ რომ იპრანჭებოდა. მახსოვს, სარკის წინ მდგარი რომ დავინახე, ვუთხარი, რა სასიძოსავით იპრანჭები-თქო. თურმე იმ დღეს მართლა სასიძო ყოფილა. ხელის მოწერის შემდეგ პოლინას სახლში პატარა სუფრა გაუშლიათ. მერე კი ნაქირავებ ბინაში გადასულან. როდესაც მთელი ისტორია ჩვენთვის ცნობილი გახდა, მთელი ოჯახი შოკში ჩავვარდით. განსაკუთრებით მე, რადგან ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ძმის ქორწილში არ ვიქნებოდი. ჩემი მშობლები კარგა ხანს აზრზე ვერ მოვიდნენ.

– როცა ყველაფერი გაიგეთ, პოლინა მიიღეთ?

– კი. ვანიკომ ის ოჯახში მოიყვანა და მშობლებმა კარგად მიიღეს. თუმცა, მათ შორის ყოველთვის იყო უხილავი დაძაბულობა. პოლინა თავისებური, განებივრებული გოგო აღმოჩნდა, მხოლოდ ვანიკოს უჯერებდა, დედაჩემს ან მამაჩემს რამე რომ ეთხოვათ, არაფერს გაუკეთებდა. 1 წელი ასე გაგრძელდა, მერე გადაწყვიტეს, რომ საზღვარგარეთ, ჰოლანდიაში წასულიყვნენ საცხოვრებლად. ყველა მივხვდით, რომ ეს პოლინას იდეა იყო. დედამ სცადა ვანიკოსთვის გადაეფიქრებინა, მაგრამ ვერ შეძლო. ბოლოს გაბრაზებულმა პოლინას უთხრა, აი, რატომ არ მინდოდი რძლად, შვილს რომ მართმევო. პოლინამ მის სიტყვებზე მხრები აიჩეჩა და უპასუხა, არაფერსაც არ გართმევ, უბრალოდ, კარგი ცხოვრება გვინდაო. მაშინ, 1992-1993 წლებში, ყველას უჭირდა და ისინიც წავიდნენ. ბავშვი ჩვენ დაგვიტოვეს. წასასვლელი თანხა პოლინას მშობლებმა მოუგროვეს. 4 წლის განმავლობაში წასულები იყვნენ, პირველად ძალიან უჭირდათ, მაგრამ, როგორც ლტოლვილებს, სახელმწიფო ეხმარებოდა. ბინაც კი მისცეს. სახელმწიფო იმდენად კარგად ეხმარებოდა, რომ იქიდან რაღაც დანაზოგს ჩვენც გვიგზავნიდნენ. როგორც ლტოლვილებს, სამედიცინო მომსახურეობა უფასო ჰქონდათ. მერე ვანიკომ მუშაობა დაიწყო და დროთა განმავლობაში ცხოვრებაც აიწყვეს.

– მშობლების სანახავად არ ჩამოსულან?

– არა. პოლინას მამის გარდაცვალების შემდეგ დედამისმა ყველაფერი გაყიდა და შვილთან წავიდა. ჩემს ძმას იქ ბიჭი შეეძინა, მაგრამ ჩემი ძმისშვილი დღესაც არ მინახავს. მერე ვანიკო მარტო ჩამოვიდა და გოგონა წაიყვანა. ასე და ამრიგად, დავკარგეთ ძმა. დაკარგვას ნიშნავს, რადგან წლების განმავლობაში ის ჩვენთვის არ იყო. თავისთვის ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად. დედაჩემი იმაზე ბრაზდებოდა, რომ ცოლის გამო ასე მოიძულა მშობლები.

– რატომ გეგონათ, რომ მშობლები მოიძულა?

– იმიტომ, რომ ის არასდროს ფიქრობდა მათზე. წავიდა და მოხუცი მშობლები მე დამიტოვა. მარტო ფულის გამოგზავნა არ ნიშნავს სიყვარულს. მშობელს მოვლაც უნდა და ტკბილი სიტყვაც. მამაჩემი ისე გარდაიცვალა (ავარიაში მოყვა), რომ შვილი ვერ ნახა, ვანიკო მამის დასაფლავებაზე არ ჩამოსულა, მხოლოდ ფული გამოაგზავნა.

– თქვენ თუ შექმენით ოჯახი?

– კი, 2 შვილი მყავს. საუბედუროდ, არც ჩემი ძმა ყოფილა ჩემს ქორწილში, მაგრამ მისგან განსხვავებით, დედაჩემი იყო. ღვთის წყალობით, ჩემი მეუღლე დედას კარგად ექცეოდა. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ დედა სულ ვანიკოზე ფიქრობდა. მთელი დღეები ტელეფონს არ შორდებოდა, ყოველ წუთს ეგონა, რომ დაურეკავდა. ერთხელ დედას უთხრა, ჩამოვალო, მაგრამ არ ჩამოვიდა. იმედით უყურებდა ქალი გზას, მაგრამ ეს სიხარულიც წაართვა. არც მაშინ ჩამოვიდა, დედა საავადმყოფოში რომ იწვა და მძიმე სენით იყო დაავადებული. დედა კი სულ ელოდა და ელოდა. თვალი კარისკენ გაურბოდა. მე რომ არ დამენახა, ცრემლიან თვალებს მარიდებდა. ბოლოს მე დავურეკე და კატეგორიულად ვუბრძანე, ყველაფერი გაეკეთებინა იმისათვის, რომ ჩამოსულიყო, ცოცხლისთვის მოესწრო, რადგან ექიმმა მითხრა, მისი დღეები დათვლილიაო. ჩემი ძმა ჩამოვიდა, მაგრამ ცოცხალს ვერ ჩამოუსწრო. დედაჩემის უკანასკნელი სიტყვა ვანიკო იყო. სული მის ნატვრაში ამოხდა. ოჯახში რაც დანაზოგი მქონდა, სულ დედას წამლებსა და საავადმყოფოში დავხარჯე. მისი დასაფლავების ხარჯები ვანიკომ გაიღო. ყველაფერი კარგად გავაკეთეთ. პანაშვიდი ეკლესიაში გადავუხადეთ. როდესაც სასაფლაოდან მოვდიოდით, ერთმა ნათესავმა ქალმა მითხრა, შენი ძმა როგორი კარგი ბიჭია, დედას როგორი პატივი სცაო. იმ ქალს არაფერი ვუთხარი, მაგრამ გულში მწარედ გამეცინა. დედაჩემს მის ნატვრაში ამოხდა სული, სულ მის გზას გაჰყურებდა, მაგრამ ის ცოცხალი დედისთვის არ იყო, მკვდარს რაღაც რომ გაუკეთა, ის მოეჩვენა ხალხს დიდად. დედის გარდაცვალების შემდეგ ჩემი ძმის მიმართ ყოველგვარი გრძნობა გამიქრა, ის ჩემთვის უცხო ადამიანი გახდა. როდესაც მიდიოდა, არც გამიცილებია. ვაგრძნობინე, რომ ჩვენი ძმობა დამთავრებული იყო.

– მან არაფერი გითხრათ?

– რა უნდა ეთქვა? მისთვის პოლინას მეტი არაფერი არ არსებობდა და არც არსებობს. მისი გადამკიდე, არც მშობლები ახსოვდა და არც შვილის მოვალეობა. მან მხოლოდ თავისი ცხოვრება მოიწყო და სხვა არასდროს ანაღვლებდა. დღეს მარტო ვარ, ჩემ გვერდით ცოლ-შვილი და მეგობრები არიან, მაგრამ ძმა არა – დედასთან ერთად, ძმაც დავმარხე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018