აზერ სულეიმანოვს ბრალი წაუყენეს

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა დატოვა. მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

პარლამენტის წევრი წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ის ასევე აცხადებს, რომ მოქალაქის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეში მონაწილეობა არ მიუღია.

“ეს პროკურატურის მორიგი პოლიტიკური თამაშია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების წინააღმდეგ. ეს იყო უბრალოდ შაბლონური კითხვები, მე არ ვარ დამნაშავე ადამიანი. ვითომ იყო ცემის ფაქტი, მაგრამ ერთი რამ არ მესმის: ეს ადამიანი, რომელიც იყო სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც იყო პირდაპირ ჩართვაზე, ეს ადამიანი რამდენიმე წელია “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია და მოვიდა და ჩემი თხოვნა იყო ეს. ადამიანი რატომ აკეთებდა განცხადებებს “ნაციონალური მოძრაობის” სახელით. გამოდის ასე, რომ “ოცნების” 2 წევრს შორის მოხდა დაპირისპირება და ივანიშვილის და თემურ აბაზოვის ადვოკატი გამოვდივარ პროკურატურაში. სულ იყო 2 წუთით ჩემთან ეს კაცი ჩაიხანაში, მეგონა რომ წავიდა სახლში და წავიდა “ოცნების” დეპუტატებთან. მე რა შუაში ვარ?”,- განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.

მიუხედავად პასუხისგებაში მიცემისა, აზერ სულეიმანოვისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

პროკურორი ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ მას ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, ამიტომ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად არასაპატიმრო ღონისძიებას – გირაოს მოითხოვს, თუმცა რამდენს, ჯერ უცნობია.

პროკურორის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დადგება თუ არა სულეიმანოვისთვის პარლამენტის წევრის სტატუსის შეჩერება საჭირო.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დღეს დილით დააკავეს.

ბრალი ასევე წარუდგინეს მარნეულის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან” რამინ ალახვერდიევს და აბაზოვის ნათესავს, ე.გ-ს. მათ გამოძიება ძალადობას ედავება.

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018