“ელმავალმშენებლის” ქონების ნაწილი “საქართველოს ბანკის” მფლობელობაში გადავიდა

"ელმავალმშენებლის" ქონების ნაწილი "საქართველოს ბანკის" მფლობელობაში გადავიდა“ელმავალმშენებლის“ ქონების ნაწილი “საქართველოს ბანკის“ მფლობელობაში გადავიდა, გადაწყვეტილება ამის შესახებ კომპანიის 87%-ის მფლობელმა შპს „ლოკო ტრანს კომპანიმ“ მიიღო. საუბარია თბილისში გურამიშვილის ქუჩის 84 ნომერში მდებარე მდებარე მიწის ნაკვეთებსა და მასზე განთავსებულ უძრავ ქონებაზე.

გადაცემული ქონება რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრია. როგორც “ელმავალმშენებელში“ bm.ge-ს განუმარტეს, ქონების გადაცემას დროებით რეჟიმში მოხდა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ კომპანიას უკან დაუბრუნდება.

– ეს არ არის სამუდამო გადაცემა. ქონება კრედიტის სანაცვლოდ იყო ჩადებული, თუმცა დაფარვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ამიტომ ბანკმა თავი დაიზღვია და ქონება მის მფლობელობაში გადავიდა, თუმცა გამოსყიდვის უფლება გვრჩება, რომლის ვადაც ნოემბრის ბოლომდეა. -განუცხადა bm.ge-ს ,,ელმავალმშენებლის“ გენერალურმა დირექტორმა დავით გორგოძემ.

კომპანიას “საქართველოს ბანკისგან” დაახლოებით 10 მილიონი დოლარის სესხი აქვს აღებული, რომელიც ჯერ ვერ დააბრუნეს.

– შეკვეთები არ გვაქვს, საქართველოს რკინიგზა შეკვეთას არ იძლევა, უკრაინაში ომია, ჩვენი პროდუქცია კი ფართო მოხმარების არ არის, რომ ყველგან გაყიდო. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არის იმედები, რომ შეკვეთები წამოვა საქართველოს რკინიგზისგან, ასევე უკრაინისგან და აზერბაიჯანისგან და სესხიც  დაიფარება, – აღნიშნა გორგოძემ.

“ელმავალმშენებელმა” გარკვეული ფართი კომპანია “ნოვაზეც“ გაასხვისა. გორგოძის განმარტებით, ის კომპანიას აღარ სჭირდებოდა.