მაია ნიკოლეიშვილი – “რაც პროკურორმა ქალბატონმა დარბაზში დებოში ატეხა, სხვას ხულიგნობისთვის დაიჭერდნენ, მაგრამ მათთვის შეიძლება”

მაია ნიკოლეიშვილი - "რაც პროკურორმა ქალბატონმა დარბაზში დებოში ატეხა, სხვას ხულიგნობისთვის დაიჭერდნენ, მაგრამ მათთვის შეიძლება"ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია გულგრილს ვერავის ტოვებს. საქმის განხილვა სასამართლოში აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც თან დიდი ვნებათაღელვა ახლავს. რამდენიმე დღის წინ პროცესზე ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დაიკითხა და მისი დასკვნა სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდა.
რა დასკვნა დადო მაია ნიკოლეიშვილმა, რატომ დაუპირისპირდა მას როგორც ბრალდების მხარე, ასევე გარდაცვლილის დედა, რას მალავს პროკურატურა, კიდევ რა ტიპის იარაღზეა საუბარი, ვისი ინიციატივით ჩაერთო ის საქმეში? “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს თავად მაია ნიკოლეიშვილი პასუხობს.
– ქალბატონო მაია, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა პროცესზე თქვენს დაკითხვას და იმ დასკვნას, რომელიც წარმოადგინეთ. დავიწყოთ თავიდან. რომელმა მხარემ დაგიქირავათ, ვინ გთხოვათ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება და რა იყო ისეთი ამ დასკვნაში, რამაც ამხელა ვნებათაღელვა გამოიწვია?
– ექსპერტიზის ჩატარება მთხოვა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა და მისმა ოჯახმა.
– კერძოდ?
– მე მაინც დავიცავ გაუთქმელობის ხელწერილის პირობებს და მხოლოდ ვისაუბრებ იმაზე, რაც გაასაჯაროვა პროკურატურამ. სხვას მე ვერ გავასაჯაროებ, ვერ მივცემ თავს ამის უფლებას. ამიტომ გვარს ვერ დავასახელებ, თუმცა გეტყვით, რომ ის არის ბრალდებული, რომელსაც იცავს ინგა შარაშენიძე.
– გაჩნდა ვერსია, რომ დაცვის მხარე თქვენი დახმარებით ცდილობს, სასჯელი შეუმსუბუქდეს ეჭვმიტანილს.
– დაცვას აქვს უფლება, რომ მოიპოვოს მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მისი ინტერესების დაცვას. ამიტომ მიმართავენ ბრალდებულები ექსპერტებს და სხვადასხვა მტკიცებულებებს იძიებენ. ეს ჩვეულებრივი შეჯიბრებითი პროცესია. ორი მხარე არსებობს, დაცვა და ბრალდება და ორივეს თანაბარი უფლებები აქვს. ბრალდებამ მოიპოვა მტკიცებულებები და წარადგინა სასამართლოში განსასჯელად. დაცვამ დაიწყო მტკიცებულებების მოგროვება და იმანაც წარადგინა. აქ არც ერთს აქვს უპირატესი მხარე. ეს არის სასამართლო და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურამ რომ ბრალი დაასაბუთა, მან დაასაბუთა იმით, რაც მოიპოვა. ზუსტად ისეთივე უფლებით სარგებლობს დაცვის მხარე, მოიპოვოს თავისი მტკიცებულებები.
– და მოგმართეს თქვენ?
– ამისთვის მომმართა ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახმა, რომელსაც იცავს ინგა შარაშენიძე და დაისვა მთელი რიგი კითხვები. ხაზგასმით მინდა ვთქვა, იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კითხვები, რომლებიც დაისვა ჩემგან, ზუსტად იგივე კითხვებით მიმართა ადვოკატმა შარაშენიძემ პროკურატურას და უთხრა, რომ გთხოვთ ექსპერტიზებში გაითვალისწინოთ ეს კითხვები. თქვენ რომ ექსპერტიზას ატარებთ, სწორედ იქ დასვით ეს კითხვებიო. ზუსტად ის კითხვები, რაც ჩემთან არის და ამის შემდეგ იქვე დაუწერა, რომ გთხოვთ, თქვენ რომ ექსპერტიზას ატარებთ, იმაში მონაწილეობა მიიღოს ჩვენმა ექსპერტმაო. ანუ მაია ნიკოლეიშვილმაო.
გამოძიების ეტაპზე ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, ბევრი რამის დაზუსტება შეიძლება, ძალიან ბევრი შესაძლებლობაა გამოძიების ეტაპზე, განსხვავებით სასამართლო ეტაპისგან. ზუსტად მაშინ იყო წარდგენილი ეს კითხვები, დასაწყისში, დეკემბერში. იყო თხოვნა, რომ მომხდარიყო ამ ეტაპზე ჩემი ჩართვაც.
– არ ჩაგრთეს?
– მოგეხსენებათ, რომ არაერთი საქმეა, როდესაც მე გამოძიების ეტაპზე ვერთვები, პროკურატურა თანხმობას გამოხატავს და ჩვეულებრივად ვმონაწილეობ სხვა ექსპერტებთან ერთად და ბრალდება ამის წინააღმდეგი არ არის ხოლმე. არც ის პრეტენზიებია ხოლმე, რომ მაია ნიკოლეიშვილმა რაღაც გააფუჭა იქო.
– რა მოხდა ამ შემთხვევაში?
– ამ შემთხვევაში ყველა კითხვა გაიზიარა ბრალდებამ ექსპერტიზისკენ, ყველა ეს კითხვა დაუსვა, ერთადერთი მაია ნიკოლეიშვილის ჩართვაზე უარი თქვა იმ ექსპერტიზებში, რაც სამხარაულში ტარდებოდა.
– რატომ, მოტივი რა იყო?
– გვითხრეს, რომ თქვენ გაქვთ უფლება, თქვენ თვითონ ჩაატაროთ ექსპერტიზაო. ჩემს იქ ჩართვაზე უარი ითქვა. დღეს რომ კითხვები ისმის, ვითომ ახალი რაღაცეები ხდება.
– რა კითხვებზეა საუბარი?
– მე ამას ვერ გავასაჯაროებ. თქვენ რომ ნახოთ, იქ ისმება ისეთი კითხვები, რომელთაც სჭირდება გამოძიება. რა პრინციპი იყო განა, რომ ჩავერთე მაშინ, რაიმეს შევცვლიდი, რაიმეს გავუფუჭებდი თუ ვერ ვხვდები, რა იყო დასამალი?!
– რას მალავს პროკურატურაო, სულ ისმის ეს კითხვა.
– ასეთ დროს ყოველთვის იბადება ეჭვი. რატომ არ მრთავ, როცა სხვა ყველა შემთხვევაში უარი არ გითქვამს ჩემს მონაწილეობაზე? ან რატომ ტოვებ ამ დასკვნას 5 თვე სამხარაულში და ცაიტნოტში გვამუშავებ ჩვენ. 5 თვე რომ ექსპერტიზა მუშაობს და შენ რომ მხოლოდ 10 დღე გიწევს მუშაობა. იქიდან მარტო ერთი დღე ტანსაცმელზე.
ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან შეგნებულად გაჭიმული ვადები. იმიტომ, რომ მე უარი მეთქვა მაშინ ჩართვაზე. რა მოხდებოდა, ის 5 თვე მეც ვიქნებოდი მათთან ერთად ჩართული და ის კითხვები, რაც ახლა პროკურორს ებადება ჩემთან, მაშინ ამ კითხვებზე პასუხი გაეცემოდა იქ და საქმისთვის ეს იქნებოდა უკეთესი.
– რა მოხდა შემდეგ?
– საქმის მასალებს ვეცნობოდი, ვაწყობდი, საკმაოდ ტევადია ჩემი დასკვნა. ყველაფერს გავეცანი, დაწყებული სასწრაფოს ფურცლებიდან, ავადმყოფობის ისტორიებიდან, გვამის ექსპერტიზებიდან და ყველა ტიპის ექსპერტიზას, რაც კი არსებობდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, ექსპერიმენტი და ასე შემდეგ. მაგრამ ტანსაცმლის მიღება მხოლოდ 15 მაისს შევძელით.
წავიღეთ ერთი დღით, რომ არ ყოფილიყო მერე პრეტენზიები. ვატყობდი უკვე, საკმაოდ დაძაბული რომ იყო ეს ყველაფერი. თავის დაცვის მიზნით, რომ არ ეთქვათ, რამე დააზიანეთ, ან შეცვალეთო, მთელი პროცესი ვიდეოზე გვაქვს გადაღებული, თუ როგორ ვმუშაობდით ტანსაცმელზე. მერე ვინმეს რომ არ ეთქვა, სახე შეუცვალეთ ან მსგავსი რამ.
ამ დამოკიდებულებას ვგრძნობდი მხოლოდ პროკურატურის მხრიდან. ფაქტია, რომ რაღაცეები ხდებოდა ისეთი, რაც სხვა დროს არ ხდება ხოლმე. იგივე არჩართვა, გვიან წარმოდგენა დასკვნების და ასე შემდეგ.
– ამ ყველაფრის შემდეგ თქვენი დასკვნა მიიტანეთ სასამართლოში?
– დიახ, მივიტანე დასკვნა, ვიკითხებოდი სამი დღე ჩემს დასკვნასთან ერთად. სწორედ იმ დაკითხვის შუალედში მოხდა ის დებოში და ასე შემდეგ. ვინაიდან პროკურატურამ უკვე გახსნილად ისაუბრა ბრიფინგზე, ზუსტად ის შავტარიანი დანა, რომელიც მათ აჩვენეს კადრებში, სისხლიანი დანა, ზუსტად იმ დანაზეა უამრავი შეკითხვა. მასზე არსებულ კვლებზეა უამრავი შეკითხვა და დღეს ამ პირობებში ამ კითხვებს ვეღარ გაეცემა პასუხი და გაეცემოდა მაშინ, თუ ჩართული ვიქნებოდი იმ ეტაპზე, სადაც უარი მეთქვა.
– რა კითხვები იყო ამ კონკრეტულ დანასთან დაკავშირებით?
– ამაზე შეგიძლიათ ჰკითხოთ ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს, იმ ბრალდებულს ის იცავს და პროცესზე სწორედ კითხვაც კი დამისვა, რომ რას ნიშნავს ამ სისხლის კვლების განლაგება ამ დანაზე? მე ვუპასუხე მას და განვუმარტე. უბრალოდ, არ მინდა ამის საჯაროდ გამოტანა, რადგან იმ ჩარჩოდან შეგნებულად არ გამოვალ. გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს დაწერილი. თუმცა ზოგისთვის ყველაფერი შეიძლება ზოგისთვის – არაფერი.
– ამით რისი თქმა გინდათ?
– ის, რაც პროკურორმა ქალბატონმა დარბაზში გააკეთა და რა დებოშიც ატეხა, ამისთვის სხვას ხულიგნობისთვის დაიჭერდნენ, მაგრამ მათთვის შეიძლება. ვინმე რომ დანით და მაკრატლით შევიდეს სასამართლოში, არ შეიძლება, მაგრამ ამ საქმის პროკურორებისთვის შეიძლება. ერთმა დანა ამოიღო, მეორემ კიდევ – მაკრატელი ჩანთიდან. ამიტომ თუ ის გაასაჯაროებს, ალბათ არაფერს ეტყვიან, მე კი სხვანაირად მომთხოვენ პასუხს.
ეს განმარტება, რაც გავაკეთე დანასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად ის დანა აჩვენეს და ზუსტად ის კვლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთ-ერთი ბრალდებულის დანაშაულთან მიმართებაში.
– თქვენმა დასკვნამ გააღიზიანა როგორც პროკურორები, ასევე გარდაცვლილი დადუნაშვილის დედა. ის ძალიან აღელვებული იყო. ამ დრომდე მას საერთოდ არაფერი უთქვამს. ყოველთვის დუმდა.
– გარდაცვლილის დედაზე მე სიტყვასაც ვერ ვიტყვი. ის არის მხარე. მე მეორე მხარეს ვარ ჩართული. მე ვარ ბრალდებულის მხარეს და ის დაზარალებულია. სასამართლოში ყოველთვის არსებობს ორი მხარე, ამიტომ აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ეს მისი განცდაა. ან როგორ უნდა დაეთანხმოს ან რატომ უნდა დაეთანხმოს ექსპერტიზის დასკვნას. ამას არავინ არ ეთანხმება, ის განიხილება სხვა მტკიცებულებებთან ერთად.
– მაშინ რა მოხდა?
– უბრალოდ, იყო რაღაც მომენტები, რომლებიც აღმოჩნდა, ჩემი დასკვნით, აბსოლუტურად მიუღებელი პროკურატურისთვის, იმიტომ, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა უკვე ყველაფერი მთავრდება. ეს რომ თავის დროზე ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ისინი დიდი ინტერესით გამოყვებოდნენ ჩემ მიერ მიწოდებულ წინადადებას, რომ აქ მარტო ეს დანები კი არ არის, კიდევ სხვა იარაღია.
– ანუ რაღაც იმალება? ეს კითხვა ხშირად ისმის.
– მე უფრო მიზეზი რა მგონია, იცით? სასამართლო სამედიცინო და კრიმინალისტური ექსპერტიზა როდესაც ტანსაცმელზე ტარდება, სამწუხაროდ, ესენი ტარდება ცალ-ცალკე. იყო პრაქტიკა მიღებული, ამას ყოველთვის ატარებდა სამედიცინო ექსპერტი და ის ხალხი მართლა კომპეტენტურია. ექსპერტი როდესაც სხეულზე დაზიანებას ნახულობს, ის შემდეგ სხეულს ნახულობს, ტანსაცმელს ნახულობს, აი, ეს არის ყველაზე სრულყოფილი კვლევა.
წინა ხელისუფლების პირობებში ეს სამსახური გაიგლიჯა შუაზე და სხეულს ნახულობს სამედიცინო ექსპერტი და ტანსაცმელს, სრულიად იზოლირებულად, მოწყვეტით ნახულობს ტრანსოლოგი. მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ, ეს კი ამ ყველაფრის ხარისხს აგდებს. ძნელია, იმან წარმოიდგინოს, რა ხდებოდა აქ, ეს კომპლექსში უნდა განიხილონ. ეს ერთმა ადამიანმა უნდა გააკეთოს, რომელსაც თვალწინ აქვს სხეულზე არსებული დაზიანებებიც და ტანსაცმელზეც.
– ანუ ეს არის მიზეზი?
– თქვენ მკითხეთ, იმალება რამე თუ არაო და ასე რომ კეთდება ექსპერტიზა, სრულიად დასაშვებია, მოხდეს ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. მე როდესაც სხეულზე არსებული ყველა დაზიანება შევისწავლე, იქ იყო კითხვის ნიშნები, რომელთაც პასუხს გასცემდა მხოლოდ ტანსაცმელზე არსებული დაზიანება. როდესაც ტანსაცმელზე არსებული დაზიანება ვნახე, კრიმინალისტთან ერთად ვიმსჯელეთ ჩვენ, ცალ-ცალკე კი არ დავწერეთ და აი ამ კომპლექსურმა მიდგომამ და მერე გაანალიზებამ, მოგვცა ის, რომ არის კიდევ სხვა საგანი ორივე დაზარალებულის სხეულზე. დანების გარდა, არის კიდევ სხვა საგნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ეს ადრე არ ყოფილა ნათქვამი.
– რა სახის დაზიანებები გამოიკვეთა?
– არის ორმაგი დაზიანებები, მეტს ვერ დავაზუსტებ, რომელიც შესაძლებელია, მიყენებული იყოს განსხვავებული კონსტრუქციით და არა – დანით.
– მაკრატელზე გაკეთდა აქცენტი. თქვენს დასკვნაში ფიგურირებს მაკრატელი?
– მე ზუსტად ასე მიწერია, რომ ეს დანით არ არის მიყენებული, ამას კატეგორიულად ვამბობ, მაგრამ შესაძლებელია, მიყენებული იყოს ისეთი საგნით, რომელსაც თავის კონსტრუქციაში აქვს ორი დაბოლოება. დავუშვათ, მაკრატლის ტიპის, ნებისმიერი სხვა საგანი, რომელსაც კონსტრუქციაში აქვს ასეთი რამ. მე არ მითქვამს, რომ ეს მაკრატლით არის მიყენებული. ეს წინადადება მშვენივრად მოისმინა პროკურატურამ. ზუსტად ოცჯერ მკითხა და ოცჯერ დავუზუსტე. მოსამართლეს ზუსტად ასე ვუთხარი – არ იფიქროთ, რომ მე აქ შემომაქვს მაკრატელი, არავითარ შემთხვევაში, მე კატეგორიულად გეუბნებით, რომ არ არის დანით მიყენებული, მაგრამ ვარაუდის დონეზე ვამბობ, რა ტიპის საგანი შეიძლება იყოს.
– ითქვა, რომ მაკრატელი იყოს შემთხვევის ადგილზე და დააზუსტა პროკურატურამ, რომ ის ეკუთვნის სასწრაფოს.
– ამაზე ისაუბრა პროკურატურამ და უკვე მეც შემიძლია ღიად საუბარი. დიახ, მაკრატელი შემთხვევის ადგილზე იყო, ის ამოღებულიც იყო, მასზე სისხლის კვალიც აღმოჩნდა, გამოიკვლიეს, მაგრამ ასევე პროცესზე ითქვა, რომ ის დარჩა სასწრაფოს ექიმებს. ეს რაიმე სიახლე კი არ არის, ყველაფერი ცნობილი იყო, საქმის მასალებში დევს, მაგრამ პროკურორმა იქვე დაიწყო რატომღაც მაკრატელზე აპელირება და პროკურორმა გუგუშვილმა მაკრატელიც კი მოიტანა დარბაზში.
მე არსად დამიწერია, რომ ეს მაკრატლით არის მიყენებული! მათი მხრიდან ეს იყო შოუს ელემენტი! მე არსად ნახსენები არ მაქვს კონკრეტულად მაკრატელი, ან შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი მაკრატელი.
– ორივე გარდაცვლილის სხეულზეა აღმოჩენილი ამ უცხო საგნით მიყენებული ჭრილობები?
– ორივე სხეულზე მეორდება გარკვეული ელემენტები, რომლებიც ერთი და იგივე საგნით უნდა იყოს მიყენებული და რომელიც არ არის დანა.
– საით მივდივართ, რომ არის კიდევ სხვა პირი, რომელიც ამ საგანს ხმარობდა?
– მე ამის ასე ხელაღებით თქმა არ შემიძლია. იმ ხუთთვიან ექსპერტიზაში რომ ჩავრთულიყავი, ამ კითხვაზე პასუხი ხომ იქნებოდა?! ვისი ბრალია ეს ყველაფერი, მითხარით! საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უფრო ჰგავს ეს ყველაფერი. მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ პროკურორებმა, რომლებიც პროცესზე იყვნენ, ხელმძღვანელობას არ მიუტანეს ინფორმაცია სწორად! ზოგადად ვფიქრობ, რომ ისინი ხელმძღვანელობას არ აწვდიან სწორ ინფორმაციას, ვერ გააქვთ ეს ინფორმაცია.
– ვერ თუ არ?
– ან ვერ, ან არ! ხელმძღვანელობა კი უხერხულ სიტუაციაში ვარდება. მე ასეთი შთაბეჭდილება მექმნება. სწორედ ამიტომ არის ასეთი გაფუჭებული ტელეფონი, რომ ვერ ან არ გააქვთ ინფორმაცია, თუ რა ხდება პროცესზე.
– თქვენს დასკვნას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, აგრესიის ტალღა წამოვიდა სოციალურ ქსელში თქვენი მისამართით. მუსირებს აზრი, რომ თქვენ სოლიდური თანხის სანაცვლოდ ცდილობთ, ერთ-ერთ ბრალდებულს სასჯელი შეუმსუბუქოთ და ამიტომ საქმე სხვა კუთხით მიგყავთ. ბოდიშს გიხდით ასეთი უხერხული კითხვისთვის, მაგრამ უნდა მეკითხა.
– ამ ყველაფერს მე არ ვკითხულობ და ძალიან გთხოვთ, არც ამის მოსმენა მინდა. იცით, რა არის? დაზარალებულის მხარეს ხარ ჩართული, ბრალდებულის მხარე ამბობს ზუსტად იგივეს, ბრალდებულის მხარეს ხარ ჩართული, დაზარალებულის მხარე ამბობს. არ არსებობს საქმე, როდესაც ყველა არის კმაყოფილი. ეს არ ხდება. ერთი მხარე ყოველთვის ფიქრობს, რომ ის იმის სასარგებლოდ მუშაობს. რომელ მხარესაც არ უნდა იყო, მეორე მხარე იგივეს ამბობს ხოლმე.
მე სოციალურ ქსელში დიდი ხანია, არ შევსულვარ და მართლა არ წამიკითხავს ეს ყველაფერი! ხაზგასმით ვამბობ, პროკურატურა არაფრით არ დგას დაცვაზე მაღლა. მტკიცებულებების მოგროვების უფლება დაცვის მხარესაც ისევე აქვს. სამწუხაროდ, ამ პროცესმა აჩვენა ის, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი სერიოზული ხარვეზების შემცველია. გამოძიებას ჰქონდა 40 დღე და ასეთი ურთულესი საქმის დროს, მით უმეტეს, როცა ყველა დასაკითხი პირი ჩუმად იყო, მოწმეებისგან ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიიღეს და მე თავიდანვე ვამბობდი, რომ პროკურატურა ძალიან ცუდ დღეშია, ძალიან გაუჭირდება, რომ ასეთ მოკლე ვადებში რაიმე გამოკვეთოს.
– თქვენც საუბრობთ, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. რამდენად გაეცემა მათ პასუხები და რას ელოდებით ამ საქმისგან?
– მე არაფერს არ ველოდები, მე დასკვნა დავწერე, რომელზეც დავიკითხე და ჩემი დასკვნა და სხვა დასკვნები, ეს უკვე უნდა შეაფასოს მოსამართლემ. მას შეუძლია გაიზიაროს და შეუძლია არ გაიზიაროს. ზოგადად ამ საქმეზე ველოდები, რომ ის, რაზეც საუბრები იყო, ის, რაც მართლა შავ ლაქებად არის დარჩენილი, ერთი თუ არა ორი წლის მერე აუცილებლად გამომჟღავნდება. ამას ელოდება სარალიძის მამაც!
– თქვენ იზიარებთ მის პოზიციას?
– რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მე ხომ ბრალდების მხარეს ვარ ჩართული, მაგრამ აბსოლუტურად სოლიდარული ვარ მის მიმართ, ისიც იგივეს ელოდება. ვიცი, რომ ზაზა სარალიძე მიაღწევს იმას, რომ სიმართლე აუცილებლად დადგინდება. მე, ბრალდებულის მხარეს ჩართული ექსპერტი, ზაზა სარალიძეს ვუცხადებ აბსოლუტურ სოლიდარობას. რასაც ამბობს, მართალს ამბობს, ამის ნაწილი ჩემს დასკვნაში გამოჩნდა მტკიცებულებად!
როდესაც მე ვნახე, რა გააკეთეს პროკურორებმა პროცესზე შესვენების დროს, რა ძალადობის კერა იყო ეს, მე მჯერა იმის, რასაც ზაზა სარალიძე ამბობდა, რომ პროკურატურაში მას აი იმ პროკურორმა რამხელა შეურაცხყოფები მიაყენა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ასე იყო. მე რა დღეში ჩამაგდეს და ის დაზარალებულს უარესს უზამდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ დუმან მოწმეები. არავის ერთი სიტყვა არ უთქვამა!
შეიძლება ყველა ერთად დადუმდეს?! შესაძლოა, აქ არის კონკრეტული პროკურორების ფაქტორი. რაზე უნდა ვილაპარაკო, როდესაც პროკურორები ჩემი დასკვნის მერე მეუბნებიან, სისხლის სამართლის საქმეს აღგიძრავთო. ვიკითხებოდი სასამართლოზე და სწორედ იმ პროცესში იყო ჩემზე მუქარა. წარმომიდგენია, რა შეიძლება გააკეთონ მათ, როდესაც კაბინეტში მარტო არიან.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა