სააკაშვილი – “ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება საფრანგეთში მის წინააღმდეგ გამოძიებას უკავშირდება”

სააკაშვილი - "ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება საფრანგეთში მის წინააღმდეგ გამოძიებას უკავშირდება"“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება საფრანგეთში მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება,” – ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში  ჩართვისას გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების დეპარტამენტს აქვს ძებნა გამოცხადებული მასზე იმისთვის, რომ პასუხი აგებინოს იმ მაქინაციებისთვის, რასაც ის საფრანგეთში ახორციელებდა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა, დახმარება ვაშინგტონისთვის ეთხოვა, თუმცა, აშშ-მ მას უარი უთხრა.

„ზის საქართველში თავის სოროში, შეშინებულია და ფიქრობს, რომ, თუ თანამდებობაზე მოვა, მას უცხოეთიდან თავს დაანებებენ. ეს არის ჩვეულებრივი თაღლითი,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება, მეტი ფული გააკეთოს მის თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საბანკო პოლიტიკის გამოც გააკრიტიკა ხელისუფლება და თქვა, რომ  მაღალი პროცენტების უკან დგას ივანიშვილი.

„ჩვენ ვართ ივანიშვილის ლომბარდში ჩადებულები,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ქართულ ოცნებაში არსებულ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთმანეთს ხელისუფლებაში არსებული კლანები შეეჯახნენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ისაუბრა მის  მიერ დაშვებულ შეცდომებზეც და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ასეთი იყო ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი პრეზიდენტობის დროსაც არ იხდიდა გადასახადებს.

“15 წელია, არ იხდის გადასახადებს. საქართველოს მოაჯდა კორუმპირებულ მაფიოზთა ბანდა,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა ჩამოერთვას ქონება. გარდა ამისა, უნდა მოხდეს უსამართლო კრედიტების გადავადება და დაიწიოს ბანკებში საპროცენტო განაკვეთმა.

რუსთავი 2