გიორგი ვაშაძე: “კვირიკაშვილი დიდი ხნის გასაშვები იყო – უტვინოებს და ყეყეჩებს ტელეფონზე არ ველაპარაკები”

“ახალი თაობის” კითხვებს “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე პასუხობს.
– ბატონო გიორგი, რატომ გაუშვეს გიორგი კვირიკაშვილი?
– რატომ არ უნდა გაეშვათ?! რას აკეთებდა რო?! რამდენი ხნის გასაშვები იყო ეს კაცი. ჩემი პოზიცია გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით თქვენ კარგად იცით, არაერთ ინტერვიუში გვისაუბრია ამაზე, რომ არ შეიძლება ასეთი ტიპის პრემიერი ჰყავდეს ქვეყანას, რომელსაც აქვს ბევრი გამოწვევა სიღარიბის და გაჭირვების კუთხით. თვითონ კი სულ იქებდა თავს, მაგრამ სამ რეფორმას თუ ვინმე დაასახელებს, რაც კვირიკაშვილმა გააკეთა თავის პრემიერობის პერიოდში, რომელმაც ქვეყანას დიდი პოზიტივი მოუტანა, კი ბატონო, დავეთანხმები.
– ბოლო დღეები აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ თქვენი და ქუმსიშვილის ფარულ სატელეფონო ჩანაწერს შეეწირა კვირიკაშვილის სავარძელი. ამ ინფორმაციის თანახმად, ქუმსიშვილი გეუბნებათ, მომიტინგეებს და სარალიძეს უთხარით, რომ კვირიკაშვილის კი არა, გახარიას და წულუკიანის გადადგომა მოითხოვონო. ამაზე რას იტყვით?
– ამ სატელეფონო ჩანაწერზე ერთი რამე შემიძლია ვუპასუხო, უტვინოებს და ყეყეჩებს ტელეფონზე არ ველაპარაკები. აი, ეს არის ჩემი კომენტარი მაგაზე. ჩემი დამოკიდებულება ქუმსიშვილთან და კვირიკაშვილთან დაკავშირებით, მე მგონი, ყველამ კარგად იცის. ფაქტობრივად ძალიან დიდი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად განადგურებულიყვნენ. იმიტომ, რომ არაფერს არ აკეთებდნენ ქვეყანაში. ყოველდღე ქუმსიშვილს მისდის ჩემგან წერილი არემჯი გოლდთან დაკავშირებით, სადაც ვითხოვ შეხვედრას და ვეუბნები რატომ გეშინია, რატომ არ მხვდებითქო?!
– თუ სიმართლეს არ შეესამება ეს ხმები თქვენს შეთანხმებასთან დაკავშირებით, მაშინ ვის რაში დაჭირდა ამის გავრცელება?
– ეს არის შავი პიარი და ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ზაზა სარალიძის პოლიტიზირება მოხდეს ამ პროცესში და ვითომ პოლიტიკური ხელი ურევია და ასე შემდეგ. ხელისუფლებას ძალიან ეშინია ამ პროცესის. მთავრობის გადადგომით ეს არ დამთავრდება. ვინც არ უნდა იყოს ახალ მთავრობაში, მათ მოუწევთ დასაჯონ ის ადამიანები, ვინც ხელს აფარებდა დამნაშავეებს.
– ხელისუფლება ცდილობს ზაზა სარალიძის წინააღდეგ შავი პიარის აგორებას?
– დიახ და აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია საკითხი, რომ მათ სურვილი აქვთ, გააფუჭონ, დააზიანონ ის პროცესი, რომ ვითომ ვაშაძე კარნახობდა ზაზა სარალიძეს, რა უნდა ექნა. უბრალოდ სამარცხვინოა ეს ყველაფერი! ამ სიბინძურის ტირაჟება არ იმუშავებს არავითარ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი იცის. უბრალოდ უნდათ, რომ ამ კაცს მიაკერონ იმიჯი, რომ ვიღაცის მართულია. ეს არ გამოვა. როგორ შეიძლება შვილმოკლული მამა ვინმემ მართოს?! მე რომ მის ადგილას თავს წარმოვიდგენ, არ ვიცი, რას ვიზამდი! სამი შვილის მამა ვარ და ეს ძალიან მძიმე თემაა. მაქსიმალურად ცდილობენ, რამენაირად ზიანი მიაყენონ ზაზა სარალიძეს, პოსტზე შეინარჩუნონ შს მინისტრი და გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან.
– ისევ სიტუაციიდან თავის დაძვრენის მცდელობაა?
– ვერ გამოძვრებიან! დამნაშავე უნდა დაისაჯოს და ხელს ვინც აფარებდა, ისიც უნდა დაისაჯოს! რამეს ტყუილს ამბობს ეს კაცი? გახარიამ არ დაიწყო ამ საქმის გამოძიება?! მერე გადაეცა პროკურატურას. ამიტომ ზაზა სარალიძის ნეგატიური დამოკიდებულება გახარიასთან მიმართებაში აბსოლუტურად ლეგიტიმურია.
– მამუკა ბახტაძეზე რას იტყვით?
– ყველას ღიმილს გვრის, როდესაც პრემიერმინისტრად ამ ადამიანის სახელი და გვარი გვესმის. მე ვფიქრობ, რომ სისტემურად არაფერი არ შეიცვლება ქვეყანაში. ერთადერთი, რასაც ცდილობს ივანიშვილი, ეს არის, რომ დროებით რაღაცნაირად დააცხროს სიტუაცია მთავრობის ცვლილებით. რაღაც მოლოდინი გააჩინოს ხალხში, მაგრამ ნეგატიური განწყობა ხალხის მხრიდან სახელების ცვლილებაზე კი არ არის, პირადად ივანიშვილზეა.
ხალხი გამწარებულია ივანიშვილზე, რომელმაც გადააგდო ეს ხალხი. არაფერს არ აკეთებს, არაფორმალური მმართველობით და ფაშასეული სინდრომით არის შეპყრობილი. მივიდეს და თვითონ დადგეს პრემიერად. აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, ეს უფრო სწორი პოზიცია იქნება. ხან ერთ ბატს შემოგვტენის ხოლმე და ხან მეორეს.
დღეს საქართველო “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში შესულია კატასტროფულ ნეგატიურ ციკლში პროცესების განვითარების. ამას ხელოვნურად პრემიერობის კანდიდატების დაყენება ვერ უშველის.
– აბა რა უშველის?
– ეს ისევ ფორმალობა და სახელების და გვარების ცვლილებაა. მითხრას ვინმემ, ბახტაძემ ან რკინიგზაში, ან ფინანსთა სამინისტროში რით დაგამახსოვრათ თავი?! რკინიგზაში ვიცით, რომ შემცირდა ტვირთბრუნვა, ლამის გაკოტრების პირას არის ეს სისტემა მისული, რაც ფინანსთა სამინისტროში მივიდა, ფეისბუქზე მისი სურათების მეტი არაფერი მომხვედრია თვალში და რა უნდა შევაფასოთ?! ან რა მოლოდინი უნდა გვქონდეს?! თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მთავრობის ცვლილებით ახლა ჭკუას ისწავლის “ქართული ოცნება”, ძალიან შემცდარა.
– რატომ გამწვავდა კვირიკაშვილის და ივანიშვილის ურთიერთობები?
– არ გამოვრიცხავ, რომ კვირიკაშვილმა ცალკე თამაშები დაიწყო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს უკავშირდებოდეს მის პოლიტიკურ ინტერესებსაც. არ გამოვრიცხავ, რომ ფულის კეთებაში გადაიჭრა ეს ყველაფერი და ესეც ცალკე პრობლემა იყო.
ვთქვათ, ცალკე თამაში დაიწყო, მაგრამ ცალკე თამაშს რომ იწყებ, საქმეც ხომ უნდა გააკეთო?! რა გააკეთა კვირიკაშვილმა, ერთი მითხარით რა?! მე სულ არ მაინტერესებს, რაზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და რა ვერ გაიყვეს. საბოლოო ჯამში ეს შეუთანხმებლობა იყო სკამზე ჩაბღაუჭების შეუთანხმებლობა. რა არის ეს არაადამიანური დამოკიდებულება სკამზე?! ვერ აკეთებ საქმეს? წადი რა! კვირიკაშვილის ნდობა რომ ბოლო პერიოდში კატასტროფულად იყო დავარდნილინ ესეც ხომ ფაქტიან არა?! მე სულ არ მაინტერესებსნ რა ვერ გაიყვეს კვირიკაშვილმა და ივანიშვილმა! მე ვიცი, რომ ეს სისტემა არის მთლიანად ჩამოსაშლელი. ქვეყანა იმყოფება კატასტროფულ მდგომარეობაში.
– ჩამოსაშლელია სისტემაო და ეს პროცესი რამდენად მოხერხდება უმტკივნეულოდ?
– მოხერხდება. ამ 10 დღიანმა აქციებმა აჩვენა, რომ მთლიანად მთავრობა გადადგა და რა აღარ მოხდა. პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერთონ ამ აქციებშიო, ამბობდნენ ვიღაც ვიღაცეები.
– იმის თქმა გინდათ, რომ ამ აქციებმა დააჩქარა ეს პროცესი?
– აბა რა ქნა?! კიდევ ერთი სიცოცხლე შესწირა ბიძინა ივანიშვილმა ამ ყველაფერს. მთავრობა შეიცვალა და მოუწია ამხელა მსხვერპლზე წასვლა. რა თქმა უნდა, სწორი იყო ჩვენი, პოლიტიკოსების ჩართვა. შეეცდებოდა ხელისუფლება, რომ ეს ყველფერი გადაეგორებინა არაფრით. დღეს კი ისე წავიდა პროცესები, რომ ახალ მთავრობასაც უნდობლობა აქვს საზოგადოების მხრიდან. ნახონ აბა ხალხის აზრი ამასთან დაკავშირებით. თვითონ “ქართულ ოცნებაში” დაიწყეს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი.
– დადგება დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების საკითხი?
– მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში. კრიზისული სიტუაციაა. დღეს პარლამენტში ზის 120 დეპუტატი, რომელსაც ნდობის ლიმიტი ამოწურული აქვს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018