ხალილ მამოევის მკვლელობა ვაზისუბანში – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ხალილ მამოევის  მკვლელობა ვაზისუბანში - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 მაისს ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 14 მაისს თბილისში, ვაზისუბნის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ხალილ მამოევის მკვლელობის ფაქტის შესახებ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მან სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლით მიმდინარეობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 მაისს ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. ხალილ მამოევს სამი ტყვია ესროლეს. კურიერის ინფორმაცით, მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება. მოკლული ახალგაზრდა მძიმე ბრალდებით სასჯელს რამდენიმე წლის წინ იხდიდა. არსებობს ვერსია, რომ მასზე შური საპატიმროს დატოვების შემდეგ იძიეს.

შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაჭრილი ხალილ მამოევი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მას დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული და გული – გაჩერებული. რეანიმაციულ განყოფილებაში მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

30 წლის ხალილ მამოევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე დაკავებული არ არის.