”ფარცვანია და ბუკია მეგობრები იყვნენ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, მეჯვარეები ვიყოთო, ალბათ იარაღი გაუვარდა…” – რა მოხდა ხობში

”ფარცვანია და ბუკია მეგობრები იყვნენ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, მეჯვარეები ვიყოთო, ალბათ იარაღი გაუვარდა...” - რა მოხდა ხობშიხობში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი – “ნიუპოსტს” გარდაცვლილი ახალგაზრდების მეზობლები უყვებიან, რომ ფაქტი ფარცვანიების სახლში მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული სამი ახალგაზრდა ფარცვანიების ოჯახის წევრმა, უფრო კონკრეტულად კი მოკლული გოგიტა ფარცვანიას დედამ ნახა, რომელიც შემთხვევის დროს მაღაზიიდან ბრუნდებოდა.

გარდაცვლილთა შორისაა დათა ბუკია და ხელოსანი, რომელიც ფარცვანიების სახლში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.

მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს და დეტალები უცნობია. გოგიტა ფარცვანია დაცვის პოლიციაში მუშაობდა და იარაღი სახლში ჰქონდა.

წინასწარი ინფორმაციით, სამივე ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და თითოეულ მათგანს თავში აქვს ტყვია მოხვედრილი.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა თავი მოიკლა.

– სამივეს თავში აქვს ტყვია მოხვედრილი, ერთად სადილობდნენ, არავითარი ვარაუდი არ გავქვს, რაც ვნახეთ ეს არის სამი გარდაცვლილი და იარაღი, საიდანაც სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა, – აცხადებს მეზობელი.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ფარცვანია და ბუკია ახლო მეგობრები იყვნენ.

მკვლელობის ირგვლივ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.

ფარცვანიასა და ბუკას მეგობრები გამორიცხავენ, რომ გიორგის ბავშვობის მეგობარი განზრახ მოეკლა.

– მშრომელი ბიჭები იყვნენ, ერთი ასაკის არიან და დროს ხშირად ერთად ატარებდნენ. არცერთი მათგანი დაოჯახებული არ ყოფილა. მეტიც, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, მეჯვარეები ვიყოთ, რომელიმეს ქორწილშიო, დღეს რა მოხდა, არ ვიცი, მთელი სოფელი დამუნჯებულია. სავარაუდოდ, ეს ჩემი ვარაუდია, მეგობებიდან ერთ-ერთს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა შემდეგ კი აფექტის მდგომარეობაში სხვისი ოჯახიც დაღუპა და თავიც დაიღუპა, – აცხადებს მოკლული ახალგაზრდების მეგობარი.

სამივე მოკლული ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ფარცვანიასა და ბუკიას პირველ მაისში, საკუთარ სახლში გვიან ღამით გადაასვენებენ.

56 წლის მამაკაცს, რომელიც ფარცვანიას სახლში მუშაობდა, ხინულაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ.

ამ დროისთვის არცერთი მოკლულის ოჯახის წევრი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნიუპოსტი