ბირთვული რაკეტების გამოცდა, რომლითაც პუტინი მსოფლიოს “აშინებდა”, წარუმატებელი აღმოჩნდა

ბირთვული რაკეტების გამოცდა, რომლითაც პუტინი მსოფლიოს "აშინებდა", წარუმატებელი აღმოჩნდატელეკომპანია CNBC ამერიკულ სპეცსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის უახლესი ბირთვული რაკეტების გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე ჩატარებული ოთხივე გამოცდა წარუმატებელი იყო და მათგან საუკეთესო შემთხვევაში რაკეტამ მხოლოდ 35 კილომეტრზე იფრინა და ჩამოვარდა.

გამოცდისას არ იმუშავა ბირთვულმა დანადგარმა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ახალი ბირთვული რაკეტების გამოცდა კრემლმა მოითხოვა მიუხედავად კონსტრუქტორების გაფრთხილებისა, რომ სისტემა მზად არ იყო.

ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის შემუშავების შესახებ ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის მარტში ფედერალური კრებისადმი მიმართვისას გამოაცხადა. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, ბირთვული რაკეტის მოქმედების რადიუსი შეუზღუდავია.

ამერიკული ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული რაკეტებზე მუშაობა 2000 წლიდან მიმდინარეობს.