სოსო ცინცაძე – “ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატს “ოცნების” გარეთ ეძებს”

სოსო ცინცაძე - "ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატს "ოცნების" გარეთ ეძებს"ახალი პრეზიდენტი უნდა შევიდეს თუ არა ავლაბრის რეზიდენციაში? პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის ოფისი მის ფუნქციებთან და საკონსტიტუციო როლთან უნდა იყოს შესაბამისი. თუ ახალი პრეზიდენტი “ქართული ოცნების” კანდიდატი გახდა, ავლაბრის რეზიდენციაში არ შევა?
– ალბათ არ შევა. ყველას კარგად ახსოვს, ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის თუ რა გახდა პირველი დაპირისპირების მიზეზი, ამიტომ ეს თავმოყვარეობის საკითხიც არის ივანიშვილისთვის.
თავის დროზე ამხელა სასახლის მშენებლობა არ იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს შენობა უკვე არსებობს. მილიონობით ხარჯი გაწეულია, ამიტომ ახლა მისი ჩამორთმევა თუ ფუნქციის შეცვლა არ მგონია, სწორი გადაწყვეტილება იყოს. რაღა დაგიმალოთ და არც მე მომწონს, პრეზიდენტი რომ ამხელა, უშველებელ სასახლეშია გამაგრებული, თუმცა, არც ის ივარგებს, რომ ერთი ოთახი და ერთი საპირფარეშოღა ჰქონდეს პრეზიდენტს, რადგან ამით კიდევ უფრო დავამცრობთ მას, მის როლსა და ფუნქციას.
მე მომწონს ორბელიანების სასახლე, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია, მაგრამ აქ რეალურ პრობლემას ვაწყდებით, რა უნდა ვუყოთ ავლაბრის სასახლეს, პროფილი უნდა შეიცვალოს?! ათასი აზრი მოვისმინე, რომ უნივერსიტეტი უნდა გახდეს და ა.შ. მაგრამ მისი შენახვა რომ მილიონი ჯდება, რომელი უნივერსიტეტი შეინახავს მას?! თავის დროზე ქორწინების სასახლე, ვინაიდან მან ფუნქცია დაკარგა, ბადრი პატარკაციშვილს სულ ძალით აყიდინეს. ახლა რომელ ბიზნესმენს უნდა აყიდინონ ავლაბრის სასახლე და რა დატვირთვა უნდა მიეცეს მას?! პრობლემური საკითხია.
– ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლე მისაღებია?
– რასაკვირველია, მშვენიერი შენობაა ორბელიანების სასახლე, წინ ულამაზესი ბაღით. სწორედ ახალი კონსტიტუციით არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაბამისია. თუმცა, თუ უშიშროების საბჭო აღდგა მთელი თავისი აპარატით, მაშინ შეუძლებელია ათონელის ქუჩაზე მათი ერთად განთავსება. ამიტომ შეიძლება პრეზიდენტი და უშიშროების საბჭო ერთად განთავსდეს ავლაბრის რეზიდენციაში. ეს მსჯელობის საგანია.
– საერთოდ როგორია საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტის რეზიდენციები?
– ევროპაში ბევრი პრეზიდენტის რეზიდენცია მინახავს. ავლაბრის რეზიდენციასა და ორბელიანების სასახლის შუა რაღაც საშუალო რომ ავიღოთ, ისეთია. არც ძალიან დიდი და არც პატარა. პრეზიდენტი მაინც ქვეყნის სიმბოლოა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი ჟღერს.
– რამდენიმე ადამიანმა უარი უთხრა ივანიშვილს კანდიდატობაზე. როგორ ფიქრობთ, რატომ ამბობენ უარს?
– მე რამდენადაც ვიცი, ოთხმა ადამიანმა უარი უთხრა, ვიცი, რომ ეს ადამიანები პარტია “ქართული ოცნების” გარეთ მდგომნი იყვნენ ანუ არაპარტიულები. ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რომ ივანიშვილი პარტიის გარეთ ეძებს საპრეზიდენტო კანდიდატს და არა – გუნდის შიგნით.
– გამაერთიანებელი, არბიტრი, როგორც თავად ამბობენ, პარტიული კანდიდატი ვერ იქნება.
– რასაკვირველია. ამას ამბობენ თვითონ და ეს სწორი მიდგომაა, თუ, რა თქმა უნდა, ამ მიდგომას დაიცავენ. მაგალითად, დათო მაღრაძისგან არავინ მოითხოვს, რომ ბისმარკის დონის პოლიტიკოსი იყოს. მთავარია პატიოსნება და ღირსება. ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და, რაც მთავარია, არ უნდა ჰქონდეს ისეთი რეიტინგი ხალხში, როგორიც “ოცნების” ნებისმიერ წევრს ექნება. მაღრაძე კარგი კანდიდატი იქნებოდა, მაგრამ უარი თქვა. საფრანგეთში 1848 წლის რევოლუციის შემდეგ, ბურბონები რომ გაყარეს საბოლოოდ, პირველი პრეზიდენტი პოეტი ლამარტინი იყო, მის შემდეგ იყო ნაპოლონ მე-3.
მე პიროვნულად არაფერი საწინააღმდეგო მაქვს არც სოზარ სუბარის და არც თედო ჯაფარიძის, მაგრამ არც ერთი და არც მეორე ვერც გამაერთიანებელი იქნება და ვერც – არბიტრი. ისინი მაინც პარტია “ქართულ ოცნებასთან” ასოცირებულები იქნებიან, ამიტომ არაპარტიული კანდიდატი ჯობია. მეტიც, ქვეყნის იმიჯისთვისაც ჯობია, მაგრამ, როგორც ჩანს, არაპოლიტიკოსთა დათანხმება რთულია. ამიტომ, როგორც ამბობენ, ისევ შიგნიდან ხდება არჩევანი, რაც არ იქნება იმ შედეგის მომტანი, რაც ზეპარტიული კანდიდატის შემთხვევაში იქნებოდა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა