საქართველოში 465.410 უკიდურესად ღარიბი მოქალაქე ცხოვრობს

საქართველოში 465.410 უკიდურესად ღარიბი მოქალაქე ცხოვრობსოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 451.538 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს. 13.872 საქართველოს მოქალაქე კი ამ სტატუსის მინიჭების მოლოდინშია. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში 465.410 მოქალაქე ძალიან ღარიბია და თავს სოციალური შემწეობებით ირჩენს.

აპრილის თვის მონაცემებით, 130.750 ოჯახი ოფიციალურად ფიქსირდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში, 1.915 ოჯახზე დადებითი დასკვნა უკვე დაიდო, ანუ მიეცათ რეკომენდაცია, რომ ამ ბაზაში მოხვდნენ, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შესულა და სავარაუდოდ, მაისის თვიდან ისინიც შეემატებიან ძალიან შეჭირვებული მოქალაქეების ასეულათასიან არმიას. ხოლო 1.972 ოჯახი ითხოვს სოციალურად დაუცველის სტატუსს და სახელმწიფოსგან მოწყალების გაღებას ელოდება, რომ უკიდურესად შეჭირვებულთა სიაში მოხვდნენ, რომ ყოველთვიური მინიმალური დახმარება მიიღონ, რომ არსებობა შეძლონ.

ამ მონაცემებიდან ირკვევა ისიც, რომ უკიდურესად გაჭირვებული 30.605 ოჯახი და 98.969 პირი თბილისში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი 100.145 ოჯახი და 352.569 პირი დანარჩენ საქართველოში.

ეს არის ის მძიმე სტატისტიკა და რეალობა, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს და რომელ ქვეყანაშიც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ზრდა და უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს(?!)

“2020NEWS” გასული წლების სტატისტიკითაც დაინტერესდა. ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2012 წელს სოციალური დახმარებებისთვის სახელმწიფომ 140.922.420 ლარი გამოყო; 2013 წელს – 213.974.751; 2014 წელს – 281.974.751; 2015 წელს – 253.628.864 ლარი; 2016 წელს 270.190.066 ლარი; ხოლო 2017 წელს – 257.750.211 ლარი.

როგორც ამ მონაცემებიდან ირკვევა, ბოლო 5 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგებულია, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეების ყოფა წლიდან წლამდე გაუსაძლისი ხდება და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ადამიანი საჭიროებს არსებობისათვის საჭირო მინიმალურ დახმარებას.

ამ სტატისტიკაში ნიშანდობლივია ერთი დეტალი – საარჩევნო წელს სოციალურად დაუცველთა ბიუჯეტს რამდენიმე ათეული მილიონი ემატება.

როგორი იქნება 2018 წლის სტატისტიკა, ძნელი წარმოსადგენი არ არის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წელია, ბიძინა ივანიშვილი და „ქათული ოცნება” უკვე ჩაერთნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, ადვილად სავარაუდოა, რომ მათი ერთ-ერთი ძირითადი სამიზნეები სწორედ სოციალურად დაუცველები იქნებიან, რომლებსაც არსებობისათვის საჭირო მინიმალური თანხის სანაცვლოდ, საარჩევნოდ ხმებს გამოართმევენ. საარჩევნო არითმეტიკის მიხედვით კი, ეს ძალიან სოლიდური ციფრია.