ნინო ბურჯანაძე – “მარგველაშვილი ჰგავს შეშინებულ ადამიანს, ასეთი ადამიანი კი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გეგმავს”

ნინო ბურჯანაძე - "მარგველაშვილი ჰგავს შეშინებულ ადამიანს, ასეთი ადამიანი კი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გეგმავს" “ახალ თაობას” დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ესაუბრება.
– ქალბატონო ნინო, პრეზიდენტის ბოლო საპარლამენტო მოხსენება სკანდალად შეფასდა. თქვენ როგორ შეაფასებთ მის მოხსენებას?
– პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი და ეს არ არის სახელმწიფო. მე არ ვთვლი, რომ პრეზიდენტს მოხსენება ჰქონდა და მან 5 წლიანი ანგარიში წარუდგინა პარლამენტს და საზოგადოებას.
მისი სულ რაღაც 20 წუთიანი გამოსვლა, თავისთავად ეს ფაქტია უპრეცენდენტო. ის რაც ჩვენ მოვისმინეთ, არ იყო პრეზიდენტის ანგარიში, ეს იყო მხოლოდ არსებული ვითარების მიმოხილვა. შეიძლება გამოიყოს რამდენიმე სწორი შენიშვნა, რაც პრეზიდენტმა თავის 20 წუთიან მოხსენებაში გააჟღერა, მაგრამ მას არ ჰქონია მცდელობა, დაესახელებინა იმ პრობლემების მიზეზები, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. პრეზიდენტს მწვავედ უნდა ესაუბრა ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა სიღარიბე და სოციალურ მდგომარეობა, მნიშვნელოვნად უნდა გამოეყო ქვეყნის ოკუპაცია და რუსეთთან ურთიერთობა, რა საგარეო პოლიტიკის გამოწვევები არსებობს და როგორ პასუხობს მას ხელისუფლება.
ქვეყანა გაჩერებულია და უკანსვლის რეჟიმშია, ამაზე მარგველაშვილს ხმა არ ამოუღია. როდესაც საუბრობდა ერთპარტიულ მართვაზე და განდევნილ ოპოზიციაზე, მას აუცილებლად უნდა ეთქვა, ვინ იდგა ამ პრობლემის სათავეში. მესიჯები სწორად დასვა, მაგრამ საკითხები ვერ განავრცო.
გიორგი მარგველაშვილს ამის გამბედაობა არ ეყო. მე დავინახე შეშინებული პრეზიდენტი. რისი შეეშინდა, რატომ შეეშინდა, ამაზე მხოლოდ ერთი პასუხია, მას შეეშინდა ბიძინა ივანიშვილის. ძალიან არ მინდა გიორგი მარგველაშვილის დაკნინება, რადგან, როგორც ადამიანი, ის იმსახურებს დადებით შეფასებას, მაგრამ ეს პოლიტიკაში საკმარისი არ არის.
პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად პარლამენტს ტოვებდეს, ეს არც ამ ქვეყანაში მინახავს და არც სხვა ქვეყანაში.
– ის მოითხოვდა, რომ დებატებში ჩართულიყო, არსად გაქცევას არ აპირებდა, რომ მიეცათ საშუალება კითხვებზე პასუხი გაეცა, პარლამენტის თავმჯდომარემ მოიმიზეზა რეგლამენტი, რომელსაც ვერ დააღვევდა. თქვენ რომ ყოფილიყავით პარლამენტის თავმჯდომარე, შეცვლიდით რეგლამენტს?
– რა თქმა უნდა, შევცვლიდი, თუ ეს იქნებოდა პრეზიდენტის თხოვნა, მე ამ თხოვნას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ანგარიშს გავუწევდი. ის ფაქტი, რომ რეგლამენტი არსებობს და მას უნდა დამორჩილებოდა პრეზიდენტი, ამას მე ვიზიარებ. გიორგი მარგველაშვილს შეეძლო თავის დასკვნით სიტყვაში ეპასუხა ყველა იმ ბრალდებაზე თუ შეკითხვაზე, რომელიც მის წინააღმდეგ დაისვა.
შეეძლო ნაკლებად ემოციური ყოფილიყო და რაც სათქმელი ჰქონდა, ბოლოს ეთქვა. მაგრამ რადგან ის პრეზიდენტია, რადგან მან ითხოვა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულიყო დებატები, ბუნებრივია, რეგლამენტის შეცვლა შესაძლებელი იყო და ეს არაფერს საგანგაშოს არ გამოიწვევდა. მითუმეტეს, დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობა ისე ცვლიან რეგლამენტს, თუ მათ ეს სჭირდებათ, რომ არავის აზრს არ ეკითხებიან. ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი კანონი და მუხლები დაურღვევია უმრავლესობას, როცა ეს სჭირდებოდა.
კონსტიტუცია გათელეს და გადაგვახიეს თავზე. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?! პარლამენტში მიწვეული იყო დიპლომატიური კორპუსი და საზოგადოება ელოდებოდა პრეზიდენტის მოხსენებას, რას იტყოდა ის, როგორ უპასუხებდა მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და რა ვიხილეთ? გაქცეული პრეზიდენტი. ეს იყო როგორც პრეზიდენტის, პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის ინსტიტუტების შეურაცხყოფა, ასევე ასევე საზოგადოების უპატივცემლობა.
მარგველაშვილის ნაცვლად იქ ივანიშვილი რომ ყოფილიყო, ვინმეს რეგლამენტი გაახსენდებოდა?! ვინმე გაბედავდა ივანიშვილისთვის იმის შეხსენებას, რომ რეგლამენტი საერთოდ არსებობს? რა თქმა უნდა, არა! ამიტომ ვამბობ, რომ მონების პარლამენტი გვაქვს და მონების ქვეყნად გადავიქცევით თუ გონზე არ მოვა ჩვენი მოსახლეობა და მონა, როგორც წესი, ძალიან მაგარია იმასთან, ვიზეც მისი პატრონი გაბრაზებულია. ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია გიორგი მარგველაშვილზე და ამიტომ “ოცნება” ცდილობდა ივანიშვილის გულის მოგებას, ამიტომაც დაესხნენ თავს გიორგი მარგველაშვილს, მოუწყვეს მას პროვოკაცია და ისიც წამოეგო ამ პროვოკაციაზე. ეს იყო სულ!
– აქამდე ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ შესაძლოა გიორგი მარგველაშვილი ყოფილიყო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი. თუმცა ოპოზიციამაც გააკრიტიკა პრეზიდენტის მოხსენება, ამიტომ საეჭვო გახდა, რამდენად დაუჭერენ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას მხარს. თქვენ თუ დაუჭერდით მას მხარს, თუ ოპოზიცია მას აირჩევს?
– მე გითხარით და კიდევ გავიმეორებ, გიორგი მარგველაშვილი, როგორც პიროვნება, უდაოდ იმსახურებს მაღალ შეფასებას, მაგრამ პოლიტიკაში ეს საკმარისი არ არის. ის იყო ძალიან სუსტი პრეზიდენტი და მე ხშირად მითქვამს, რომ მას არ შეუძლია ბოლომდე იბრძოლოს ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ.
მე არ ვიცი, ოპოზიცია ვის დაუჭერს მხარს, არც ის მგონია, რომ გიორგი მარგველაშვილმა გაბედოს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა. ის ჰგავს შეშინებულ ადამიანს და, როგორც წესი, შეშინებული ადამიანი არ გეგმავს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას. ასეა თუ ისე, თუკი ოპოზიცია მარგველაშვილს მხარს დაუჭერდა, აქამდე მე შეიძლებოდა მეფიქრა გადაწყვეტილებაზე, თუმცა რაც ვიხილე, იმის შემდეგ ზუსტად ვიცი, რომ მარგველაშვილს მხარს არ დავუჭერ.
როდესაც ვლაპარაკობ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჩემი ამოცანა არის, ის რომ ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი პრეზიდენტი. ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს ის, რომ პრეზიდენტად მოვიდეს ის ადამიანი, რომელმაც შეიძლება სერიოზული ბრძოლა გამართოს და რეალურად დაუპირისპირდეს ბიძინა ივანიშვილს. მარგველაშვილი ვერ შეძლებს, ბოლომდე იბრძოლოს ოლიგარქის ხელისუფლების შესაცვლელად. ამიტომ ოპოზიციას მოვუწოდებ, სერიოზულად დაფიქრდეს, ვის დაუჭერს მხარს.
– თქვენ გამორიცხავთ თქვენს კანდიდატურას?
– არა, არ გამოვრიცხავ არავითარ შემთხვევაში. თუ ოპოზიცია დაასახელებს ჩემზე უკეთეს კანდიდატურას, ან ცოტათი ნაკლებს, ვიდრე ნინო ბურჯანაძეა, მაგრამ იქნება ოპოზიციური კანდიდატი, მე მზად ვარ, ვიფიქრო ამ საერთო შეთანხმებაზე საერთო საქმიდან გამომდინარე. მაგრამ ჯერ ასეთი კანდიდატი არ ჩანს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა