ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ – ”გიორგიმ ჩემს საქმიანობაზე არაფერი იცოდა”

ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ - ”გიორგიმ ჩემს საქმიანობაზე არაფერი იცოდა”ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღების საქმეზე დაკავებულ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათ გამოძიება ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ბრალდებულების ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა, გეგელაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, გოგებაშვილი კი არ აღიარებს.

კერძოდ, ადვოკატის თქმით, ნინო გეგელაშვილი აღიარებს, რომ ფსიქოტროპულ საშუალებებს ასაღებდა, თუმცა ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და ჯგუფურად მოქმედებას არ აღიარებს.

– რაც შეეხება გოგებაშვილს, ის კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტებთან კავშირს და ბრალს არ აღიარებს. თვითონ ნინო გეგელაშვილიც ამბობს, რომ გიორგიმ მის საქმიანობაზე არაფერი იცოდა. საქმის მასალები ახლა გადმომეცა. საკმაოდ მოცულობითია და საკმაოდ ბევრი ფარული ჩანაწერია. ბრალის დადგენილებიდან ჩანს, რომ საგამოძიებო ორგანო გეგელაშვილს მარტიდან უთვალთვალებდა და მათ მიერ ჩანერგილმა აგენტმა ორჯერ საკონტროლო შესყიდვაც განახორციელა, თუმცა მე მასალები არ მინახავს და არ ვიცი, ფიგურირებს თუ არა ამ მასალებში ორივე ბრალდებული, – განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

რაც შეეხება ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, ადვოკატის თქმით, ნინო გეგელაშვილთან მიმართებაში დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვს, გიორგი გოგებაშვილთან დაკავშირებით კი – მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.

ბოლო დღეებში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

ეგრეთ წოდებული „მკვლელი მარილის“ (ეფედრინი) კავშირი ბოლო დღეებში დაღუპული ადამიანების სიკვდილთან დადასტურებული არ არის, თუმცა საზოგადოების ნაწილი ამ შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს.

ექიმების ნაწილის მტკიცებით, კლინიკის მიხედვით (დაღუპულ ადამიანთა უმრავლესობა ძილში გარდაიცვალა) ახალი „მკვლელი“ ნარკოტიკი ეფედრინი არ არის, არამედ ოპიატია, რომელსაც ძილში სიკვდილი ახასიათებს. ის, სავარაუდოდ, ინტერნეტით იყიდება.