გოჩა მირცხულავა – “რა ბედი ეწევათ ქუმსიშვილს და ალავიძეს? – ივანიშვილმა ბიუჯეტის ვირთხები უნდა დასაჯოს”

ექსპერტების მოსაზრება გამართლდა – დიმიტრი ქუმსიშვილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ვეღარ მოხვდა. მის ნაცვლად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ჩერქეზიშვილი დაასახელეს. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლოზ გაგუაა წარდგენილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი დავით ზალკალიანი დაასახელეს.
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქუმსიშვილის ჩაჩოჩება იწინასწარმეტყველა. ახლა ის არ გამორიცხავს, რომ ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ საქმეც აღიძრას.
რატომ არ წარადგინეს პრემიერად გიორგი გახარია, ვის და რა პრობლემებს შეუქმნის ქუმსიშვილი, რატომ არის აუცილებელი ბიუჯეტის ვირთხების დასჯა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” გოჩა მირცხულავა ესაუბრება.
– მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში დიმიტრი ქუმსიშვილი და მიხეილ ჯანელიძე ვერ მოხვდნენ. ორივე მათგანი გიორგი კვირიკაშვილის კადრად ითვლებოდა. ისინი მხოლოდ ამის გამო დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში?
– მე ვერ ვიტყოდი, რომ ქუმსიშვილი კვირიკაშვილის კადრი იყო. ყოფილი პრემიერის მსგავსად, წლების მანძილზე, ისიც ბიძინა ივანიშვილის კარზე იყო. ორივე მათგანს საერთო წარსული აქვთ – ქართუ ბანკი.
აქედან გამომდინარე, მთავრობაში ყოფნისას მათ ადვილად მოძებნეს შეხების წერტილები. ორივე მათგანს ეკავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა.
გაპრემიერებამდე კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მან გარკვეული ურთიერთობები დაამყარა უცხოელ დიპლომატებთან, უცხოურ ფონდებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რის შემდეგაც ის ერთგვარად ჩავარდა ხელისუფლების ხიბლში.
ამ ხიბლის მომენტი იყო ისიც, რომ ის მიხვდა, მას არ ჰქონდა ისეთი კაპიტალი, რომელიც ქვეყანაში პირველ ადამიანად ყოფნას სჭირდება. მას არც რაიმე მნიშვნელოვანი ბიზნესი ჰქონია. როგორც მახსოვს, ექსპრემიერის მამას აქვს რაღაც ბიზნესი.
– ეტყობა, კარგი ბიზნესი აქვს, რადგანაც ერთ ჯერზე შვილს 50.000 დოლარიც კი აჩუქა.
– კვირიკაშვილისთვის არც ეს თანხა იყო საკმარისი. მან ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის მეშვეობით შეძლო ხელისუფლებაში კორუფციული სქემების დალაგება. მთელი ამ ხნის განმავლობაში საგზაო დეპარტამენტის საქმიანობას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებებს აქტიურად სწავლობს სუსის ანტიკორუფციული სამსახური.
ამ უწყების შემოწმებას აუდიტის სამსახურიც იწყებს. შესწავლას ზურაბ ალავიძის მინისტრობის პერიოდი ექვემდებარება. ამ ადამიანმა თანამდებობა აპრილში დატოვა.
კორუფციული სქემები, რომლებზეც ზემოთ მოგახსენეთ, ძალიან საინტერესოდ დალაგდა, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ჩვენს ჰიპოთეტურ წარმოდგენაში შეიძლება იყო – როცა რაღაც პროექტებიდან თანხებს უბრუნებდნენ გარკვეულ პირებს.
ამ შემთხვევაში კორუფციული სქემები დალაგდა სახელისუფლებო ვერტიკალში, როდესაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მეშვეობით, თანხები რაიონებში განსახორციელებელი პროექტებიდან საფეხურებით მიდიოდა ზევით – ჯერ გამგებლებამდე, მერე გუბერნატორებამდე, მერე – კონკრეტულ მინისტრებამდე.
ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია დიმიტრი ქუმსიშვილის როლიც. საუბარია იმ პერიოდზე, როცა ის ფინანსთა მინისტრად მუშაობდა. სწორედ ეს უწყება იძლეოდა თანხებს კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად. უინტერესო არც ის პერიოდი იქნება, როცა მას ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა.
მისი მინისტრობით უკმაყოფილო იყვნენ ბიზნესმენები. ნებისმიერი გარიგების უკან აუცილებელი იყო ფული. სახელდებოდა კონკრეტული სახელები და გვარები, ვისთანაც ეს ფული მიდიოდა.
– ფულს ხელისუფლების წარმომადგენლები იღებდნენ?
– ამ შემთხვევაში პარტიის წევრებზე არ ყოფილა საუბარი. ბიზნესმენები ამბობდნენ, რომ თანხები ქუმსიშვილთან დაახლოებულ სამოქალაქო პირებთან მიდიოდა. ისინი, თავის მხრივ, კონკრეტულ ბიზნესმენებს საქმეებს უგვარებდნენ.
საუბრობენ იმაზეც, რომ პროექტით “აწარმოე საქართველოში” კვირიკაშვილის გუნდთან დაახლოებულ პირებს აკეთებინებდნენ ფულს.
– ხმამაღლა რატომ არაფერს ამბობდნენ ამაზე ბიზნესმენები?
– ამაზე სულ მიდიოდა საუბარი, მაგრამ ისინი ღიად ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლას ერიდებოდნენ. მათ ჰქონდათ იმის იმედი, რომ ხვალ ან ზეგ მათთვისაც გამონათდებოდა და ისინიც მიაღწევდნენ წარმატებას. ხმას თუ ამოიღებდნენ, მათ, შესაძლოა, ფინანსური ზიანი მიეღოთ, ამის გამო ისინი ღიად არ საუბრობდნენ.
– ახლა ალაპარაკდებიან ბიზნესმენები?
– ლაპარაკით ისედაც საუბრობდნენ. საუბრისთვის მზად არის ქუმსიშვილიც. იმ შემთხვევაში, თუ ხელს მოუჭერენ, თავის გადასარჩენად ის მზადაა, ყველაფერს მოყვეს. როგორც იტყვიან, პასტას ვერ გააგდებინებენ ხელიდან. ის მოყვება ყველაფერს, რაც მოსაყოლი იქნება.
რამდენად არის ექსპრემიერი დაზღვეული იმით, რომ მისი გვარი ამ ნაამბობში ნახსენები არ იქნება, ეს არ ვიცი.
– რომელ ექსპრემიერზე საუბარობთ, ივანიშვილიც ყოფილი პრემიერია.
– ამ შემთხვევაში კვირიკაშვილი მყავს მხედველობაში. ახსენებს თუ არა მის გვარს ქუმსიშვილი, ნამდვილად არ ვიცი. ძალიან ბევრი მაღალჩინოსნის მიმართ გაჩნდება კითხვები და ეს ჯაჭვი დასანგრევი გახდება.
– დაანგრევენ ამ ჯაჭვს?
– ეყოფა თუ არა “ქართულ ოცნებას” ამ ჯაჭვის დასანგრევად პოლიტიკური ნება, ვერ გეტყვით. არადა ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია. მმართველმა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძის და ივანიშვილის ფულს არავინ შეხებია – ხალხის და ბიუჯეტის ფულია შეჭმული.
“ქართულ ოცნებას” აქვს პოლიტიკური ვალდებულება, რომ ამაზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.
– სათანადო რეაგირებაში რას გულისხმობთ? არის იმის ალბათობა, რომ ყოფილი მინისტრები პასუხისგებაში მისცენ?
– ჯერ ადრეა იმისი თქმა, რა ბედი ეწევათ ქუმსიშვილსა და ალავიძეს, ამას მოვლენების განვითარებიდან შევიტყობთ. პოლიტიკაში შემობრუნებულ ივანიშვილს თუ სურს, რომ სახელმწიფოს კარგი საქმე გაუკეთოს, მაშინ ბიუჯეტის ვირთხები უნდა დასაჯოს.
კარგი იქნება, თუ თავის გარემოცვასაც მიხედავს, რომელიც მას არასწორ ინფორმაციებს აწვდიდა.
– რა ინფორმაციებზე საუბარობთ?
– მას ვიწრო გარემოცვა ქვეყანაში არსებულ ეკონიმიკურ ვითარებაზე არასწორ ინფორმაციებს აწვდიდა. ბატონმა ივანიშვილმა უნდა გაარკვიოს, რა მიზეზით აწვდიდნენ მას არასწორ ინფორმაციებს.
წინა კვირას მმართველი გუნდი შეეცადა, რომ ყველაფერი იუნისეფის კვლევამდე დაეყვანა, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ ეს კვლევა არაფერ შუაშია, თვეების განმავლობაში გროვდებოდა ინფორმაციები და ამის შედეგად მივიღეთ ის შედეგი, რაც წინა კვირას დადგა.
– თქვენ “ოცნების” დახურული შეხვედრის რაღაც ნაწილი გაასაჯაროეთ და იქვე აღნიშნეთ, რომ არ იტყოდით იმას, რაც ივანიშვილმა ქუმსიშვილს უთხრა.
– ამას არც ახლა გავაკეთებ. ძალიან მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი და მისი გასაჯაროება ადამიანურად არასწორია.
– მოდით, მთავრობის მიღმა დარჩენილ მიხეილ ჯანელიძეზეც ვისაუბროთ. თქვენი აზრით, მას რატომ შეელია “ოცნება”? მის მიმართ აგრესია ხალხში არ ყოფილა.
– ამ ადამიანის მიმართ მეც გარკვეული სიმპატიით ვიყავი განწყობილი. ის მშვენივრად ასრულებდა იმ დავალებებს, რომელთაც მას პოლიტიკური გუნდი აძლევდა. მაგრამ ქვეყნის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ კრიზისი არ დადგა, გადაწყვეტილებები არ მიიღება.
საინტერესოა, მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ანუ იმ პერიოდში, როცა კვირიკაშვილი პრემიერი იყო, რამდენი სხვა ქვეყნის მეთაური იყო საქართველოში ჩამოსული.
დასათვლელია ისიც, თუ რამდენ ქვეყანაში იყვნენ წასულები ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. იმ გამოწვევების წინაშე მდგარ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა 2 თვეში ჩაატევდა თავიდან ბოლომდე, რაც ამათ 2.5 წელი მოანდომეს.
ვერც სტუმარს იღებენ და ვერც თავად მიდიან ვიზიტით სადმე. ერთი აბრეშუმის გზის პროექტია და მის პოპულარიზაციასაც ვერ ახერხებენ.
– პრემიერობის კანდიდატ ბახტაძეს ელოდება თუ არა სკანდალები? წინა ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ კვირიკაშვილმა მოიპოვა უფლება, აუდიტის სამსახური რკინიგზაში შემოწმება ჩაეტარებინა. ბახტაძე სწორედ იქედან მოვიდა მთავრობაში.
– ეს უფლება კვირიკაშვილმა სასამართლოთი მოიპოვა. არ ველოდები რაიმე სკანდალს. რკინიგზაში არსებულ ვითარებაზე საუბარი წლების მანძილზე მიდიოდა. თავად ბახტაძესთან მიმართებაში უნდა ვთქვა ერთი რამე. თუ ის მომავალშიც თანამდებობაზე დატოვებს განათლების მინისტრს, ეს ძალიან ცუდი იქნება.
– ცუდი რატომ იქნება?
– ჩხენკელი, შესაძლოა, თავისი დარგის კარგი სპეციალისტია, მაგრამ კარგი მინისტრი ნამდვილად არ არის. მას სისტემის კონცეპტუალური ხედვა არ გააჩნია. მისგან ვერაფერი ღირებული ვერ მოვისმინეთ. არადა, არაერთხელ ვნახეთ ის კრიზისული ვითარებები, რაც სკოლებშია. განათლების სისტემა ფუნდამენტურად არის შესაცვლელი.
– ბახტაძის გარდა პრემიერის პოსტზე მოიაზრებოდა გიორგი გახარიაც, რატომ არ შეირჩა მისი კანდიდატურა? ხალხში ის ბევრად მეტი სიმპატიით სარგებლობს, ვიდრე პრემიერობის კანდიდატი.
– პრემიერის პოსტზე გახარიას წარუდგენლობა ეს არის ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მორიგი სისუსტის დემონსტრირება. ეს სისუსტე ერთსაც და მეორესაც საკმაოდ ძვირად დაუჯდება.
დავაკვირდეთ, რა ხდებოდა გახარიას თავს. მის მიმართ გაჩნდა რაღაც კითხვის ნიშნები, მაგრამ ძალიან მალე გაირკვა თუ ვინ იდგა ამის უკან.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, გახარია შედგა როგორც პოლიტიკური ფიგურა. არა მხოლოდ საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, არამედ თავად “ოცნებისთვისაც”.
– აბა რას ერჩოდნენ?
– ეტყობა, ამის გამო გახარიას ფაქტორი ივანიშვილს და მასთან დაახლოებულ პირებსაც აღიზიანებდათ. ის, როგორც ჩანს, ძალიან რთული სამართავია. შესაბამისად, მასთან გარკვეული გარიგებებიც შეუძლებელი იქნებოდა.
აბსურდია იმაზე საუბარიც, რომ შსს-ს ვერ მიატოვებდა, რადგანაც მისი შემცვლელი ვერ მოიძებნა.
– მისი წამოსვლა შსს-თვის მართლაც დანაკლისი იქნებოდა.
– მესმის, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ისეთი პერიოდები, როცა ამ უწყებას ლექსო ჭიკაიძე და კობა ნარჩემაშვილი ედგნენ სათავეში. ეს რომ გვახსოვს გადასარევად, ამიტომაც არ გვჯერა, რომ შსს ასე ვერ დატოვეს. გახარიას პრემიერობის მიღმა დატოვება ივანიშვილის შეცდომაა.
გახარია პოლიტიკურად მეტნაკლებად შემდგარი იყო. ამიტომ ვლაპარაკობ. მან შიდა ინტრიგები იცოდა და არც კაბინეტის შეკვრა არ გაუჭირდებოდა, რასაც მამუკა ბახტაძეზე ვერ ვიტყვი.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018