ასლან აბაშიძის პირადი ექიმი ილია ნაკაშიძე ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

ასლან აბაშიძის პირადი ექიმი ილია ნაკაშიძე ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი გახდაილია ნაკაშიძე პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის წევრია. ასლან აბაშიძის პირადი ექიმი აბაშიძის მმართველობის დროს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

როგორ მოხვდა “ქართულ ოცნებაში” და როგორ აფასებს ასლან აბაშიძის მმართველობას, რომელიც აჭარის ცნობილი მოვლენების დროს ცენტრალურ ხელისუფლებას უპირისპირდებოდა და რომლის ბრძანებითაც 2004 წლის 2 მაისს ჩოლოქის, ქაქუთისა და ცეცხლაურის ხიდები ააფეთქეს? სწორედ ამ საკითხებზე დაუსვა ილია ნაკაშიძეს შეკითხვები “ნეტგაზეთმა”. როგორც ცნობილია, ასლან აბაშიძე აჭარის მოვლენების შემდეგ რუსეთში გაფრინდა და დღემდე იქ ცხოვრობს.

პოლიტსაბჭოს წევრობამდე,  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ილია ნაკაშიძე მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა მაჟორიტარული წესით. იგი ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ილია ნაკაშიძე ირაკლი კობახიძემ მის დასაყრდენ ჯგუფის წევრთა ჩამონათვალში დაასახელა კიდეც.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გარდა, ილია ნაკაშიძე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრიცაა. იგი ამბობს, რომ 2011 წლიდან “ქართული ოცნების” რიგითი გულშემატკივარია, თუმცა 2016 წელს პარლამენტის წევრობის შეთავაზება აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან, ზურაბ პატარიძისგან მიიღო. როგორც თავად ამბობს, გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან მის პირველ პროფესიასთან დისტანცირება არ სურდა.

სანამ დეპუტატი გახდებოდა, ილია ნაკაშიძე  ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი იყო, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტში საგანმანათლებლო საქმეს ეწეოდა და დღემდე ეწევა:

– რა თქმა უნდა, ამ შეთავაზებაზე ბევრი ვიფიქრე იმიტომ, რომ დისტანცირება პროფესიასთან, სადაც მიაღწევ უმაღლეს კატეგორიას, სრული პროფესორი გახდები, სტუდენტები და რეზიდენტები გყავს, ძალიან რთულია, – ამბობს ნაკაშიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრობის შეთავაზება კი, როგორც თვითონ ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარისგან, ირაკლი კობახიძისგან მიიღო.

– პოლიტსაბჭოში ბოლო დროს აჭარიდან წარმომადგენელი არავინ იყო და შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ასე ვვარაუდობ, თორემ კონკრეტულად ამაზე არ გვისაუბრია. მე დამირეკა პარლამენტის თავმჯდომარემ და მითხრა, რომ სურვილი აქვთ კოლეგებს, საბჭოს წევრი ვიყო, – ამბობს ნაკაშიძე.

მისივე თქმით, პირადად ბიძინა ივანიშვილს პირველად 2012 წელს სასტუმრო “მეტეხში” შეხვდა, თუმცა შეხვერა რამდენიმე წამს გაგრძელდა. როგორც თავად ამბობს, საქმიანი შეხვედრა ივანიშვილთან პირველად სწორედ რამდენიმე დღის წინ პოლიტსაბჭოს მუშაობის ფარგლებში ჰქონდა.

ასლან აბაშიძესთან მუშაობის წლები
პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ილია ნაკაშიძე 1996-2004 წლებში ბათუმის საკრებულოს წევრი და თავმჯდომარე იყო. სწორედ იმ პერიოდში, როცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ასლან აბაშიძე მართავდა.

ნეტგაზეთთან საუბრისას ილია ნაკაშიძე ამბობს, რომ “ქართულ ოცნებაში” მისთვის ასლან აბაშიძესთან მუშაობის შესახებ შეკითხვები არ დაუსვამთ. ჩვენს შეკითხვაზე, წლების შემდეგ როგორ აფასებს ასლან აბაშიძეს, როგორც მმართველს, იგი პასუხობს:

– წარსულზე საუბარი იოლიცაა და რთულიც. იოლია იმ თვალსაზრისით, რომ ის ადამიანი ემსახურებოდა ქვეყნის მთლიანობას, ის ადამიანი ფიქრობდა ქვეყნის მთლიანობაზე და სხვაგვარად ვერ იფიქრებდა, რადგან მემედ აბაშიძის შვილიშვილი იყო. ვერ გაბედავდა, უბრალოდ, სხვაგვარადაც რომ ეფიქრა. რაც შეეხება უარყოფით მომენტებს, ალბათ მაშინდელ საქართველოს ეს ახასიათებდა, ამას საზოგადოება ხედავდა. მე ვლაპარაკობ იმ ხელისუფლების ზოგიერთ წევრზე, ვინც ასლანის გვერდით იყო. აქ პოლიტიკურ პოზიციებზე არ ვსაუბრობ აჭარის ხელმძღვანელობის, მორალურ სახეზე ვსაუბრობ, – ამბობს ის.

რაც შეეხება იმას, თუ მორალურად რა პრობლემა ჰქონდა ასლან აბაშიძის ხელისუფლებას, ნაკაშიძე აცხადებს, რომ “ამას უკომენტაროდ დატოვებს, რადგან საზოგადოებამ ისედაც იცის კარგად”.

ნაკაშიძე თვლის, რომ თუ ასლან აბაშიძის მმართველობის პოლიტიკური შეფასება უნდა მოხდეს, ასევე საჭიროა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაც შეფასდეს პოლიტიკურად, რადგან, როგორც თავად თვლის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მეტი ზიანი მიაყენა ქვეყანას:

– მე ასე მივუდგებოდი ფილოსოფიურად. მე ვიყავი საკრებულოს თავმჯდომარე, მე ვიყავი მისი პირადი და მისი ოჯახის ექიმი, ამიტომ, როგორც ექიმი, მე შეზღუდული ვარ, მასზე შეფასებები ვაკეთო, როგორც ადამიანზე, მაგრამ ერთ რაღაცას ხაზს ვუსვამ, ეს ადამიანი იყო და არის ამ ქვეყნის პატრიოტი. რაც შეეხება მის სტილს [მმართველობის], ამას უკვე საზოგადოებამ შეფასება მისცა და ჩემი გამეორება არ სჭირდება.

ილია ნაკაშიძის ფინანსური მდგომარეობა
ილია ნაკაშიძეს სხვადასხვა დროს შევსებული აქვს ქონებრივი დეკლარაცია. 2000-2004 წლებში, როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ხოლო 2016-17 წლებში – როგორც პარლამენტის წევრს.

2016 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ილია ნაკაშიძე სამ ბინას ფლობს, აქედან ორს ბათუმში, ხოლო ერთს – თბილისში. ბათუმში არსებული ბინები ერთი 180 კვადრატული მეტრია, ხოლო მეორე – 115. თბილისში არსებული ბინის ფართობი კი 95 კვადრატული მეტრია.

ილია ნაკაშიძე ასევე ფლობს ორ მსუბუქ ავტომანქანას- მერსედერს E-320-სა და GLA-250-ს. 2016 წელს ილია ნაკაშიძე ნაღდი ფული სახით 6.000 ლარს ფლობდა.

რაც შეეხება მის შემოსავლებს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიდან, სადაც იგი სრული პროფესორია, შემოსავლის სახით 24.000 ლარი მიიღო, ხოლო შპს ჯანმრთელობის ცენტრ მედინადან, სადაც ნაკაშიძე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა, 130.000 ლარი იყო მისი შემოსავალი.

2017 წელს, დეკლარაციის თანახმად, მისი ქონებრივი მდგომარეობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. ის ორის ნაცვლად ერთ ავტომობილს ფლობს. რაც შეეხება შემოსავლებს, ხელფასის სახით მან ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიდან, სადაც იგი სრული პროფესორია, შემოსავლის სახით 24.000 ლარი მიიღო, ხოლო შპს ჯანმრთელობის ცენტრი მედინადან, სადაც ნაკაშიძე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა, 100.000 ლარი იყო მისი შემოსავალი.

ილია ნაკაშიძის ცოლი ციური აბულაძე 2018 წლის მარტიდან ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს ხელმძღვანელობს. ციური აბულაძე პროფესიით ექიმია, ის 1992 წლიდან დღემდე მუშაობდა ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში ექიმ-ანესთეზიოლოგად. 2016 წლის 28 ნოემბერს ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ჯემალ დუმბაძე დააკავეს. მას დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისება ან გაფლანგვა ედებოდა ბრალად. დაკავებიდან ერთ თვეში ჯემალ დუმბაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ელენე ხაჭაპურიძე, ნეტგაზეტი