ბათუმის ბულვარის მოწყობაზე 6.9 მლნ ლარი დაიხარჯება

წელს, ტურისტულ სეზონს ბათუმის ბულვარი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვასა და განვითარების ხელშესაწყობად, 6 949 297 ლარია გათვალისწინებული.

როგორც bm.ge-ს „ბათუმის ბულვარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ბულვარში უკვე მოეწყო იაპონური ბაღი, განახლდა საბავშვო მოედნები და ატრაქციონები. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანაპიროს გასწვრივ არსებულ სასეირნო ბილიკს. ჯამში 2100 კვ. მ. დაზიანებულ მონაკვეთებზე რკინაბეტონის ახალი საფარი დაიგო.

კაპიტალური პროექტების ფარგლებში, არდაგანის ტბიდან აკვაპარკამდე სასეირნო ბილიკზე ახალი დეკორატიული ფილები დაიგო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 100 კვ.მ მოცულობის სასეირნო ბილიკს. მოეწყო ბაზალტის ბორდიულები, პანდუსები და განახლდა შიდა საკომუნიკაციო სისტემები.

გარდა ამისა, ბათუმის ბულვარში, სანაპიროზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი მოეწყობა. ხის კონსტრუქციის ტრანსფორმირებადი ბილიკები 5 სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟდება, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთა და ეტლით მოსარგებლეთათვის.

როგორც „ბათუმის ბულვარში“ აცხადებენ, უკვე გამოცხადებულია ტენდერი, თანამედროვე სტანდარტების პიგმენტირებული ბეტონის ველობილიკის მოწყობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება განხორციელებულ სამუშაოებს, ტურისტული სეზონისთვის, ბულვარის მასშტაბით სრულად მოწესრიგდა განათების სისტემები და სამღებრო და აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა სპორტულ მოედნებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018