ზვიად კუპრავა – “ხელისუფლების შესახებ სკანდალურ ინფორმაციებს ქოცები მაწვდიან”

ვისთან გამართა შეხვედრები ევროპაში, რა ინფორმაციები მიაწოდეს სოზარ სუბარზე და მირზა სუბელიანზე, იყო თუ არა ზონდერი, რა ჭორებს უვრცელებს სუსი, რა მოსთხოვა გიორგი კვირიკაშვილმა ზაზა სარალიძეს, რას ითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრისგან? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება.
– თქვენ რამდენიმე წელია, რაც სერიოზულად აქტიურობთ. უამრავი სკანდალური ფაქტი გაქვთ გასაჯაროებული ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებზე. ამის გამო “ოცნება” კი გგმობდათ, მაგრამ ასეთი აგრესია თქვენ მიმართ არასდროს ყოფილა. რას არ გპატიობენ? აქციებს ამას ვერ დავაბრალებთ, რადგან თქვენზე შეტევები უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამოვიდოდა ხალხი ქუჩაში.
– მე რამდენიმე წელია, აქტიური ვარ და არაერთი საქმე მაქვს გახსნილი. ჩემ მიერ მოპოვებული თუ გამოძიებული საქმეები ძალიან ბევრ ჩინოსანს ეჩხირებოდა ყელში. ისინი ბუნებრივია ცდილობდნენ, ჩემ წინააღმდეგ კომპრომატები მოეძიებიათ. ასეთი რამე ბუნებაში რომ ყოფილიყო, ამას აქამდე გაასაჯაროებდნენ.
ერთ-ერთი მთავარი ბრალდება ჩემ წინააღმდეგ არის ის, რომ მე ვარ ზონდერი და 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევაში ვმონაწილეობდი. იმ ღამეს რუსთაველზე ფეხი საერთოდ არ დამიდგამს და ხალხს როგორ დავარბევდი.
– სად იყავით დარბევის ღამეს?
– წინა დღის ნამორიგევები ვიყავი და მთელი ღამე მეძინა. რუსთაველის გამზირზე ჩემი სხეული ფიზიკურად არ ყოფილა. დარბევის შესახებ მხოლოდ დილით გავიგე, როცა გავიღვიძე.
– იმ ვიდეოზე რას იტყვით, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და საიდანაც ჩანს, რომ თქვენ აქციაზე ხართ?
– ძალიან უნიჭოა სუსის უფროსი გომელაური. ეს ვიდეო კი დაამონტაჟა, მაგრამ სოციალურ ქსელში მისი დადებიდან ზუსტად 2 საათში ჩემს მეგობრებს ორიგინალი ვიდეო ვაპოვნინე.
მინდა თქვენმა მკითხველმაც იცოდეს, რომ ეს ორიგინალი ვიდეოც გასაჯაროებულია და ის ფეისბუქის გვერდზე მიდევს. დაინტერესებულ პირებს მისი ნახვა უპრობლემოდ შეუძლიათ.
ორიგინალ ვიდეოში აშკარად ჩანს, რომ ის პირი, რომელიც ვითომ მე ვარ, სინამდვილეში სულ სხვა ვიღაცაა. მეორეს მხრივ ის ბიჭი, რომელიც ორიგინალ ვიდეოშია დაფიქსირებული, მოქმედი პოლიციის უფროსია.
თავის მხრივ არც ეს ბიჭი არაფერს არ აშავებს იმ კონკრეტულ ვიდეოში, მხოლოდ მოძრაობს. ეს ვიდეო დაუმონტაჟებელი რომ იყოს და იმ ბიჭის ადგილას მართლა მე ვიყო, ეს ჩემს ზონდერობას ვერ დაამტკიცებდა, რადგანაც ის ბიჭი არავის არ ურტყამს.
“ქართული ოცნების” შს მინისტრი იყო ჭიკაიძე. მე რომ მაბრალებენ 26 მაისის დარბევაში მონაწილეობას, ამოიღონ მისი დოსიე. ჭიკაიძე მაშინ მეხუთე განყოფილების უფროსი იყო.
დოსიეში ეწერება, რამდენი რეზინის ტყვია გაატანეს იმ ღამეს ჭიკაიძეს. ამაზე მას ხელი ექნება მოწერილი. ისიც საინტერესო იქნება, რამდენი რეზინის ტყვია დააბრუნა უკან. არიან ბიჭები, რომლებმაც 26 მაისს 2 მჭიდი რეზინის ტყვია წაიღეს და ეს მჭიდები უკან ხელუხლებელი დააბრუნეს.
“ქართული ოცნების” მიერ დაწინაურებულ ადამიანებს უკან არცერთი რეზინის ტყვია არ დაუბრუნებიათ. ყველა ტყვია აქციაზე გამოიყენეს. ჰაერში რეზინის ტყვიებს არ გაისროდნენ, ბუნებრივია, ხალხს ესროდნენ. მე ხომ მაბრალებენ 26 მაისის აქციის დარბევას და ამის გამო დამნაშავეს მეძახიან. თუ ეს დარბევა დანაშაულია, მაშინ რატომ აწინაურებენ იმ ხალხს, რომლებიც აქციის დარბევაში მართლა მონაწილეობდნენ.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ვითხოვ. შესაბამისად გახარიას, როგორც ჩინოსანს, ჩემზე მეტი მტერი არ ჰყავს – როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა, აქტიურად ვაზიანებ მას, ათასი რამე გავუვრცელე, მათ შორის ის, ნასვამი რომ იჯდა საჭესთან და პატრულმა დააკავა. შს მინისტრისთვის სერიოზული დისკომფორტი ვარ.
მივმართავ გიორგი გახარიას, კეთილი ინებოს და ამოიღოს ის დოკუმენტები, თუ სად ვიყავი 2011 წლის 26 მაისის ღამეს. შესაძლოა, შსს-მ ამაზე თქვას რომ ეს საიდუმლო ინფორმაციაა და ვერ გაასაჯაროებენ. ფეისბუქ-ტროლების და ბოტების მეტი რა ყავთ – მიხეილ უკრაინოლოგით დაწყებული ტერენტი გლდანელით დამთავრებული. რომელიმე მათგანს ჩაუგდონ ჩემ შესახებ ინფორმაცია და გაასაჯაროებინონ. გააკეთებდნენ კიდევაც ამას, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი არა აქვთ.
ეს რაც შეეხება 26 მაისის დარბევას. ისაც გეცოდინებათ, მკვდარი ზღვის მოკვლასაც რომ მე მაბრალებენ. ამბობენ, წყნარი ოკეანეც კუპრავამ დააწყნარაო.
– ზღვა და ოკეანე არ ვიცი, მაგრამ მეტროს მემანქანეების გაფიცვაც თქვენ დაბრალდათ. ვიღაცამ თქვა, კუპრავა მეტროს პატრულში მუშაობდა და მემანქანეებს კარგად იცნობდაო.
– ამ ბრალდების შესახებ საქართველოში დაბრუნებულმა გავიგე ჟურნალისტებისგან. როცა მკითხეს სად იყავიო, ვუთხარი ტიბეტში დალაი ლამას შევხვდი და მისი თხოვნით ტიბეტელი მემანქანეების გაფიცვას ჩავუდექი სათავეში- თქო. აბა, ამ აბსურდზე სერიოზულ პასუხს ხომ ვერ გავცემდი.
– ისე სად იყავით სინამდვილეში? უკრაინაში გამართეთ მართლა შეხვედრები?
– არ ვყოფილვარ უკრაინაში და რა გავაკეთო. კი დამაფიქსირეს იქაურ აეროპორტში, მაგრამ ნეიტრალურ ტერიტორიაზე დავრჩი და საზღვარი არ გადამიკვეთია.
– აბა სად იყავით?
– ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში.
– ჰოლანდიაში ხომ არა? მიშას უნდა შეხვედროდაო და იქაა ის კაცი.
– სხვათა შორის, არც ჰოლანდიაში არ ვყოფილვარ და არც მიშას შევხვედრივარ.
– ერთ-ერთი ვერსიით, მიშა სააკაშვილის მარჯვენა ხელს, დავით საყვარელიძეს, შეხვდით. ამაზე რას იტყვით?
– საყვარელიძეს არ შევხვედრივარ. მასთან ერთადერთხელ ვარ შენახვედრი და ესეც რამდენიმე წლის წინ იყო. ისიც თქვეს, თითქოს მე გია ლორთქიფანიძესაც ვესაუბრე. არც ესაა სიმართლე. ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ.
ისიც მკითხეს, სანდრა რულოვსიც თქვენთან ერთად წავიდა ევროპაში და მას ხომ არ შეხვდიო. რა სისულელეა, სანდრას რატომ უნდა შევხვედროდი, არ მესმის.
– სანდრა პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე იყო მოსული და ალბათ იქ შეხვდებოდით.
– აქციაზე იყო მოსული, მაგრამ იქაც არ შევხვედრივარ. მისი იქ ყოფნის შესახებ მაშინ გავიგე, როცა მიდიოდა. ცოტა ადრე რომ გამეგო, მივიდოდი და მადლობას ვეტყოდი გვერდში დადგომისთვის.
– აბა ვის შეხვდით ევროპაში?
– იმ ხალხს, ვინც სერიოზულ ინფორმაციებს მაწვდიდა მთელი ამ დროის მანძილზე. ეს ადამიანები ხელისუფლების წარმომადგენლების ყოფილი მეგობრები არიან.
ხელისუფლებას რა ჰგონია, რომ სკანდალური ინფორმაციები, რომლებსაც ამ დროის მანძილზე ვავრცელებდი, მესიზმრებოდა? ისევ ქოცები მაწვდიდნენ. მათგან ვიცი, როგორ ჭამენ და ხოცავენ ერთმანეთს ხელისუფლების წარმომადგენლები.
აქ სერიოზული კლანური დაპირისპირებაა და ამ კლანებისგან მაქვს ეს სკანდალური ინფორმაციები. საზღვარგარეთ გავედით მხოლოდ იმიტომ, რომ ყსაფრთხოება უფრო მეტად ყოფილიყო დაცული.
– აქ არ იქნებოდა შეხვედრა დაცული?
– აქ შეუძლებელი იყო ამ შეხვედრის გამართვა. საქართველოში ადგილი არ არის, სადაც თან არ გამომყვებოდა სუსი. საქართველოს ვინ ჩივის, საზღვარგარეთ გამომაყოლეს ხალხი. თვითმფრინავში სუსის თანამშრომლებს უამრავი სურათი გადავუღე.
ამ აგენტების სურათებს აქტიურად ვაგროვებ კოლექციის სახით და ერთ მშვენიერ დღეს გამოვფენ.
– ევროპიდან დაბრუნების შემდეგ თქვით, რომ იქ სუბარზე და სუბელიანზე მოგაწოდეს ინფორმაცია.
– ასეა. სუბელიანს და სუბარს საერთო სამეგობრო ჰყავთ, ხელისუფლების გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ჩემთან თანამშრომლობენ. ეს ხალხი იმიტომ თანამშრომლობს ჩემთან, რომ წლებია, წყაროს ვინაობა არ გამითქვია და არც არასდროს გავთქვამ.
ამ ადამიანებისგან ახლაც საინტერესო და კონკრეტული ინფორმაციები მივიღე. მათაც აინტერესებდათ, რას ვაპირებ მომავალში და მომავალ გეგმებზე მკითხეს. მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები ძალიან მგულშემატკივრობენ.
– თქვით, რომ ამ ადამიანებისგან კონკრეტული ინფორმაციები მიიღეთ. რაიმე ახალ სკანდალს ხომ არ უნდა ველოდოთ?
– სკანდალური ინფორმაციები არის, მაგრამ ჩვენი ქმედება გარკვეულ ტაქტიკაზეა დაყრდნობილი.
– ხორავას ქუჩის საქმეზე რაიმე ახალი დეტალებიც ხომ არ გაარკვიეთ?
– სიახლეებიც არის. ახლა რამდენიმე დეტალს ვაზუსტებთ. გავიგეთ, რომ მირზა სუბელიანს, ციხიდან მერაბიშვილის გაყვანის კადრების გარდა, კიდევ სხვა რაღაცეებიც აქვს.
– რა შეიძლება ჰქონდეს?
– ბევრი რაღაც რა არის, ზუსტად ვიცით, მაგრამ რაღაც დეტალებს მაინც ვაზუსტებთ. გულხედაკრეფილები არ ვსხედვართ.
– ამასობაში პარლამენტში მუშაობა დაიწყო დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. რომლის იმედიც, ხელისუფლების გარდა, არავის არა აქვს. თქვენი აზრით, შეუძლიათ რამის გაკეთება?
– ყველანაირი მტკიცებულება განადგურებულია და საქმის გამოძიება ფიზიკურად ვერ მოხდება. საქმე რომ გამოიძიო, რაღაცას ხომ უნდა ჩაეჭიდო, ჩასაჭიდებელი არაფერი აღარ დარჩა – დანები მიღუნულ-მოღუნულია, მტკიცებულებები გამქრალია. საქმეზე არაფერი აღარ არსებობს.
უბრალოდ ვიცით, ვინ არიან დამნაშავეები. იმათ თუ მიადგებიან და დაიჭერენ, ეს არის და ეს.
– სახალხო დამცველთან დაკავშირებითაც გქონდათ პრეტენზიები. რამდენიმე დღის წინ ის მწვავედ გააკრიტიკეთ. რა ხდება?
– ახლა მას მინდა მადლობა ვუთხრა. 6 ივნისს ტელევიზიით გამოსვლაში მან განაცხადა, ზვიად კუპრავას როლი ხორავას ქუჩის საქმეში არის გადამწყვეტიო. ის რომ არ ყოფილიყო, ეს საქმე ამ დონემდე არ იქნებოდა მიყვანილიო. თქვენი გაზეთით მინდა ვისარგებლო და რამდენიმე დღის წინ გაკეთებული მწვავე განცხადების გამო მას ბოდიში მოვუხადო. ამასთან, მიმაჩნია, რომ კრიტიკა საფუძვლიანი იყო. მე უსაფუძვლოდ არავის არ ვაკრიტიკებ.
– სოციალურ ქსელში მიზანმიმართულად მიმდინარებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის დისკრედიტაცია. ამაზე რას იტყვით?
– ეს არის უსინდისობა და აღვირახსნილი ქმედება. სადაც ვაკის პარკში ზაზა სარალიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იქ რატომ გიკვირთ, რომ ტროლებს მოკლულ ბავშვზე სიბინძურეებს დააწერინებენ.
აღვირახსნილ ადამიანებს რა უნდა მოსთხოვო. ძალიან ბინძური შავი პიარი მიდის, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
ხელისუფლება ფაქტიურად მთლიანად ჩამოშლილია. ის შეტევა, რაც ჩვენ ახლა სისტემის მიმართ გვქონდა, რაც ბიძინა მოვიდა, საქართველოს არ ახსოვს. ასეთ რამეს ვერავინ ვერ ბედავდა, მათ შორის ვერც ოპოზიცია.
ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, რადგან უკანდასახევი გზა არ არსებობს – საქმე ჩვენი შვილების უსაფრთხოებას ეხება. ეს არის დიადი საქმე, რომლის გამოც თავის გაწირვაც ღირს. პირადად მე ყველაფრისთვის მზად ვარ. რამეს თუ მომიწყობენ, არც მაგის არ მეშინია.
სუსის ტროლებმა რამდენიმე დღის წინ ის ინფორმაციაც კი გაავრცელეს, თითქოს მე საკუთარ სახლში გარდაცვლილი მიპოვეს. ყველაფერს კადრულობენ, უნდათ, ფსიქოლოგიურად გამტეხონ. მიგზავნიან ვიღაცეებს, რომ გავჩერდე.
აქციების მიმდინარეობის დროს ჩემთან ერთი კაცი მოვიდა, მითხრა, სოჭიდან ჩამოვედიო. თავი, როგორც ჩემმა გულშემატკივარმა, ისე გამაცნო. მითხრა, უშუალოდ პუტინის გარემოცვიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა შენ ამას არ გაპატიებსო.
– და თქვენ არ დაუჯერეთ?
– კაცი თავს დებდა, პუტინის გარემოცვის გარემოცვა ვარო და 20 ლარიანი ტელეფონი ეკავა. დავემშვიდობე და გომელაურთან დავაბარე მოკითხვა.
– ზაზა სარალიძის და პრემიერის შეხვედრას თქვენ არ დაესწარით, მაგრამ იმის გამო, რომ ზაზა თქვენი მეგობარია, ბევრად მეტი გეცოდინებათ.
– როგორ არ ვიცი. ამ შეხვედრაზეც გამოჩნდა, რომ ის არის ჩამოშლილი. კვირიკაშვილი 31 მაისს, აქციაზე ჩამოიშალა და მას შემდეგ მხოლოდ ბუტაფორია ფა ცვილის ფიგურაა, რომელსაც აწერია, რომ პრემიერია. რეალურად ქვეყანაში პრემიერი არ გვყავს.
აქციაზე ხალხმა ბოთლები რომ ესროლა, წესით, მაშინვე უნდა წასულიყო, მაგრამ ჯერ თავს იკავებს. ეგ არაფერი, წასვლისთვის ძალიან მალე მივცემთ სტიმულს. ჩვენ პროტესტის გამოხატვა არ გვეზარება. მინდა ისიც იცოდეთ, რომ კვირიკაშვილის გადადგომით ყველაფერი არ მთავრდება, სისტემაა მთლიანად ჩამოსაშლელი.
პრემიერების შეცვლა რომ სიტუაციას არ ცვლის, ეს აშკარაა. ღარიბაშვილი წავიდა და მაგაზე უარესი მივიღეთ კვირიკაშვილის სახით.
– რითია კვირიკაშვილი ღარიბაშვილზე უარესი?
– ის საჯაროდ არ იგინებოდა და ხალხს თითებს არ უქნევდა.  31 მაისს აქციაზე რომ მოვიდა, მე მიქნია თითები. ეს კარგად ჩანს რუსთავი 2-ის მიერ გადაღებულ კადრებში. მთავრობის მეთაური რიგით მოქალაქეებს და მთავრობის წევრებს თითს რომ დაუქნევს, იქ დამთავრებულია მისი ამბავი.
რაც შეეხება მისი და ზაზა სარალიძის შეხვედრას. მან ზაზას პირდაპირ უთხრა. კუპრავას გვერდით რატომ დგახარ, ზონდერია და 26 მაისის აქციას არბევდა. ამას როცა ამბობდა, გვერდით შს მინისტრი ეჯდა. გახარიას მაინც არ შერცხვა ამ განცხადების მერე?! პრემიერის დონეზე რომ კეთდება განცხადება ჩემს ზონდერობაზე, მოვიდნენ და დამიჭირონ, თუ ეს სიმართლეა.
ფეისბუქტროლებთან ბრძოლას არ ვაპირებ, მაგრამ როგორც კი რაიმე ფაბრიკაციას დადებენ ჩემზე, ეგრევე წავიღებ ამ ვიდეოს თუ ფოტოს ექსპერტიზაზე. ამ ტყუილებით ვერაფერს დამაკლებენ, თავად კი ბევრ რამეზე მოუწევთ პასუხისგება.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018