კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს ჯარიმა 55-დან 3 მილიონამდე შეუმცირა

კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს ჯარიმა 55-დან 3 მილიონამდე შეუმცირასაქართველოს კონკურენციის სააგენტოში საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დასრულდა, რომელიც საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ხორციელდებოდა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სააგენტოს 2015 წლის გადაწყვეტილება ბათილად ცნო და უწყებას საქმის გარემოებების ხელახალი მოკვლევა და ანალიზი დაავალა.

როგორც თავდაპირველი, ასევე, მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში მიღებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ანალიზის შედეგად, სააგენტომ დაადგინა შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის”, შპს “რომპეტროლ საქართველოს”, შპს “სან პეტროლიუმ ჯორჯიას”, სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს “ლუკოილ ჯორჯიას” მიერ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი) დარღვევის ფაქტი.

სააგენტომ ასევე დაადგინა შპს “რომპეტროლ საქართველოს”, შპს “ლუკოილ ჯორჯიას” და შპს „L ოილის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა – ფრენშაიზინგის/ქველიცენზიის ხელშეკრულებების შესაბამისად ფასების განსაზღვრის საკითხთან მიმართებაში.

კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის ზემოთ ჩამოთვლილ ეკონომიკურ აგენტებს ჯამში სამ მილიონამდე ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდათ.

შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოქმედი კომპანიები, 2015 წლის ივლისში, ჯამში, 55 მლნ ლარით დააჯარიმა .„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” – 14 381 385 ლარით, „სან პეტროლიუმ ჯორჯია” (გალფი) -11 267 384 ლარით, „რომპეტროლ საქართველო” – 10 845 806 ლარით, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” – 10 426 393 ლარით, „ლუკოილ-ჯორჯია” – 4 740 260 ლარით, „L ოილი” – 1 209 890 ლარით, „ი თი აი” – 1 172 766 ლარით, „ბინული 1″ – 654 445 ლარით.