„112-ში დავრეკე, პალატაში ვწევარ ორი საათია, ექიმი არ მოდის და სასწრაფო გამოუშვით-თქვა…“ – გურიაში მომხდარი ნამდვილი ამბავი

„112-ში დავრეკე, პალატაში ვწევარ ორი საათია, ექიმი არ მოდის და სასწრაფო გამოუშვით-თქვა...“ - გურიაში მომხდარი ნამდვილი ამბავი„გურიის მოამბე“ ოზურგეთის სოფელ ლიხაურში მოხდარ ტრაგიკომიკურ ამბავზე წერს:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრები სიმონ დონაძე, დღისით, მზისით, გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში, სავაჭრო ცენტრ “ჩემი მარკეტ”-თან იმყოფებოდა, როცა უეცრად გული წაუვიდა და წაიქცა.

უამრავი ხალხი მისცვივდა წაქცეულს, ზოგი რა “ტაბლეტს” ჩრიდა პირში და ზოგი რას.

ვიღაცამ 112-შიც დარეკა და… ოზურგეთის სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მოვიდა.

ვინაიდან, ბატონი სიმონი ექიმების მოსვლისასაც გონწასული იყო, ბრიგადამ სასწრაფოდ ოზურგეთის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ავადმყოფი პალატაში მოათავსეს.

სიმონ დონაძე:  “როგორც მითხრეს, თვალი რომ გავახილე, მომხდარიდან დაახლოებით 2-3 საათი იყო გასული. “ვაკვარკვალე” თვალები კიდო ორი საათი და კაციშვილი ჩემს ამბავს არ კითხულობს…ექიმს ჯვარი წერია, არც ექთანი და სანიტარი არ გაჭაჭანებულა, “დაჟე” ბუზიც არ შემოფრენილა, რომ დამეთვალა მაინც”-იგონებს დონაძე და აგრძელებს:

“მოვიხედე გვერდით და ჩემი “ფანრიანი ნოკია” დევს, ავიღე და დავრეკე 112-ში. გისმენთ ბატონოოო-მიპასუხეს. ავუხსენი სიტუაცია, ამა და ამ ადგილზე ვარ, ამა და ამ პალატაში ვწევარ და დაუყოვნებლი ვითხოვ შველას, გამოუშვით “სასწრაფო”  – თქვა. კი მაგრამ, მაქ თუ ხართ, საავადმყოფოში, “სასწრაფო” რაღად გინდათ მაშინ?- გაიკვირვა ოპერატორმა. რათ მინდა და სადაც წევიქეცი დამაბრუნეთ “იქინე”, წყალი მაინც შემასხეს-მეთქი, ვიყვირე სასოწარკვეთილმა”- იხსენებს დონაძე თავგადასავალს.