ბაადურ წულაძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

ბაადურ წულაძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენქართველ მსახიობს, კინორეჟისორსა და სცენარისტს ბაადურ წულაძეს 17 მაისს, 15:00 საათზე, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მსახიობს საბურთალოს სასაფლაოზე, გივი ბერიკაშვილისა და დიმა ჯაიანის გვერდით დაკრძალავენ.  მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე 83 წლისა მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ბაადურ წულაძე დაიბადა ბათუმში. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი  ა. დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით (1961), სადიპლომო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ჯილდო”.

პირველად როგორც მსახიობი გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში “ქორწილი”. 1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი იყო, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი “კინოშოკი”, ანაპა (2005) – ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “თბილისი-თბილისი”.

1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია ქართულ ფილმში.