ლევან ალაფიშვილი – “ივანიშვილს არც პრეზიდენტობის იურიდიული უფლება აქვს და არც – პრემიერობის”

ლევან ალაფიშვილი - "ივანიშვილს არც პრეზიდენტობის იურიდიული უფლება აქვს და არც - პრემიერობის"კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს იმაზე, ბიძინა ივანიშვილს აქვს თუ არა კონსტიტუციით უფლება, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.
– ბატონო ლევან, თქვენ განაცხადეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია, მოქმედი კონსტიტუციის თანხმად, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს ან პრემიერი გახდეს. რატომ?
– დღეს მოქმედ კონსტიტუციაში და იმ კონსტიტუციაშიც, რომელიც შემოდგომით ამოქმედდება, წერია, რომ პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ვერ გახდება მოქალაქე, რომელიც იმადროულად არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში 2012 წელსაც არსებობდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერებასთან დაკავშირებით ერთჯერადი შესწორება შეიტანა, რომლის თანახმადაც, შეიძლებოდა საქართველოს ჰყოლოდა იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარეც.
– ამ ერთჯერადი შესწორების კვალობაზე გახდა ის პრემიერი?
– დიახ, გამონაკლისი დაუშვა მაშინ კონსტიტუციამ, რადგან ასეთი შესწორება შევიდა, მაგრამ როგორც კი ივანიშვილი გადადგა პრემიერის პოსტიდან, კონსტიტუციის იმ ნორმამ მოქმედება შეწყვიტა. შესაბამისად, დღეს მოქმედებს ის ნორმა, რომლის მიხედვითაც გვაქვს ეს აკრძალვა.
– თქვენ ამბობთ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის ან პრემიერი გახდება, კონსტიტუციას დაარღვევს?
– არა, ამას არ ვამბობ. თუ ივანიშვილი იმავდროულად სხვა ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას შეინარჩუნებს, არათუ პრეზიდენტი ვერ გახდება, კანდიდატიც კი ვერ გახდება.
– სალომე ზურაბიშვილის მაგალითიც გვაქვს.
– დიახ. კონსტიტუციისთვის რა მნიშვნელობა აქვს სახელსა და გვარს. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ვინაიდან “ქართულ ოცნებას” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, კონსტიტუციაში შევიდეს კიდევ ერთი შესწორება, ეს სულაც არ არის გამორიცხული, მით უფრო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ.
– პრეზიდენტის უფლებამოსილებებზეც მინდა გკითხოთ. თქვენც ამ უფლებამოსილებებს სკეპტიკურად უყურებთ?
– იმ კონსტიტუციის მოდელს, რომელიც შემოდგომაზე ამოქმედდება და რომელსაც საპარლამენტო მოდელს ეძახიან, რეალურად სუპერ საპრემიერო მოდელი ჰქვია. ამ მოდელში პრემიერი სარგებლობს წამყვანი უფლებამოსილებით, რადგან ის არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სახელმწიფოს მეთაური და სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი არის პრეზიდენტი.
მართლაც ასეთი სიმბოლურია პრეზიდენტის უფლებამოსილებები?! ყველას ავიწყდება, რომ არსებობს ვენის კონვენცია, რომელიც ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ვის რა წერება კონსტიტუციაში, ქვეყნის სამ წარმომადგენელს – პრეზიდენტს, პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს საერთაშორისო ურთიერთობებში განსაკუთრებული უფლებამოსილებები აქვს. როგორ გამოდის სიმბოლურობა?! თუ კონსტიტუციონალიზმში დავრჩებით და პოლიტიკაში არ გადავალთ, აქ პრეზიდენტის სიმბოლურობაზე საუბარი სრულიად ზედმეტია.
პრობლემა სხვაგან არის: ამ ტიპის მოდელებში, მით უფრო როდესაც ასეთი მოდელი მოქმედებს ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში, პრობლემა ვლინდება დაუბალანსებლობაში. რეალური დემოკრატიის პირობებში ეს მოდელი სულაც არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ როდესაც რეალურად პარლამენტი ვერ იბარებს მინისტრს, რეალურად არ ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობას, ცხადია, რომ მაშინ პრობლემა თავს იჩენს. პარლამენტი მთავრობის მაკონტროლებელი არ არის.
– არ არის თუ ვერ არის?
– თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. გინახავთ საგნობრივი ოპონირება პარლამენტსა და მთავრობას შორის?!
– რატომ, რა არის ამის მიზეზი?
– ჩვენი პოლიტიკური განვითარების დაბალი დონე არის მიზეზი. მით უფრო, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობით არის პარლამენტში ხელისუფლება. რადგან ხელისუფლებაში ვართ და მთავრობა ჩვენია, სხვა არაფერია საჭირო, ასე თვლიან უმრავლესობის წევრები. ისინი მიიჩნევენ, – რაც უნდა თქვას მთავრობამ, ჩვენ კვერი უნდა დავუკრათ! ასეთია მათი შეხედულება დეპუტატის ფუნქციების მიმართ.
– პრეზიდენტის უფლებამოსილებებს რომ დავუბრუნდეთ, როგორ მოგწონთ, მაგალითად, ასეთი შეფასება – ბევრი რამე დამოკიდებულია არა იმაზე, რა წერია კონსტიტუციაში, არამედ პიროვნებაზე, რომ პიროვნება განსაზღვრავს ბევრ რამეს.
– სწორედ ასეთი მსჯელობა არის ინსტიტუციური დემოკრატიის დასასრულის დასაწყისი. დემოკრატიისთვის, მით უფრო კონსტიტუციისთვის, პიროვნებებს მნიშვნელობა არ აქვს. თუ ასე გაგრძელდება, მაშინ ჩვენ სუბიექტურ მმართველობას მივიღებთ. მართალია, ჩვენთან დემოკრატია ვითარდება, მაგრამ ჯერ კიდევ ამ სისტემაში ვართ, სადაც ინსტიტუციური დემოკრატია არ არის.
სადაც ინსტიტუციური დემოკრატია არ არის, იქ არის სუბიექტური მმართველობა. ამიტომ, სანამ სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპზე არ გადავალთ, ერთიდაიგივე წრეზე ვიტრიალებთ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა