ანა დოლიძე – “ჩემს შვილს ვუყვები, რომ მქონდა მხოლოდ ორი წყვილი ფეხსაცმელი და არ მქონდა ბევრი სათამაშო”

თანამედროვე მშობლებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ შვილებთან ურთიერთობისთვის. გადატვირთული, სტრესული სამუშაო დღის დასასრულს ვეღარ ახერხებენ ბავშვებს დაუთმონ საკმარისი დრო. ამ მხრივ საინტერესო იქნება გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება ქალბატონმა ანა დოლიძემ, რომელიც 10 წლის ვაჟის დედაა და კარიერის განმავლობაში არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე უწევდა მუშაობა. ამჟამად კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია.

ანას საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს, ამიტომ დავინტერესდით, როგორ ზრდიდნენ მას მშობლები და როგორი მიდგომები აქვს საკუთარი შვილის მიმართ.

ანა დოლიძე:

– ჩემი ოჯახი მიეკუთვნებოდა იმ კატეგორიის ოჯახებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირში “ტექნიკურ ინტელიგენციას”
ეძახდნენ. მამაჩემი პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, მათემატიკოსი ვალერი დოლიძე, დედა ინჟინერი გახლდათ. ორივე მათგანი სახლში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ორ ფასეულობას – რეჟიმს და შრომას. რაც მახსოვს ჩემი ბავშვშვობიდან, ეს იყო ძალიან სერიოზული აქცენტი დისციპლინაზე, მოახლოვდებოდა თუ არა ცხრა საათი, ვიძინებდით. სულ გვასწავლიდნენ, რომ ყველაფერი შენით უნდა გააკეთო და მოიპოვო. მიგვანიშნებდნენ იმაზე, რომ რაც დაგვჭირდებოდა, ყველალფერი ჩვენით უნდა გვეყიდა სწავლის და ცოდნის მეშვეობით.

ძალიან შეძლებული ოჯახი არ გვქონია, პირიქით, ერთი ჩვეულებრივი საბჭოთა ოჯახი ვიყავით. ახლანდელი თაობის ბავშვებისგან განსხვავებით, ჩემი ბავშვობის დიდ პლუსი იყო დიდი  სათამაშო სივრცე, ეზო…  დღეს ბავშვებს არდადეგები აქვთ და სახლში არიან გამოკეტილნი, ვამბობ,  ეს ბავშვები ეტყობა
აივანზე უნდა გამოვფინოთ-თქო. ყველგან მანქანებია, წერილის დაწერა მინდა სათაურით “ტროტუარი ჩვენი არსობისა”, ეზო კი არა, სასიარულო სივრცეც აღარ გვაქვს უკვე.
ჩვენ კი სკოლიდან რომ მოვიდოდით და დავალებებს შევასრულებდით, ეზოში ვთამაშობდით. მეთვალყურეობაც ადვილი იყო, მშობლები კორპუსებიდან გვადევნებდნენ თვალს. სტადიონიც გვქონდა, საქანელებიც… ვფიქრობ, რომ გამიმართლა,რადგან პირობები მქონდა კარგად სწავლისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისთვის, სახლში სიმშვიდე სუფევდა…

– გადატვირთული დღის წესრიგის გათვალისწინებით, რამდენად ახერხებთ იყოთ თქვენი შვილის, ანდროს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართული?

– ვცდილობ, შესაძლებლობის ფარგლებში დავამკვიდრო, რომ მე ვარ ჩემი ცხოვრების გამგებელი, ჩვენს ქვეყანაში არ უდებენ გოგოებს თავში იმ აზრს, რომ თავად შეუძლიათ განაგონ თავიანთი ცხოვრება, ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ დაოჯახებამდე ჩვენს საქმეებში ერევიან მშობლები, შემდეგ კი მეუღლე . ყოფილა შემთხვევები, საბჭოს სხდომაზე მითქვამს, რომ ბავშვს აქვს ან ღონისძიება, ან ექიმთან არის წასაყვანი და არ მოვსულვარ. ხშირად მესმის ცნობილი ადამიანების შვილების პრეტენზიები, “მე სულ არ მაინტერესებს სამშობლო უნდა გადაგერჩინა, თუ ომი უნდა მოგეგო, მინდოდა მოგეხედა ჩემთვის”. ირაკლიც ძალიან ჩართულია ანდროს აღზრდის პროცესში. მიმაჩნია, რომ შვილი არის ჩემი პირველი პრიორიტეტი. მეორე პრიორიტეტი არის კარიერა და არა პირიქით. მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო მის ყოველდღიურობაში ჩართული. უკეთესი იქნებოდა, 6 საათზე სახლში ვიყო, ამიტომ ვცდილობ, შაბათ-კვირას ავანაზღაურო დანაკლისი. სხვათა შორის, რაც ამერიკელ და კანადელ ხალხს არ აქვს, ჩვენ გვაქვს. ეს არის სოციალური მხარდაჭერა. ჩვენთან არსებობს ტრადიცია, რომ ქალს დედა, დეიდა, ბებია, მამიდა, ახლობლები დაეხმარონ ბავშვის აღზრდაში.

– თუ ყოფილა შემთხვევა, როცა შვილს სჭირდებოდით და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე უარი გითქვამთ?

– ცალსახად მოვქცეულვარ ასე. დავდივარ ანდროს ყველა ღონისძიებაზე, ხშირად ვეკონტაქტები მასწავლებლებს, მეტსაც გავაკეთებდი, რომ შემეძლოს, მაგრამ სულ ვცდილობ, რომ ძალიან ჩართული ვიყო შვილის აღზრდის პროცესში, ეს არის ჩემთვის ნომერ პირველი საქმე.
მახსენდება ერთი შემთხვევა, უნდა მესწავლებინა დიუკის უნივერსიტეტში ზაფხულის სკოლაში და ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა, ვფიქრობდი, რა მექნა. მაშინ ჩემს დეკანს ვკითხე, რომელიც ძალიან ფემინისტია და სამი შვილის დედაა. მან მითხრა დაურეკე და უთხარი, რომ ბავშვი გყავს, კეთილი ინებონ და უზრუნველყონ, რომ შესაბამისი პირობები შეგიქმნან, თუ უნდათ, რომ შენ იქ ასწავლო. მსგავსი რამ ქართულ რეალობაში ცოტა წარმოუდგენლად მიგვაჩნია. მაგრამ თუ ჩვენს ხელისუფლებაში იქნებიან ფემინისტი ქალები, შევძლებთ გავაკეთოთ საბავშვო ოთახები. მაგ. მარტოხელა დედა რომ მოდის სასმართლო დავაზე, ბავშვს სახლში კი არ დატოვებს, მოიყვანს და სათამაშო ოთახში დატოვებს.

– თუ არსებობს რამე აკრძალვა რაზეც შეთანხმებული ხართ ანდროსთან, ან წესი, რომელსაც ანდროს სთავაზობთ და ის ემორჩილება …

– ჩვენ გვაქვს შეთანხმება, არ ვიცი ეს რამდენად სწორია, მაგრამ ვცდილობ, რომ ბალანსი შევინარჩუნო. მასში უნდა ჩამოყალიბდეს საკუთარი “მე”. ყველაფერს ვერ მოთხოვ და ვერ გააკეთებინებ ათი წლის ბავშვს. ამიტომ ჩვენ გვაქვს გარკვეული ტიპის შეთანხმება – რა არის მისი გამგებლობის სფერო და რა არის ჩარჩო. ჩარჩოში მოიაზრება რეჟიმი, რომელიც გულისხმობს სწავლას და ჰიგიენის დაცვას. დროზე დაძინებას, დროზე გაღვიძებას, დროზე ჭამას – ეს არის კონსტიტუცია, რომელიც არ უნდა დაარღვიოს (იცინის) დანარჩენს რაც შეეხება, მეგობრებთან ურთიერთობას და გართობას, ამას თვითონ წყვეტს.

– აღზრდის პლუსები და მინუსები, რაც ძველ თაობის მშობლებს ჰქონდათ და რაც ახალი თაობის წარმომადგენლებს აქვთ…

– მთავარი, მე რაც მომწონს ძველი თაობის აღზრდის მეთოდებში, ეს იყო არამატერიალიზმის განცდა. მე ჩემს შვილს ანდროს ვუყვები, რომ მქონდა ორი წყვილი ფეხსაცმელი და ორი წყვილი შარვალი და არ მქონდა ბევრი სათამაშო. ის თაობა იყო ბევრად უფრო არამატერიალისტური, სხვა ფასეულობებზე ორიენტირებული, ვიდრე არის ახლა. მაშინ იყო მინიმალისტური პირობები შექმნილი ცხოვრებისთვის. გვქონდა საცხოვრებელი სახლი, სუფთა ჰაერი, გასართობი ადგილები და პარკები, საჭმელი, სასმელი და არ იყო კონკურენციის ასეთი მძაფრი შეგრძნება ბავშვებს შორის, რასაც ახლა მატერიალიზმი ბადებს. დღეს იმაზეა საუბარი, ვის უკეთესი ტელეფონი აქვს, ასეთი მიდგომები ფართოდ არის სკოლებში გავრცელებული, რაც ბულინგის პროვოცირებას იწვევს ბავშვებში. არ მესმის, პატარა ბავშვებს რად უნდათ “აიპადი”. ვფიქრობ, რომ მეტი აქცენტი სულიერ ფასეულობებზე უნდა გადავიტანოთ და არა მატერიალურზე.

– როგორ გაიხსენებთ სტუდენტობის წლებს?
– როდესაც ჩავაბარე უნივერსიტეტში, მაშინ უნივერსიტეტი იყო კორუმპირებული, დაჭაობებული ადგილი, მე ვსაუბრობ 97-98 წლებზე. უნდა გებრძოლა, რომ მიგეღო კარგი ნიშანი, ნანახი მაქვს როგორ მოჰქონდათ ყუთობით მანდარინები და შამპანურები ჩემს კურსელებს ლექტორებისთვის, ნიშანი რომ დაეწერათ და ამ პირობებში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურის შოვნის შანსი არ მქონდა, არ ვიყავი პრივილეგირებული ოჯახიდან, ჩვენ ვიყავით ე.წ. უპატრონო ბავშვები, მაგრამ ძალიან მშრომელები და გაგვიჩნდა შესაძლებლობა დაგვეწყო მუშაობა საიაში პატრონის გარეშე. რაშიც ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა.

– აგრესია, რომელიც ვლინდება ბავშვებში და, სამწუხაროდ, ხშირად სრულდება ფატალურად… თქვენ, როგორც იურისტი, მშობელი, რაში ხედავთ გამოსავალს, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა?

– მეტი საჯარო სივრცე უნდა ჰქონდეთ ბავშვებს. ბავშვებმა უნდა დახარჯონ ტესტოსტერონი, რომელიც აქვთ დიდი დოზით თინეიჯერებს და აისახება მათ აგრესიულ ქცევაზე. სივრცეები უნდა იყოს ბევრი, უნდა დაკავდნენ სპორტული ცხოვრებით, უნდა შეეჯიბრონ ერთმანეთს სპორტში და მაშინ არ დაიწყებენ კუნთებზე ყურებას. პრევენციისთვის, უნდა შეიქმნას სახელმწიფო ინსტიტუტები, მედიაცია და არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული დასჯაზე. მაგ. ამერიკაში უფროსკლასელებს წვრთნიან და ისინი არიან ავტორიტეტული მესამე პირები, რომლებსაც სახელმწიფო აძლევს სპეციალურ სტატუს, რომ მომლაპარაკებლის როლი ითამაშონ. რაც მთავარია, უნდა გავაჩეროთ მშენებლები, ეს პრობლემა ძალიან მადარდებს, ადამიანები შოულობენ დიდ ფულს იმის ხარჯზე, რომ ჩვენი ბავშვები სახლში გამოვკეტოთ.

რუსკა კილასონია, მშობლები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018