ზაზა სარალიძესთან მაკა ჩიჩუა მივიდა – ”მას აქვს ეჭვები, რომლებზედაც ცინიკურად პასუხობენ”

ზაზა სარალიძესთან მაკა ჩიჩუა მივიდა - ”მას აქვს ეჭვები, რომლებზედაც ცინიკურად პასუხობენ”– მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
– ტელევიზორთან ვიჯექი და ვეღარ ვძლებდი. ორი პატარა მყავს, მათთან ერთად ვიყავი დუშეთში და ვერ შევძელი უცებ, სპონტანურად გამოქცევა, მაგრამ ვერ გავძელი ნამდვილად. მე ვარ ამ ადამიანების გვერდით და პირველ რიგში თქვენ გვერდით, ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია. მე, როგორც დედა და ამ ქვეყნის მოქალაქე ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

მან თქვა, რომ ადამიანი, რომელსაც შვილი მოუკლეს ასე ტრაგიკულად, არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და მას აქვს ძალიან ბევრი კითხვა. მას აქვს ეჭვები, რომლებზედაც პასუხი ძალიან ცინიკური და უცნაურია.

– მე არ ვარ პროფესიონალი ამ საქმის, არ ვარ პროკურორი, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს უსამართლობის განცდა ემუქრება ყველას. ეს ამბავი უნდა გაირკვეს ბოლომდე, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ იცხოვროს უშფოთველ გარემოში, -განაცხადა მაკა ჩიჩუამ და აღნიშნა, რომ აქციაზე მისვლით თავისი  მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირა.