კახა კუკავა – “ივანიშვილმა გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ნუკრი ქანთარია სამაგალითოდ დასაჯა”

კახა კუკავა - "ივანიშვილმა გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ნუკრი ქანთარია სამაგალითოდ დასაჯა"“ახალი თაობის” კითხვებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.
– ბატონო კახა, რა პროცესები მიმდინარეობს დღეს ქართულ პოლიტიკაში?
– რა პროცესებზეა საუბარი?! ეს არის ცირკი! კლოუნადაა ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ! ადამიანები საერთოდ ვერ გრძნობენ, რა პოსტებზე არიან და იქცევიან, როგორც საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. ძალიან მარტივი ტესტია, თუ გინდა რომ რეალური წარმოდგენა შეგექმნეს საქართველოს პარლამენტზე, უნდა გადართო რომელიმე ევროპულ არხზე, უყურო მათ პარლამენტის სხდომას, მერე უკან გადმორთო ჩვენს პარლამენტის სხდომაზე და მაშინვე მიხვდებით, თუ რა გასაჭირში ვართ.
– ასეთ რა გასაჭირში ვართ?
– ამაზე მეტი რაღა გინდათ? წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეა ჩვენს ქვეყანაში მეორე პირი, ბავშვი, რომელიც შეიძლება მხოლოდ პურის მოსატანად გაუშვა მაღაზიაში. 10-15 წლის წინ ქვეყნის სათავეში პოლიტიკური ფიგურები იყვნენ ხოლმე. დღეს რა ხდება? ცხვირმოუხოცავი ბავშვი არის ქვეყნის მეორე პირი, პარლამენტის თავმჯდომარე. როდესაც ჩამოდიან უცხოელი სტუმრები და ამ ბავშვს ახვედრებენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, წარმომიდგენია, რა შთაბეჭდილება ექმნებათ ჩვენს ქვეყანაზე.
– რას შეცვლის ივანიშვილი?
– ადამიანი, რომელიც 5 წელია ქართველ ხალხს ტელევიზორში არ უნახავს, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ, მოვიდა და ჭადრაკის პაიკებივით აურია ეს შენი მთელი კონსტიტუციური ინსტიტუტები. ვიღაცა პოლიტსაბჭოდან გამოიყვანა, ვიღაცა შეიყვანა, ეს პოლიტიკა არ არის!
– აბა რა არის?
– ეს არის ქურდული მმართველობა საქართველოში, რომელიც ბევრად უარესია, ვიდრე შევარდნაძის და სააკაშვილის დროინდელი მართვის სტილი.
– რა გვითხრა ივანიშვილმა ამ ცვლილებით? რა პრინციპით გაუშვა და დატოვა პოლიტსაბჭოდან ადამიანები?
– პირველ რიგში, გაყარა ყველა პოლიტსაბჭოდან, ვინც გაბედა და ოდნავ მაინც გამოავლინა თავისი დამოუკიდებელი აზრი – გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ნუკრი ქანთარია დაისაჯნენ სამაგალითოდ იმისთვის, რომ მათ გამოთქვეს და გამოხატეს საკუთარი აზრი. ბიძინა ივანიშვილი არის ათეისტი, ლიბერასტი, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს და მართლმადიდებლურს! ხედავთ, ხომ ვინ შეიყვანა პოლიტსაბჭოში გედევან ფოფხაძის მაგივრად, თამარ ჩუგოშვილი! ამას კომენტარი არ სჭირდება.
– პროცესების რა განვითარებას მივიღებთ?
– ამის შედეგად არანაირ პროცესებს ჩვენ არ მივიღებთ. “ქართული ოცნება” არის ცალკე ორგანიზმი, ის არ არის ჩვენი ერის ნაწილი, ის არ არის ქართული. ქართული გვარები კი აქვთ, მაგრამ რაღაცა სხვა ხალხია, სხვა ჯიშია, ეგენი ჩვენთან არანაირ კავშირში არ არიან. პოლიტიკური პროცესები შეიძლება დაიწყოს ოპოზიციურ ფლანგზე.
– ოპოზიციაც რომ არ გამოიყურება მიმზიდველად?
– მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაც ძალიან დასუსტებულია და მესმის, რომ ხალხს ძალიან უყვარს ოპოზიციის კრიტიკა, ეს ოპოზიცია მაინც ჩვენი ნაწილია, ჩვენი ხალხია და რაც ერი, ის ბერიო, რაც ხალხია, ის ოპოზიციაა. ოპოზიციის ფლანგზე უნდა იქნეს გამოკვეთილი ეროვნული ცენტრი, ეროვნულმა ძალებმა უნდა მოახერხონ რაღაცა ფორმით კონსოლიდაცია. ჩვენ უნდა შევქმნათ დიდი ეროვნული კოალიცია. ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს პოლიტიკური პროცესი, თორემ ბიძინა ივანიშვილის კოლბაში პოლიტიკური პროცესი ვერ დაიწყება!
ჩუგოშვილი შეიყვანეს ფოფხაძის მაგივრად, მაგრამ ფოფხაძეც ისევე აქებს ივანიშვილს, როგორც ჩუგოშვილი. ანუ იქ ცოცხალი ორგანიზმი არ არსებობს. ცოცხალი ორგანიზმი თუ არ არსებობს, პროცესები როგორ დაიწყება? ამ კოლბაში ვირუსებიც კი არ არიან. საერთოდ არაფერია. მკვდარია!
– თქვენ ფოფხაძე ახსენეთ და ხომ არ ჯობდა თავიდანვე გამოეჩინა პრინციპულობა და დაეტოვებინა უმრავლესობა?
– გედი ჩემი მეგობარია და მე ვუთხარი მას, რომ ეს იყო უხეში პოლიტიკური შეცდომა მისი მხრიდან “ქართულ ოცნებაში” დარჩენა, როდესაც ნინია კაკაბაძის გამო აპირებდა გამოსვლას და ნინია კაკაბაძეც ძალაში დატოვეს და ზევიდან დაამატეს ჩუგოშვილი.
თავის გადასაწყვეტია. მე გედის ვუთხარი, თუ ის დარჩება ამ ყველაფრის შემდეგ “ქართულ ოცნებაში”, მე ვფიქრობ, რომ მას უკვე ქართველ ხალხთან მისასვლელი პოლიტიკურად აღარ ექნება.
– პარტიების ნაწილი, დაახლოებით ათამდე პარტიაზეა საუბარი, სააკაშვილის გარშემო ერთიანდება. საუბარია, რომ ეროვნული ძალები არ მოიაზრებიან მათ გვერდით. ანუ ოპოზიცია კვლავ რამდენიმე ჯგუფად დაიყოფა. ეს პროცესი არ დაგაზარალებთ?
– მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას აქვს ძალიან სპეციფიური პოზიცია. მათ ჰყავთ ელექტორატი, თუმცა აგრეთვე აქვთ ძალიან დიდი ანტირეიტინგი. მე მასთან ურთიერთობა არ მაქვს, არ ვიცი, რას ფიქრობს და როგორ უყურებს პროცესებს. თუმცა ერთი რამ მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით ვურჩიო: თუ მას მართლა უნდა ივანიშვილის დამარცხება, მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ არ უნდა დააყენოს კანდიდატი ამ არჩევნებში და ნაციონალური მოძრაობის ელექტორატმა მხარი უნდა დაუჭიროს არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთიან კანდიდატს.
– და თუ ეყოლათ თავისი კანდიდატი?
– როგორც კი ნაციონალური მოძრაობა დააყენებს თავის კანდიდატს, ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ამ არჩევნებს მოიგებს “ქართული ოცნება”. მესმის, რომ შეიძლება არ იყოს ეს მათთვის სასიამოვნო წასაკითხი, მაგრამ ეს არის 100%-ით სიმართლე და ამას წყალი არ გაუვა.
ნაციონალურ მოძრაობასა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის თუ გაიყოფა ხმები, ბიძინა ივანიშვილი მოიგებს. თუ ნაციონალურმა მოძრაობამ გაანალიზა ძველი შეცდომები და თუ მართლა უნდა ივანიშვილის დამარცხება, უნდა გადადგას ეს ნაბიჯი.
მათ ივანიშვილმა ბუას როლი დააკისრა. თუ მათ ეს როლი აწყობთ, მაშინ დააყენებენ თავის კანდიდატურას, ისე როგორც თბილისის მერის არჩევნებზე, ხოლო თუ ეს როლი არ აწყობთ და მართლა უნდათ სისტემის შეცვლა, მაშინ მე ვთქვი ჩემი აზრი და სხვა ალტერნატივა არ არსებობს!
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა