ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს მერია მიწის ნაკვეთებს გამოუყოფს და სახლებს აუშენებს

 ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს მერია მიწის ნაკვეთებს გამოუყოფს და სახლებს აუშენებსდედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში 3000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახია, რომლებმაც 90-იანი წლებიდან დღემდე ვერ შეძლებ საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღება. მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კი, რომელზეც მათი სახლები უნდა აშენებულიყო, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გასხვისდა.

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ოჯახები წარმოადგენენ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებს, რომლებმაც თავის დროზე გადაიხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ ბინების მშენებლობა და ეს ვალი აღიარებულია.

20-25 წლის განმავლობაში ეს ადამიანები სასოწარკვეთილნი ელოდებიან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართს. სამწუხარო გარემოებაა ისიც, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომელზეც ზემოთხსენებული ოჯახების სახლები უნდა აეშენებინა სახელმწიფოს, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, სხვადასხვა დროს იქნა პრივატიზებული, რითაც ბოლომდე უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინები, ხოლო მათთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესაძლებლობა მინიმუმამდე იქნა დაყვანილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით მოძიებულია 16 ჰექტარი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და პირველ ეტაპზე მინიმუმ 800 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„შევიმუშავეთ რიგითობის სამართლიანი პრინციპი, რომლის მიხედვით პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები და შემდგომ კი, ამავე პრინციპის მიხედვით, დანარჩენები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესის მართვა მერიის მხრიდან სამართლიანად და თანმიმდევრულად განხორციელდეს.

აქვე მინდა გითხრათ, რომ დეველოპერული კომპანიების შერჩევა მხოლოდ და მხოლოდ კონკურენტული პრინციპით განხორციელდება და ერთადერთი კრიტერიუმი იქნება მეტი დაზარალებულის დაკმაყოფილება ფართებით. სოციალური სარეიტინგო ქულების დადგენა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური მომსახურების სააგენტოს საშუალებით, დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე.

დაზარალებულ პირთა იმ ნაწილს, რომელსაც არ გააჩნია სარეიტინგო ქულა, შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.