“ბაზარზე “ჩემი რანჩოს” პროდუქციის გამოჩენამ კურდღლის ხორცი გააიაფა”

"ბაზარზე "ჩემი რანჩოს" პროდუქციის გამოჩენამ კურდღლის ხორცი გააიაფა"საქართველოს ბაზარზე “ჩემი რანჩოს” პროდუქციის გამოჩენამ კურდღლის ხორცის ფასი 25-დან 50%-მდე შეამცირა, – ამის შესახებ Bm.ge-ს ფერმის დამფუძნებელმა ვანო იოსელიანმა განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად კილოგრამი ბოცვრის ხორცის ფასი 13,5-დან 16,5 ლარამდე მერყეობს, მაშინ როდესაც ის მინიმუმ 20 ლარს შეადგენდა, ამის მიზეზი კი ბაზარზე მწირი მიწოდება იყო, რაც არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა.

“მოვახერხეთ და მნიშვნელოვნად დავწიეთ ფასი ბოცვრის ხორცზე, რაც საშუალოდ 13,5-დან 16,5 ლარამდე მერყეობს, რაც საქონლის და სხვა ხორცთან შედარებით საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

ჩვენ ვმუშაობთ, რომ კურდღლის ხორცზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც პრინციპში, ყოველთვის იყო, მაგრამ წლების განმავლობაში მიწოდება არ იყო საკმარისი, რადგან დღემდე არსებული მცირე საოჯახო მეურნეობები, ვერ აკმაყოფილებდნენ ბაზრის მოთხოვნას. ჩვენი მასშტაბის საწარმო არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონში არავის აქვს. ბაზარს ყოველთვიურად 4 ტონა ბოცვრის ხორცს ვაწვდით და ის უკვე, თითქმის ყველა მოწესრიგებულ საცალო ქსელში იყიდება.

გვყავს მეხორცული ჯიშის ბოცვრები, რომლებც ევროპიდან შემოვიყვანეთ, ამჟამად ურთიერთობა დავიწყეთ ერთ-ერთ წამყვან ფრანგულ სელქეციურ კომპანიასთან, რაც კიდევ უფრო გაზრდის ფერმის პროდუქტიულობას“, – განაცხადა ვანო იოსელიანმა.

მისივე განცხადებით, ფერმაში წარმოებული კურდღლის ხორცი ეკოლოგიურად სუფთაა, რადგან მისი მოვლისას ანტიბიოტიკების გამოყენება არ ხდება.

“ბოცვრის ხორცი თავისი თვისებებით უნიკალურია, არის ჯანმრთელი და სუფთა. ჩვენთან წარმოებაში აკრძალულია ანტიბიოტიკებისა და ქიმიური დანამატების გამოყენება, 100%-ით მცენარეულ საკვებზე იზრდებიან, რაც მის საუკეთესო გემოვნურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს განაპირობებს“ – განაცხადა ვანო იოსელიანმა.