„ისე შენი დედას შევე…, რაც შენ სიმართლეს ლაპარაკობ“ – საკონსტიტუციოს მოსამართლე მოქალაქეს

„ისე შენი დედას შევე..., რაც შენ სიმართლეს ლაპარაკობ“ - საკონსტიტუციოს მოსამართლე მოქალაქეს„ისე შენი დედას შევე.., რამდენი შენ სიმართლეს ლაპარაკობ“, – ასე მიმართა სოციალურ ქსელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა მოქალაქე გია ფაცურიას, რომელიც „ფეისბუქში“ თავის პირად გვერდზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აკრიტიკებდა, მათ შორის თამაზ ცაბუტაშვილს. ფაცურიას განცხადებით, მისი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისს მიმართა, თამაზ ცაბუტაშვილს აწერია, 10 თვეზე მეტი გავიდა, ვადა დაირღვა და სასამართლოს სარჩელი არ განუხილავს. ფაცურიამ ცაბუტაშვილს კახეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში „ცოცხალი მკვდრის“ (ალექსი ბახუტოვის) საქმეც გაუხსენა.
„ბათუმში ჩავიდე, იქ მაგათი ფოტოები დავკიდო და მივაფსა თუ რა გავაკეთო? ეთიკის კომისიაზე გააქვთ იმერლიშვილის და სხვა საქმეები და დედააფეთქებულ ცაბუტაშვილს აწერია საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მე შევიტანე, ძალიან კონკრეტულ საქმეს რომ ეხება. ყველა ვადა დაარღვია ცაბუტაშვილმა, რომელიც არის ის პადონოკი, რომელიც იყო კახეთის სამხარეო პროკურორი და არაარსებულ დანაშაულზე გასროკა ტიპი და მოკლული სამ თვეში გამოჩნდა. და ეს უბედური, მკვლელობა რომ შეტენეს, კიდევ 6 თვე თუ ცოტა მეტი ციხეში იჯდა. ასეთ მარაზმატიკებთან, ასეთ საზიზღარ ხალხთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნავს ფაცურია ვიდეოში.

„რეგინფო“ მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილს ვერ დაუკავშირდა. მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა, თუმცა მანამდე „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში, დაადასტურა, რომ უცენზურო სიტყვების შემცველი კომენტარის ავტორი ნამდვილად ის არის.

„მისი გინება და შეურაცხყოფა არ ნახეთ? თვითონ უნდა მაგინოს? მანდ სამართლებრივი მხარე არაფერ შუაშია. აქ, წმინდა ადამიანური მხარეა. მომაყენა შეურაცხყოფა. ადამიანს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ პირველ რიგში არის ღირსება და მერე დანარჩენი ყველაფერი. როგორც მომაყენა შეურაცხყოფა, მეც იგივე პასუხი გავეცი“, – ციტირებს „გურია ნიუსი“ ცაბუტაშვილის კომენტარს.
„რეგინფო“ რამდენიმე იურისტს ესაუბრა. მათი განმარტებით, გინება საჯარო სივრცეში და მითუფრო მოსარჩელის მიმართ, მოსამართლისთვის უპირობოდ შეუფერებელი საქციელია.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, თუ მან ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი.

მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუკი მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი (ანუ 5 მოსამართლე მაინც).

პლენუმის დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

თამაზ ცაბუტაშვილი 1996-2003 წლებში მუშაობდა ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების პროკურორად; 2003-2004 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს, შსს ორგანოებში კორუფციის, ნარკოდანაშაულის და ადმინისტრაციულ პოლიციაში მოკვლევის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი; 2004-2011 წლებში იყო კახეთის საოლქო პროკურორი; 2006 წელს მიენიჭა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ღირსების მედალი; მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ (06.2011-07.2011). საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ივლისის N351 ბრძანებულების საფუძველზე, დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.