ინგა გრიგოლია – ვინც ღლიცინი დაიწყო ჩემს პრობლემაზე, ვეტყვი: ნუ იქნებით დარწმუნებულები, რომ თქვენც არ შეგეხებათ ძალადობა 

ინგა გრიგოლია - ვინც ღლიცინი დაიწყო ჩემს პრობლემაზე, ვეტყვი: ნუ იქნებით დარწმუნებულები, რომ თქვენც არ შეგეხებათ ძალადობა “აქამდეც სულ ვაშუქებდი და ამიერიდან კიდევ უფრო აქტიურად გავაშუქებ ქალთა უფლებებს, ქალებზე ძალადობას და წნეხს…”, – ამ პოსტს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს.

“შვიდი საათი ვიყავი გამოკითხვაზე პოლიციაში. ძალიან მძიმეა და სტრესულია ეს ყველაფერი, მაგრამ სხვა რა გზაა. მინდა რომ ციხეში წავიდეს დამნაშავე, რომელიც რამდენიმე წელია არანორმალურ ფსიქოლოგიურ წნეხში მაცხოვრებს და იმედი მაქვს, ამჯერად მაინც დაისჯება სათანადოდ. ძალიან დიდი იმედი მაქვს. მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მამხნევებთ და გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი საფრთხეები. მადლობა, მეგობრებო! აქამდეც სულ ვაშუქებდი და ამიერიდან კიდევ უფრო აქტიურად გავაშუქებ ქალთა უფლებებს, ქალებზე ძალადობას და წნეხს… მათ კი, ვინც სასწაული კომენტარები მიწერა და ღლიცინი დაიწყო ჩემს პრობლემაზე, ერთადერთს ვეტყვი – ნუ იქნებით დარწმუნებულები, რომ თქვენც არ შეგეხებათ ძალადობა. ცხოვრების კანონზომიერებაა ასეთი, ბუმერანგია ცხოვრება. ადამიანი, რომელიც მსხვერპლს დასცინის ან აბუჩად იგდებს, რომელიც მსხვერპლს თავის მართლების რეჟიმში აყენებს, მინიმუმ ძალიან ცუდი ადამიანია. დანარჩენს თქვენივე ცხოვრება გასწავლით. მშვიდობა გქონდეთ და კიდევ ერთხელ, ბევრი მადლობა ყველას, ვინც მამხნევებთ”, – წერს ინგა გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებისა და დაცვის თხოვნით მიმართა. ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავს, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს.