ზაზა სარალიძემ რუსთაველი გადაკეტა – აქციაზე ნანუკა ჟორჟოლიანი მივიდა

ზაზა სარალიძემ რუსთაველი გადაკეტა - აქციაზე ნანუკა ჟორჟოლიანი მივიდააქციის „ნუ მოკლავ“ მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მომიტინგეების რაოდენობა გაიზარდა, აქციის ორგანიზატორებმა საპატრულო პოლიციას სთხოვეს, მათთვის სივრცე დაეთმოთ, შემდეგ კი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს.

ამჟამად რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მიმოსვლა გზის ორივე მხარეს გაჩერებულია.
საპროტესტო აქცია უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ აქციაზე, რომლის ინიციატორი მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეა, იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის „ქართული მარშიდან“, „თეთრი ხმაურის მოძრაობიდან“.

ზაზა სარალიძემ რუსთაველი გადაკეტა - აქციაზე ნანუკა ჟორჟოლიანი მივიდაასევე აქციაზე რჩებიან ძიუდოისტები, რომლებმაც დღეს 17:00 საათზე, ასევე პარლამენტის შენობასთან ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს.

აქციაზე ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მივიდა.

– მე აქ წარმოვადგენ მთელ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, მე აქ წარმოვადგენ ჩემს გენერალურ დირექტორს, მე აქ წარმოვადგენ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ აქ ვერ მოვიდნენ, მაგრამ ისინი გამოხატავენ სოლიდარობას, – განაცხადა მან.

ჟურნალისტმა ზაზა სარალიძეს გამძლეობა უსურვა. მან სანდრო გვირგვლიანის საქმე გაიხსენა და განაცხადა, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც იმ პერიოდში სიმართლის დადგენას ითხოვდნენ, დღეს ხელისუფლებაში იმყოფებიან და ჩუმად არიან.

– მე დღეს აქ მინდოდა დამენახა მეტი ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ იდგა რუსთაველზე. ვიდრე არ ვისწავლით ერთმანეთის გაჭირვების გაზიარებას, ვიდრე არ დავრწუმნდებით, რომ სხვისი პრობლემა არის ჩვენი, გამორიცხულია, რომ რამე პრობლემა მოგვარდეს, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.