ემზარ ჯგერენაია – “ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია მევახშეობას გააძლიერებს”

ემზარ ჯგერენაია - "ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია მევახშეობას გააძლიერებს"ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციები ძალაში შევიდა. რეგულაციების მიხედვით, კომერციულ ბანკებს ეზღუდებათ სესხების გაცემა. ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ რეგულაციები სიტუაციას გააჯანსაღებს, თუმცა აღნიშნულ ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია “ახალ თაობას” აღნიშნულ ინიციატივაზე ესაუბრება და ამ პროცესს უარყოფითად აფასებს.
– ბატონო ემზარ, ეროვნული ბანკის რეგულაციები კომერციული ბანკებისადმი უკვე ძალაში შევიდა. ძირითადად უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა ამ ინიციატივას. რას იტყვით თქვენ?
– როგორც წესი, ბანკებს ჰქონდათ რეგულირების საშუალება, კრედიტები ვისზე უნდა გაეცათ და ვისზე არა. ისინი ამოწმებდნენ საკმაოდ ინტენსიურად, ღრმად და საფუძვლიანად, პირს ჰქონდა თუ არა საკრედიტო ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა და ასე შემდეგ. ანუ ბანკი ყველანაირად იზღვევდა თავს. სწორედ ამის მიზეზი იყო ის, რომ ბანკები ხშირად უარს ეუბნებოდნენ კლიენტებს კრედიტებზე. არა მგონია, რომ იმან, რაც დღეს ხდება, სიკეთე მოუტანოს ადამიანს.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ ვისაც ვალის აღება უნდა, ის მაინც აიღებს. ამ პრობლემას კი, რაც მოიმიზეზეს რეგულაციებისათვის, ვერაფერს უშველიან.
– გამოდის, რომ ეროვნული ბანკი ამით მევახშეობას შეუწყობს ხელს?
– რა თქმა უნდა, მეც ზუსტად მაგას ვგულისხმობდი. აუცილებლად ასე იქნება. როდესაც კლიენტი ბანკისგან უარს მიიღებს და მას ეს თანხა აუცილებლად სჭირდება, წავა და მას მევახშისგან ისესხებს, გაცილებით მაღალ პროცენტში და ამით კიდევ უფრო დაზარალდება.
– მაშინ რაში დასჭირდა ეროვნულ ბანკს ასეთი რეგულაციები?
– იმაში დასჭირდა, რომ სულ გვესმოდა შეფასებები, ეროვნული ბანკი არაფერს აკეთებს, არაფერში არ ერევა. ეროვნულ ბანკს ადანაშაულებდნენ უმოქმედობაში, რომ ის ვერ ამყარებდა კონტროლს კომერციულ ბანკებზე, რომ სიტუაცია იყო სრულიად უკონტროლო, ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, თავის სიტყვა თქვას.
– და შედეგებზე არ უფიქრია? ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ძალიან მალე ონლაინ სესხებსაც შეეხება მსგავსი რეგულაციები.
– საქმე აქ უფრო რთულად არის, რადგან ეს მოთხოვნა არსებობს, მისი დაკმაყოფილების საშუალება ყოველთვის მოინახება. ამიტომ სხვა გზა უნდა მოვნახოთ და არა ის, რომ მსესხებელს ავუკრძალოთ სესხის აღება.
– ალტერნატიულ გზაში რას გულისხმობთ? რა უნდა გაკეთებულიყო, რა იქნებოდა სწორი?
– ვიმეორებ, სანამ სესხებზე ასეთი მოთხოვნა არსებობს, ჩვენ ის არ უნდა ავკრძალოთ. უბრალოდ, ადამიანი რომელსაც უნდა, რომ აიღოს სესხი, ის მას აიღებს, თუმცა გააჩნია, როგორ, რა ფასად. უფრო ძვირად, უფრო გართულებული პროცედურებით, მაგრამ მაინც აიღებს!
– ანუ გამოდის, რომ ეს რეგულაციები არ იმუშავებს?
– ეს შეაფერხებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქციონირებას და გააძვირებს კერძო გამსესხებლებს. ანუ მევახშეებს. დაზარალდება ის, ვისაც სესხი აჭირდება. ბევრი სესხს იღებს ასევე ახალი ტექნიკის შესაძენად, სჭირდება მაცივარი, ტელევიზორი. არ აქვს თანხა და ამას სესხით ყიდულობს.
– ანუ შეფერხდება ეკონომიკური პროცესებიც და დაიკლებს ვაჭრობაც?
– დიახ, ასეა. ვაჭრობა ამ ბიზნესში აუცილებლად შემცირდება.
– მაშინ რატომ საუბრობენ ამ რეგულაციების ეფექტურობაზე ეკონომიკის მინისტრი და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა?
– იმიტომ, რომ ისინი აწესებენ ამ რეგულაციებს. მათი სურვილია დაგვანახონ, რომ აი, მუშაობენ. თავის საქმეს აკეთებენ. ბოლო პერიოდია, ნამეტანი რეგულირებადი გახადეს ყველაფერი. ყველაფრის რეგულაცია შეიძლება?!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა