სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულები გიორგი მიქელაძე და ფათიჰ იაუზი პატიმრობაში დატოვეს

სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულები გიორგი მიქელაძე და ფათიჰ იაუზი პატიმრობაში დატოვესსასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულები გიორგი მიქელაძე და ფათიჰ იაუზი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ბეჟანიშვილმა პატიმრობაში დატოვა. მან დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბრალდებულების პატიმრობიდან გასათავისუფლებლად საფუძვლიანი არგუმენტი და ახალი გარემოება დაცვის მხარეს არ წარუდგენია. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად მიიღო და საქმის არსებითად განსახილველად გადასცა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ბრალდებულ გიორგი მიქელაძის ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ გიორგი მიქელაძეს სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა არ ევალებოდა და უსაფუძვლოდ დააკავეს.
„ჩემი შვილი უდანაშაულოა და სასამართლოს ობიექტურობის მჯერა. გიორგის შვილები ჰყავს გასაზრდელი და სახლში გამოუშვან. ვინც იყო რეალურად სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, ის დაიჭირონ. გიორგი მიქელაძე სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არ იყო“, – განაცხადა ბრალდებულის დედამ, ნათელა მიქელაძემ.

როგორც გიორგი მიქელაძის ადვოკატი პაატა ბოლქვაძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დააკავეს და სწორედ აღნიშნული ექსპერტების დაკითხვა მომდევნო სასამართლო პროცესებზე მოხდება.

„გიორგი მიქელაძეს სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. ის იყო საწყობის უბრალო ხელმძღვანელი. ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაა“,- განაცხადა პაატა ბოლქვაძემ.

კიდევ ერთი ბრალდებულის, ფათიჰ იაუზის ადვოკატი კახაბერ წერეთელი ამბობს, რომ სასამართლო პროცესების დასრულებამდე ბრალდებულების პატიმრობაში დარჩენა მიზანშეწონილი არ არის, თუმცა, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

პროკურორის, რამაზ შავაძის განმარტებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს მტკიცებულება, რაც ბრალდებულების დანაშაულზე მიუთითებს.

„სისხლის სამართლის საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს მათზე ბრალად შერაცხული დანაშაული. საქმე არსებითად განსახილველად არის გადაცემული“, – აღნიშნა რამაზ შავაძემ.

დაკავებულებს გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
როგორც სასტუმროს იურისტი კახაბერ წერეთელი აცხადებს, სასტუმრო ახალი სახელწოდებით “ველმონდით” სატესტო რეჟიმში მუშაობს.
სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა.