“რძალი და შვილიშვილები უნახავად შევიძულე”

"რძალი და შვილიშვილები უნახავად შევიძულე"დედამთილების უმრავლესობას რძალი სძულს და არცთუ უმიზეზოდ. როგორც კი მისი საყვარელი ვაჟი დაქორწინდება, დედამთილი უკვე დარწმუნებულია, რომ მართვის სადავეები ხელთ რძალმა იგდო და საკუთარ შვილზე მას ყოველგვარი უფლება ჩამოერთვა. დედის პოზიციიდან დედამთილი რძალს დაბრკოლებად აღიქვამს, რომელიც მას შვილთან ძველებურ ურთიერთობაში ხელს უშლის. ასევე რძალიც დედამთილს ეგოისტად მიიჩნევს, რომელიც მუდამ ცოლ-ქმარს შორის დგას. ეს გრძნობა თოვლის ზვავს ჰგავს და, რაც დრო გადის, უფრო და უფრო იზრდება.

ინესა:

– ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ჩემს პირად ცხოვრებაზე სახალხოდ მოვყვებოდი და ისიც ჟურნალისტთან. მაგრამ უკვე 80 წლის ქალი ვარ, ყველაფერი ვნახე და ფასეულობების გადაფასება, თუმცა ძალიან გვიან, მაგრამ მაინც დავიწყე.

ერთ ინტელიგენტურ, თბილისურ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი მშობლებისა და ბებია-ბაბუების ურთიერთობა ყველასთვის სამაგალითო იყო. ყველა ერთად ვცხოვრობდით – დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ჩემი უფროსი და, კატო. ბებიაჩემი, მამის დედა, ძალიან სათნო, მოსიყვარულე ადამიანი იყო. არ მახსოვს, დედაჩემთან ოდესმე კონფლიქტი ჰქონოდეს. დედაც მუდამ სიყვარულით პასუხობდა. მოკლედ, რძალ-დედამთილს შეხმატკბილებული ურთიერთობა ჰქონდათ. ბებიასა და ბაბუას შვილიშვილები ძალიან ვუყვარდით, ჩვენზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ. ომის შემდგომი, გაჭირვებული წლები იყო. არავის ულხინდა, მაგრამ ბებია რაღაც მანქანებით შვილიშვილების განებივრებას მაინც ახერხებდა. კარგად კერავდა და მე და ჩემს დას ძველმანებისგან ისეთ ლამაზ კაბებს გვიკერავდა, ყველას თვალი ჩვენზე რჩებოდა. მე ლამაზი ბავშვი ვიყავი, რასაც სხვებიც აღნიშნავდნენ. როცა სკოლაში შემიყვანეს, მახსოვს, მასწავლებელი თოჯინას მეძახდა და ძალიან ვუყვარდი. ჩემ მიმართ ქათინაურებს გამუდმებით ვისმენდი და თანდათან შევეჩვიე იმ აზრს, რომ ასეთ ლამაზ გოგონას ყველა განსაკუთრებულად უნდა მომპყრობოდა. ჩემი და, კატო, ჩემგან განსხვავებით, ჩვეულებრივი ბავშვი იყო. ის დედას ჰგავდა როგორც გარეგნულად, ისე ხასიათით, მე კი მამაჩემის სრული ასლი გახლდით. მასავით ლამაზი სახე და აშოლტილი ტანი მქონდა. ხასიათითაც მას დავემსგავსე. მამას მბრძანებლობა უყვარდა და მოითხოვდა, რომ ყველა მას დამორჩილებოდა. ოჯახში მისი სიტყვა კანონი იყო. ამის მიუხედავად, მისი არ გვეშინოდა, ძალიან გვიყვარდა და დიდ პატივს ვცემდით. დედას დამთმობი, რბილი ბუნება ჰქონდა და კატოც მას დაემსგავსა. მე კი მამის ხასიათი გამომყვა, თუმცა, ბევრად უფრო მძიმე ფორმებში. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი, თუ ვინმე რამეში წინააღმდეგობას გამიწევდა. ყველაფერში ჩემი უნდა გამეტანა. დედა ამის გამო ძალიან ნერვიულობდა და, როცა წამოვიზარდე, სულ მეუბნებოდა, რომ ასეთი ხასიათი ცხოვრებაში ბევრ პრობლემას შემიქმნიდა.

– ხომ გაგიგიათ, ხასიათი ბედიაო.

– ძალიან ბრძნული გამოთქმაა. დღემდე ჩემი დესპოტური ბუნების ტყვეობაში ვარ და თავს ვერაფერს ვუხერხებ. გული კი იმის გამო მტკივა, რომ პრობლემები მხოლოდ საკუთარ თავს კი არ შევუქმენი, არამედ სხვებსაც და, პირველ რიგში, ჩემს უსაყვარლეს შვილს. ოჯახიც სწორედ ამის გამო დამენგრა. როცა გავთხოვდი, ძალიან მალე მივხვდი, რომ სახლში მამაკაცს ვერ ვიგუებდი. ჩემი მეუღლე შესანიშნავი ადამიანი იყო – ნაღდი თბილისელი ვაჟკაცი, მშვენიერი, წარმოსადეგი, მოქეიფე, მეგობრებსა და ცოლ-შვილზე გადაყოლილი. ბუნებით ლიდერი გახლდათ და ცოლისგან მორჩილებას მოითხოვდა. ისე ნუ გამიგებთ, რომ მჩაგრავდა ან ცუდად მეპყრობოდა. არა, მას ძალიან ვუყვარდი და სიცოცხლის ბოლომდე ჩემ გარდა არავინ ჰყვარებია. ეს ყველამ იცოდა. მაგრამ ჩემი მეუღლე ნამდვილი მამაკაცი გახლდათ, რომელსაც მიაჩნდა, რომ ოჯახის უფროსი კაცი უნდა ყოფილიყო. თეორიულად ეს მეც ვიცოდი, მაგრამ მბრძანებლობა ისე მიყვარდა, ვერაფრით ავიტანდი, ყველაფერი ისე არ ყოფილიყო, როგორც მე მსურდა. ორი ლიდერის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება შეუძლებელია. ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ დათმობაზე ვერც ერთი ვერ მივდიოდით. ბოლოს კი დავშორდით. მაშინ ჩვენი ერთადერთი შვილი, გია, მე-7 კლასში იყო. დედ-მამის გაყრა ბავშვს ნამდვილ ტრაგედიად ექცა. ჩემი ქმარი დედამისთან გადავიდა საცხოვრებლად. ცოლი აღარ შეურთავს და სულ ეგონა, რომ შევრიგდებოდით. მე კი გათხოვებაზე აღარ მიფიქრია. საინტერესო ცხოვრება მქონდა. სამსახურის გამო საზღვარგარეთ ხშირად დავდიოდი. უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ მე არავინ მინდოდა, ისევ ჩემი ყოფილი მეუღლე მიყვარდა.

– რა უცნაურია, ერთმანეთი გიყვარდათ და მაინც დაშორდით.

– ეს ჩვენმა ჯიუტმა ხასიათმა განაპირობა, უფრო სწორად, ჩემი მეუღლე შერიგებისთვის მუდამ მზად იყო, მაგრამ მე თავს ვერაფრით გადავახტი. ბუნებრივია, ყველა ქმარს სურს, ცოლი სახლში იჯდეს, ოჯახს მოუაროს. ჩემი მეუღლე წინააღმდეგი არ იყო, რომ მემუშავა, მაგრამ საზღვარგარეთ თვეობით ჩემი ყოფნა, რასაკვირველია, არ მოსწონდა. მე კი მიმაჩნდა, რომ ბედმა შანსი მომცა, მსოფლიო მომევლო და ამ შანსს ჩემი ქმრის კაპრიზების გამო ხელიდან ვერ გავუშვებდი.

– ოჯახი კომპრომისების გარეშე რომ არ არსებობს, არ იცოდით?

– ვიცოდი, როგორ არა, მაგრამ ეგოისტი ვიყავი და საკუთარი თავი ქმარ-შვილზე მაღლა დავაყენე. არც ის გარემოება მაწუხებდა, რომ ბავშვი ჩვენს დაშორებას ძალიან განიცდიდა, თუმცა, გაგიჟებით მიყვარდა.

– არც ის იცოდით, რომ სიყვარული ეგოიზმს აბსოლუტურად გამორიცხავს? მით უმეტეს, როცა საქმე შვილებს ეხება.

– ესეც მშვენივრად ვიცოდი, მაგრამ ცოდნა ერთია და ხასიათი – მეორე. ჩემი ხასიათით  შვილს სიცოცხლე გავუმწარე. ბოლოს იმდენად აუტანელი გავხდი, რომ საცხოვრებლად ჩემს გაუთხოვარ დასთან გადავიდა.

– შვილმა მიგატოვათ?

– არ მინდა, გიაზე ცუდი იფიქროთ. ამას მიტოვება არ ერქვა. მე გავხადე იძულებული, წასულიყო. ჩემთან ცხოვრება ბავშვს ჯოჯოხეთად ექცა. ძალიან დესპოტურად ვეპყრობოდი, მოვითხოვდი, ყველაფერში დამმორჩილებოდა. წესიერი და დამჯერი ბავშვი იყო, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. მეტი გზა არ ჰქონდა. ჩემთან რომ დარჩენილიყო, დღეს, ალბათ, საგიჟეთში იქნებოდა.

– კი მაგრამ, ბავშვს რაღას ერჩოდით?

– რას ვერჩოდი? თითქოს არაფერს, პირიქით, ძალიან მიყვარდა და ვზრუნავდი მასზე, ოღონდ ეს სიყვარულიც ეგოისტური იყო. ჩემი შვილი მხოლოდ ჩემთვის მინდოდა. ყველაზე ვეჭვიანობდი, მამამისთან როცა მიდიოდა, ვბრაზობდი, მეგობრებთან როცა წავიდოდა, ნახევარ საათში ვურეკავდი და ხან რას მოვიმიზეზებდი და ხან რას, რომ მალე დაბრუნებულიყო. თანაც, ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინა, როგორც მე მომწონდა. მის სურვილებს ანგარიშს არ ვუწევდი. თუ წინააღმდეგობას გამიწევდა, ტვინი ისე მეკეტებოდა, შემეძლო, მეცემა კიდეც.

– და თქვენ ამას სიყვარულს ეძახით?

– ვიცი, ძნელია დამეთანხმოთ, მაგრამ რატომღაც ბავშვს სწორედ გადამეტებული სიყვარულის გამო ვეპყრობოდი ასე. ის მხოლოდ ჩემი უნდა ყოფილიყო, გესმით?

– ალბათ, მომავალ რძალზეც ეჭვიანობდით, არა?

– ეს კიდევ ცალკე თემაა. ხშირად წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ჩემი შვილი დაოჯახდებოდა, ცოლი და ბავშვები ეყოლებოდა და გული უცნაურად მეკუმშებოდა. ბოლოს კი მივხვდი, რომ ამის ატანა ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა.

– რა გინდოდათ, ბერად შემდგარიყო?

– არ ვიცი, რა მინდოდა, მაგრამ ჩემი შვილისთვის ერთადერთი საყვარელი ადამიანი მე რომ უნდა ვყოფილიყავი, ეს აზრი ჭიასავით შემიჩნდა და მოსვენებას არ მაძლევდა.

– ამის შესახებ თქვენმა ვაჟმა იცოდა?

– დაახლოებით ხვდებოდა, მაგრამ ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ცოლის მოყვანას საერთოდ ავუკრძალავდი. რა მიზეზი უნდა მომეგონებინა საიმისოდ, რომ ახალგაზრდა, ჯანმრთელ კაცს ოჯახის შექმნაზე უარი ეთქვა? დავუშვათ, საცოლე დავუწუნე და დამიჯერა. განა რამდენს დავუწუნებდი, საბოლოოდ ხომ მაინც გამიფრინდებოდა.

– დაგიჯერათ?

– საქმეც ის არის, რომ არ დამიჯერა. გულის სიღრმეში არც ვამტყუნებ. მართლა ბერად ხომ არ აღიკვეცებოდა. ერთი არაჩვეულებრივი გოგონა შეუყვარდა და ცოლად შეირთო. მანამდე საქმის კურსში ჩამაყენა და მითხრა, რომ წინასწარ იცოდა, არჩევანს დავუწუნებდი, მაგრამ მას ჩემი აზრი საერთოდ არ აინტერესებდა, რადგან ლელა სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. ამ სიტყვების გაგონება ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. რომ წარმოვიდგინე, შეიძლებოდა გიას დედაზე მეტად სხვა ქალი ჰყვარებოდა, გავმწარდი და ვუთხარი, რომ თუ იმ გოგოს შეირთავდა, სამუდამოდ დამკარგავდა და მის შვილებსაც არასოდეს ვნახავდი. დიდი ჩხუბი მოგვივიდა, გიამ მომაძახა, იცოდე, მარტოობაში ამოგხდება სულიო და სახლიდან გავარდა.

– კარგით, რა, შვილი არ შეგეცოდათ?

– არა. იმ წუთში ყველა მძულდა, გიაც კი. ის ღამე თეთრად გავათენე. თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა. ჩემს მდგომარეობას ვაანალიზებდი, მინდოდა, როგორმე თავს მოვრეოდი და გიასთვის გამეგო. მართლაცდა, რას აშავებდა? დედა უყვარდა, მაგრამ ქალი რომ შეჰყვარებოდა და ცოლად მოეყვანა, ამაში ცუდი რა იყო? არ ვიცოდი, რა მემართებოდა და მერე მივხვდი – გიას დაოჯახებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუშვებდი, თუ მას ის გოგო, რომელსაც ცოლად მოიყვანდა, არ ეყვარებოდა.

– ეს როგორ უნდა მომხდარიყო, იმას როგორ მოახერხებდით, რომ საყვარელი ქალი გადაჰყვარებოდა?

– ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ქორწილი ჩამეშალა. ამის გამო კი დიდი ბოროტება ჩავიდინე. გია დავიბარე და ვუთხარი, რომ ვითომ იმ გოგოსა და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაცია შევაგროვე და რომ გაიგებდა, რა ხალხთან  ექნებოდა საქმე, დაქორწინებას გადაიფიქრებდა.

– დაგიჯერათ?

– გიამ თავი ისე დაიჭირა, თითქოს დამიჯერა, ყოველ შემთხვევაში, სიტყვიერი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ეს მესიამოვნა და ვუთხარი, რომ თუ მაინცდამაინც ცოლის შერთვა უნდოდა, ერთ ძალიან კარგ გოგოს ვიცნობდი და ის უნდა მოეყვანა. სინამდვილეში ერთი მიზანი მქონდა – დაე, გიას ცოლი შეერთო, ოღონდ უსიყვარულოდ. ეს აზრი ოდნავ შვებას მომგვრიდა. მთავარი იყო, ჩემ გარდა არავინ ჰყვარებოდა. გიამ მითხრა, შენს ინფორმაციას გადავამოწმებ და, თუ მართალი აღმოჩნდება, მაშინ ლელას დავშორდებიო.

– დაშორდა?

– არა, რა თქმა უნდა. გიამ მომატყუა, რომ იმ წუთში დავწყნარებულიყავი. მერე მე ორი თვით საზღვარგარეთ წავედი და ლელა მაშინ შეირთო. მამამისმა დიდი ქორწილი გადაუხადა, საქორწინო მოგზაურობაშიც გაუშვა. ეს ამბავი რომ გავიგე, ისე გავმწარდი, რომ ჩამოვედი, გიას დავურეკე და ვეჩხუბე, თან გავაფრთხილე, რომ მის ცოლს რძლად არ ვაღიარებდი და არც  მომავალი შვილიშვილების ნახვა მსურდა.

– ეს უკვე მართლა მეტისმეტია. ალბათ, მაშინ ძალიან გაბრაზებული იყავით. არ მითხრათ ახლა, რომ თქვენი სიტყვა შეასრულეთ. გიამ რა თქვა?

– გია ჩუმად მისმენდა და მერე ყურმილი უხმოდ დამიკიდა. მეორე დღეს ჩემთან მოვიდა და ლამის მუხლებში ჩამივარდა, მეხვეწებოდა, ლელა გამეცნო, მარწმუნებდა, ის, რაც შენ მითხარი ლელასა და მის ოჯახზე, გადავამოწმე და მხოლოდ ბინძური ჭორები აღმოჩნდაო. გიას ეგონა, იმ ჭორების გამო არ მინდოდა ლელა. მე გაქვავებული სახით ვუსმენდი და ბოლოს ძალიან მშვიდად და ცივად ვუთხარი, სანამ ცოცხალი ვარ, არც მაგ გოგოს და არც მის შვილებს არ ვნახავ-მეთქი. გია გატრიალდა და წავიდა. ახლა რომ ვფიქრდები, ძალიან სასტიკი ვყოფილვარ. საკუთარი შვილი ასე როგორ  გავიმეტე.

– დრო ყველაფრის მკურნალია. მერე გული მოგილბებოდათ. დიდი რამე, თუ შვილმა არ დაგიჯერათ. რომელი შვილი უჯერებს მშობელს, გიას რომ დაეჯერებინა?

– ერთი წელი ისე გავიდა, რძალი არ მინახავს. ეს ამბავი ყველამ გაიგო. ჩემი ნათესავები, მეგობრები, გაოგნებული იყვნენ და მეხვეწებოდნენ, გონს მოვსულიყავი, რადგან  ჩემს შვილს დიდ ტკივილს ვაყენებდი. მე კი გავჯიუტდი. ვინც ჩემი რძლის შესახებ რამე კარგს მეტყოდა, ყველა მოვიძულე. ამის გამო უახლოესი მეგობარიც კი დავკარგე, უფრო სწორად, იმან დამკარგა, მითხრა, რომ ჩემნაირ ადამიანთან საერთო აღარაფერი ჰქონდა. ამასობაში 25 წელი გავიდა. გიას ორი შვილი შეეძინა.

– და არც შვილიშვილებს იცნობთ? არც კი ვიცი, რა გითხრათ. მეცოდებით.

– კი არ უნდა გეცოდებოდეთ, უნდა გძულდეთ, ჯვარზე უნდა გამაკრათ. ბოლო ორი წელია, საკუთარ თავთან ბრძოლაში ვარ. როგორ ფიქრობთ, არ ვნანობ ან შვილიშვილების ნახვა არ მინდა? მაგრამ, ამ ჩემი საზიზღარი ხასიათის გადამკიდე, ვიტანჯები. ერთხელ ვთქვი და გათავდა. ამას წინათ კი, იცით, რა გავაკეთე? ჩემი შვილიშვილი მოვიდა და კარი არ გავუღე. გიას გოგონას მაკა ჰქვია. მოულოდნელად მოვიდა. ზარი რომ დარეკა, ვიკითხე, ვინ არის-მეთქი. მიპასუხა, მაკა ვარ, შენი შვილიშვილიო. კართან ვიდექი და, ის იყო, უნდა გამეღო, არც კი ვიცი, როგორ აღმომხდა სიტყვები – არავითარი შვილიშვილი მე არ მყავს-მეთქი.

– კარგი შანსი გქონდათ, თქვენი ეს უდიდესი შეცდომა გამოგესწორებინათ. რძლისა და შვილიშვილებისთვის უნდა აგეხსნათ ყველაფერი. ისინი გაგიგებდნენ, მით უმეტეს, რომ ბავშვი თქვენთან თავად მოვიდა.

– ძალიან დავიბენი და შემრცხვა, მერე კი ისევ ჩემმა სიჯიუტემ მძლია. მაკა რომ წავიდა, ბევრი ვიტირე. დრო მართლა ყველაფრის მკურნალია და ახლა დიდი სიამოვნებით მივიღებ რძალსაც და შვილიშვილებსაც, მაგრამ არ მოდიან.

– არც გაემტყუნებათ. გია მოდის ხოლმე?

– რა თქმა უნდა. ძალიან კეთილი შვილი მყავს. წესით, ჩემისთანა დედის დანახვაც კი არ უნდა სურდეს, მაგრამ არა. თან მოვხუცდი და ათასი რამ მჭირდება. გია თითქმის ყოველდღე მოდის, ყველაფერს მიკეთებს, ამას წინათ ძვირადღირებული წამლები მომიტანა. არაფერს მაყვედრის. მე იხტიბარს არ ვიტეხ, თავი ისე მიჭირავს, თითქოს დღემდე მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი, რძალს არ ვახსენებ, მაგრამ ძალიან კი მაინტერესებს, როგორია.

– რას აპირებთ?

– არაფერს. იმდენად ამაყი ვარ, მე თვითონ არ დავურეკავ და არც პატიებას მოვთხოვ. ახლა ვხვდები, რომ ეგოიზმი ადამიანს ღუპავს. დიდი ხნის წინ გიამ მითხრა, რომ მარტოხელა სიბერე მელოდა. მართლაც მარტო ვარ და, ალბათ, სული მარტოობაში ამომხდება.