დიმიტრი ლორთქიფანიძე – “ღამის კლუბები, სადაც ნარკოტიკი იყიდება, უნდა დაიხუროს”

დიმიტრი ლორთქიფანიძე - "ღამის კლუბები, სადაც ნარკოტიკი იყიდება, უნდა დაიხუროს"პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ფეისბუქზე ფოტომასალას აქვეყნებს. ყოფილი დეპუტატი “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ კლუბ “ბასიანში” მხოლოდ ნარკოტიკი კი არ იყიდება, სხვა დასაგმობ საქმიანობასაც ეწევიან. ფოტომასალა გადაღებულია კლუბ “ბასიანში” და უცხოურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
მისი თქმით, რუსთაველზე გამართულ აქციაზე დედაქალაქს ღირსება შეულახეს. ამიტომ ღირსების აღსადგენ კონტრაქციას აანოსებს.
– ბატონო დიმიტრი, ნარკოტიკების გამსაღებლების დაკავებასა და კლუბ “ბასიანში” განვითარებულ მოვლენებს როგორ აფასებთ? შს სამინისტრომ როგორ იმოქმედა?
– შს სამინისტროს მიერ ერთი ღამის განმავლობაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 8 ნარკომოვაჭრის დაკავებისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მნიშვნელოვანი ფაქტია და საზოგადოებრივ მხარდაჭერას საჭიროებს. სხვა საკითხია სამართლებრივი ასპექტები, რომლებზეც შემდგომში გაკეთდება კომენტარები, იყო თუ არა გადაცდომა.
– გადაცდომა იყო?
– ამას ახლა ნუ შევეხებით. ვიდეომტკიცებულებები, შსს-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, მტკიცებულებების დონეზე, სავარაუდოდ, მთლიანად შეესაბამება სტანდარტს, თუ ამ კადრების ავთენტურობა დადგენილი იქნება. შესაბამისად, ჩემმა კოლეგებმა და თანამოაზრეებმა გამოვხატეთ მტკიცე თანადგომა შს სამინისტროს მიმართ,
შს სამინისტრის თანადგომა იმ პირობით გამოვუცხადეთ, რომ ისინი უკან არ დაიხევენ. თუ შეეშინდებათ და უკან დაიხევენ, მაშინ აქედან ჩვენ დავუპირისპირდებით. ჩვენს დედაქალაქს უნდა აღვუდგინოთ ღირსება, რომელიც შეულახეს. 9 აპრილის მემორიალი ფეხქვეშ გათელეს, 9 აპრილს დაღვრილი სისხლის უკან მდგომი ჩვენი გმირების სახელები შებღალეს. ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფაა, რომლის გადაყლაპვას არავინ აპირებს.
– კლუბ “ბასიანში” ნარკოტიკების გამო ჩატარებულ ოპერაციის გასაპროტესტებლად საკმაოდ ბევრი ხალხი შეიკრიბა. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მას პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანიც აკვირდებოდა.
– რუსთაველზე დღეს 2-3 ათასი ადამიანის მისვლა გასაკვირი არ არის, რადგან მათ რიცხვში უმრავლესობა არის ნარკოაფიქციონერი, ადამიანი, რომელიც არის მართული პროცესის მონა, რადგან ნარკოტიკებს მოიხმარს. 2-3 ათასი კაცის მოყვანა შესაბამისი ნარატივით პრობლემა არ არის ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიც არის “თეთრი ხმაური”, “ბექა კრიმინალი არ არის”, რომლებიც სოროსის ფონდიდან (ზოგი 18 ათასს იღებს, ზოგი – 50 ათასს, მესამე – რამდენიმე ათას დოლარს) დიდი ოდენობით ფულს ღებულობენ.
– 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელები როგორ შებღალეს?
– აძვრნენ მემორიალზე და როკავდნენ. მე ჩემს ოფიციალურ ფეისბუქზე გავასაჯაროვე ინფორმაცია, რომელიც შეეხება ღამის კლუბ “ბასიანში” მიმდინარე აღვირახსნილ ღამის ცხოვრებას. კერძოდ, გარდა ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელებისა, რომლის ფაქტის წინაშეც დავდექით შსს-ის სპეცოპერაციის შედეგად, იქ არის გარყვნილებისა და პროსტიტუციის ბუდე.
– თქვენ როგორ გაასაჯაროვეთ, ამის თაობაზე ინფორმაცია საიდან გქონდათ?
– ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ ბრიტანულ ინტერნეტ ჟურნალში დაიბეჭდა. გამოქვეყნდა “ბასიანის” ერთ-ერთი მენეჯერის ინტერვიუ. ბასიანის მენეჯერმა მისცა ჟურნალისტს უფლება, გადაეღო ფოტოები იმ პირობით, რომ ეს ფოტოები არ დაბრუნდებოდა. ჩვენ მოვიპოვეთ ეს მასალები და უკან დავაბრუნეთ. ამ მასალებს 4 ათასი გაზიარება აქვს, საზოგადოებაში იმხელა ინტერესია. ადამიანებს თვალი აეხილათ. დაინახეს, რომ ქვეყანაში ნარკოტიზაციის, სოდომიზაციის პროცესი მიდის. უამრავი ზნედაცემული, შეურაცხყოფის მიმყენებელი ადამიანი ვნახეთ უგონო მდგომარეობაში.
– სანამ სპეცოპერაცია ჩატარდებოდა, კლუბების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთან არანაირი ნარკოტიკი არ იყიდებოდა და ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ. როგორც ჩანს, დახურვის საფრთხე იგრძნეს. ზოგიერთი მართლაც მოითხოვს ამგვარი კლუბების დახურვას. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს?
– მიმაჩნია, რომ ასეთი კლუბების ადგილი საქართველოში არ უნდა იყოს, ვინიდან ისინი ემსახურებიან ახალი თაობის გარყვნისა და გადაგვარების საქმეს. თქვეს, ნარკოტიკს არ ვყიდითო, მაგრამ მხოლოდ ერთ კლუბში სამი ეპიზოდი გამოავლინა გამოძიებამ, მტკიცებულებების დონეზე გვაჩვენა, თუ როგორ ხდებოდა ნარკოტიკის გასაღება. ეს უკვე ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ასეთი დაწესებულებები კანონით უნდა აიკრძალოს.
– აქციის წამყვანები აცხადებდნენ, კლუბში ჩვენ მხოლოდ ვცეკვავდითო. კლუბები, სადაც შეიძლება ადამიანმა იცეკვოს და წავიდეს სახლში, არ შეიძლება?
– მე ღამის კლუბების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ღამის კლუბი და ნარკოტიკი სინონიმი გახდა. ღამის კლუბი ნარკოტიკების გარეშე აღარ არსებობს. ისეთი ღამის კლუბები უნდა აიკრძალოს, სადაც ნარკოტიკებია და არა ისეთი, რომელიც ემსახურება ხელოვნებას, ადამიანის განვითარებას, სადაც მიდის ქართული საზოგადოების ახალგაზრდული ნაწილი.
კლუბი “ბასიანი” პოლიტიკური პროექტია. კლუბის სრული სახელწოდებაა “ბასიანი ხორუმი”. აღებულია საკრალური მნიშვნელობის დასახელება და დიდი გამარჯვების აღმნიშვნელი ტოპონიმი. მოგეხსენებათ, ბასიანის ბრძოლა თამარ მეფის მეფობის ხანაში ქართველების გამარჯვებითა და რუქნადინის სრული განადურებით დასრულდა. როდესაც პრეზერვატივებზე თამარ მეფის გამოსახვას ბედავენ, როდესაც თამარ მეფის გამარჯვების აღმნიშვნელ სიმბოლოს, ბასიანის ომს, ნარკომოხმარების ადგილად აქცევენ, ეს არ არის მიზანმიმართული პოლიტიკა, ღირებულებათა მსხვრევისთვის? რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ არის. ამიტომაც თამარ მეფის ხსენების დღეს შევიკრიბეთ და მშვიდობიანი მსვლელობა მოვაწყეთ.
ჩვენ ამ მსვლელობით მხარს ვუჭერთ შს სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ჩატარებას და ნარკოგამსაღებლების დაკავებას. ისინი მხარს უჭერენ ნარკობარიგებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვუპირისპირდებით არა ხელისუფლებას, არამედ იმ ნარკოპოლიტიკას, რომელსაც ახალგაზრდობა განადგურებამდე მიჰყავს. ასე რომ, ჩვენი შვილების მომავალს ვუფრთხილდებით არ მაქვს უფლება, ჩვენი შვილების უფლება დავიცვა?
კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ ნათია ორაშვილი, რომელსაც საზოგადოება იცნობს სახელით ნაჯა ორაშვილი. ინდურად ნაჯა ნიშნავს სათვალეებიან ასპიტს, გველს. არ ვიცი, რატომ დაირქვა ამ გოგონამ სახელი “ნაჯა”, მაგრამ მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის აკეთებს დიდ პოლიტიკას. არ არის აუცილებელი, პოლიტიკა აკეთო ტრიბუნასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი პოლიტიკა ახალგაზრდებთან ურთიერთობაში კეთდებოდეს ღამის კლუბებშიო. ისინი არ უარყოფენ, რომ ღამის კლუბი არის ბევ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დამეგობრებული და მათი შტაბი.
– ნაციონალების დროს 8-10 ტონა ნარკოტიკი შემოდიოდა საქართველოში, აქედან 2 ტონა რჩებოდა საქართველოში დანარჩენი სხვა ქვეყნებში გადიოდა. როგორც ჩანს, აქედან ნაცმოძრაობას ძალიან დიდი შემოსავალი ჰქონდა.
– კი, ძალიან დიდი შემოსავალია, ნარკომაფია მუშაობს. ნარკომაფია ახლა დაუპირისპირდება ყველა იმ ორგანიზაციას და ადამიანს, რომელიც ხმას აიმაღლებს. ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას.
– რუსთაველზე გამართულ აქციაზე ეს ადამიანები აპროტესტებდნენ ძალადობას, აცხადებენ, რომ “ბასიანში” სპეცოპერაციის ჩატარების დროს იძალადეს. წარმოდგენილ კადრებში თქვენ ძალადობის ნიშნები ვერ დაინახეთ?
– სპეცოპერაცია ყოველთვის არ არის ძალადობის სინონიმი. ამაზე ბევრად ხმაურიანი ხპეცოპერაციები გვინახავს ქრონიკებში ესპანეთში, საბერძნეთში, გერმანიაში და ამაზე პროტესტი არავის გამოუცხადებია. 8 ნარკორეალიზატორის დაკავების დროს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელია, ხმაური რეალურად უნდა იქნას შეფასებული.
– ითქვა, რომ ეს ნარკორეალიზატორები მანამდე ჰყავდათ დაკავებული, ოღონდ “ბასიანის” გარეთ. ამას როგორ ახსნით?
– არაფერზე კომენტარს არ გავაკეთებ, სანამ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული პროკურატურის საბოლოო ინფორმაცია არ იქნება. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში აღვირახსნილი ნარკოპროპაგანდა და ნარკოდილერები შევაჩეროთ, რადგან ბოლო დროს ამ მიზეზით არაერთი ადამიანი გარდაიცვალა.
– საგანგაშო ფაქტებია. ამავე დროს, ამ სპეცოპერაციის გამო ზოგიერთმა ტურისტული სეზონის ჩაშლის საფრთხე დაინახა.
– მე ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავ ტურიზმის ჩაშლის თვალსაზრისით. ღამის კლუბი რაც უფრო მეტად მოწესრიგებული იქნება, მით უფრო მეტი ტურისტი შევა. როდესაც სახელმწიფოში არის ტურიზმის განსაკუთრებული ხელშეწყობა, უნდა იყოს წესრიგიც. შს სამინისტროს ასეთი მკაცრი პოლიტიკა ტურიზმს ყოველთვის გაუღვიძებს საქართველოში ჩამოსვლის სურვილს.
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა