ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო – მას 40 წლამდე ციხე ემუქრება

აშშ-ში დაკავებულ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 40-წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმის დეტალებზე რამდენიმე დღის წინ სტატია New York Post-მა გამოაქვეყნა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ხურციძის წინააღმდეგ შესაძლოა ვიდეომტკიცებულებას ემუშავა. გამოცემის ინფორმაციით, ბრალდების მხარე აპირებდა ნაფიცი მსაჯულებისთვის წარედგინა რამდენიმე ვიდეომტკიცებულება, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ ემუქრება ან ესხმის თავს ადამიანებს ხურციძე ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სახელით.
„ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში ხურციძე სახეში ურტყამს მამაკაცს, რომელმაც, სავარაუდოდ, შულაიას მფლობელობაში მყოფი ერთ-ერთი სამორინედან ფული მოიპარა. შემდეგ შულაია სილას ურტყამს იმავე მამაკაცს და ამბობს, რომ თუ ფულს არ გადაიხდის, ამას შედეგები მოჰყვება“, – წერს New York Post-ი.
ავთანდილ ხურციძისა და რაჟდენ შულაიას საქმის პროკურორის ენდრიუ თომასის განცხადებით, „შულაია ნამდვილი ხელმძღვანელი, ხურციძე კი მისი ჯარისკაცი იყო“, თუმცა ხურციძის ადვოკატი, მეგან ბენეტი აცხადებს, რომ „ხურციძემ და შულაიამ ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს და ურთიერთობდნენ, თუმცა კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი არ ჰქონიათ“.
არსებითი განხილვა საქმეზე 5 ივნისს დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფება, რომელსაც რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაშიც ხურციძეც შედიოდა, არალეგალური ვაჭრობითა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობით იყო დაკავებული. სულ საქმეზე 30-მდე ადამიანია დაკავებული.
ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018