”ტყუილს აქვს ფასი” – ანა დოლიძე დიმიტრი გვრიტიშვილს ხვალ სასამართლოში უჩივლებს

”ტყუილს აქვს ფასი” - ანა დოლიძე დიმიტრი გვრიტიშვილს ხვალ სასამართლოში უჩივლებსანა დოლიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ – იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხვალ საქალაქო სასამართლოში დიმიტრი გვრიტიშვილს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლებს.

საქმე ეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სამი თვის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ანა დოლიძე 2008 წელს რუსულ ორგანიზაციაში მუშაობდა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო ინფორმაციას აწვდიდა.

– ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს ერთხელ და სამუდამოდ კულტურა, რომ საზოგადო მოღვაწემ, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელობის სტატუსის მქონე პირმა, როგორიც მოსამართლეა, უნდა იცოდეს, რომ ტყუილს აქვს ფასი. ხანდახან რეპუტაციულად ძალიან ძვირი ფასი. მოსამართლე გვრიტიშვილმა მოიტყუა, როდესაც მან თქვა, რომ მე აგვისტოს ომის დროს ვიყავი რუსეთში. ეს არის მტკნარი სიცრუე. მე ვაპირებ, რომ მას ეს დავუდასტურო მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლოში და შესაბამისად მოვთხოვო ამ ტყუილის უარყოფა საზოგადოებრივი საშუალებებით, – განაცხადა ანა დოლიძემ.

თავად დიმიტრი გვრიტიშვილი კი სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილებას ელოდება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი სტატუსიდან გამომდინარე, რომ არ გაჩნდეს ეჭვები, შესაძლოა,  მან მონაწილეობა არ მიიღოს პროცესებში.

– საქმის განმხილველი მოსამართლისთვის მართლაც, რომ არ გამოიწვიოს ობიექტურად საზოგადოებაში ეჭვები ჩემი სტატუსიდან გამომდინარე შესაძლებელია, მივიღო გადაწყვეტილება, რომ  უშუალოდ არც მივიღო მონაწილეობა პროცესში და ეს წარმომადგენლის მეშვეობით განვახორციელო, -განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა და აღნიშნა, რომ მან იმის შესახებ, რომ ანა დოლიძესთან სასამართლო დავა მოუწევს, მედიისგან გაიგო.

რუსთავი 2