“მშიერი ბავშვი დახვდა, შეეცოდა და წამოიყვანა” – ზუგდიდში ცოლ-ქმარს ბავშვის მძევლად აყვანას აბრალებენ

"მშიერი ბავშვი დახვდა, შეეცოდა და წამოიყვანა" - ზუგდიდში ცოლ-ქმარს ბავშვის მძევლად აყვანას აბრალებენზუგდიდში ცოლ-ქმარი სამართალდამცველებმა საკუთარი სახლში დააკავეს და ზუგდიდის რაიონული პოლიციიის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
მეზობლები აღნიშნულ ფაქტს რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ.

„ბავშვის მშობლებს, რომელიც ჩვენმა მეზობელმა წამოიყვანა, მათი ვალი აქვს. საუბარია მათი მაღაზიიდან ნისიად აღებულ პროდუქტსა და თანხაზე, რომელიც ე.ა.-მ ბავშვის დედას სესხის სახით გამოუტანა. შეთანხმების მიხედვით, თანხა მათ უნდა გადაეხადათ, თუმცა ასე არ მოხდა. მივიდა სახლში, უნდოდა, ეს ქალი ენახა, თუმცა აქ მხოლოდ ბაბუა და ბავშვი დახვდა, რომელიც მისი შვილის კლასელია. მოუწესრიგებელი, მშიერი ბავშვი დახვდა, შეეცოდა და წამოიყვანა. ბაბუას უთხრა, რომ ბავშვს წაიყვანდა, რაზეც ბაბუაც დასთანხმდა, რადგად ასე ხშირად ხდებოდა. სულ ორი საათით იყო აქ, აჭამა, მოაწესრიგა, რა გატაცებაზეა საუბარი. მერე მოვიდა ვიღაც მათი მეზობელი, იყო კამათი და წაიყვანეს ბავშვი“, – ამბობენ დაკავებულის მეზობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი სამართალდამცველებმა ორი ადამიანი ზუგდიდში მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 144-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და ცხრიდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.